ახალი ამბები

ბახტაძე: დარწმუნებული ვარ ჩვენი ბავშვები ისევე შეიყვარებენ “დედაენას”, როგორც წინა თაობები

15 ივლისი, 2019 • 1203
ბახტაძე: დარწმუნებული ვარ ჩვენი ბავშვები ისევე შეიყვარებენ “დედაენას”, როგორც წინა თაობები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, იაკობ გოგებაშვილის “დედაენის” სასწავლო პროგრამიდან ამოღება უპასუხსიგმებლო ადამიანების შემოქმედების შედეგი იყო, რამაც საზოგადოების სამართლიანი და ობიექტური გულისწყრომა გამოიწვია, სექტემბრიდან კი “დედაენა” სკოლებში ბრუნდება და წიგნს ყველა პირველკლასელი უფასოდ მიიღებს:

„მაშინდელი ეპოქისთვის და მაშინდელი პატრიოტებისთვის წერა-კითხვის გავრცელება იყო ეროვნული იდეა. ისინი სწორედ წერა-კითხვის გავრცელებაში ხედავდნენ ქართველი ერის გადარჩენას. დღეს ჩვენც გვაქვს ეროვნული იდეა და ეს არის განათლება. საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი ხელისუფლება ვალდებული იქნება, ბიუჯეტის მეოთხედი – 25 პროცენტი მიმართოს განათლებაზე.

ეს არის ერთადერთი გარანტი იმისა, რომ საქართველო შედგება როგორც წარმატებული და ერთიანი ქვეყანა 21-ე საუკუნეში. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც შეძლო, რომ ჩვენ ქართულ სკოლებში დაგვებრუნებინა „დედაენა“. სექტემბრიდან ყველა პირველკლასელი უფასოდ მიიღებს იაკობ გოგებაშვილის „დედაენას“ და, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბავშვები, ისევე როგორც მომავალი თაობები, შემდეგი საუკუნეების განმავლობაში ისევ შეიყვარებენ ქართულ „დედაენას“, ისევე, როგორც უყვარდათ ჩვენ წინა თაობებს და ისევ, როგორც გვიყვარს ჩვენ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ახალი თაობები ისევე შეიყვარებენ ქართულ “დედაენას”, როგორც წინა თაობებს უყვარდათ:

სექტემბრიდან ყველა პირველკლასელი უფასოდ მიიღებს იაკობ გოგებაშვილის „დედაენას“ და, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბავშვები ისევ ისე შეიყვარებენ ქართულ „დედაენას“, როგორც უყვარდათ წინა თაობებს. დღეს ამ უმშვენიერესი ადგილიდან, ვარიანიდან მინდა მივაწოდო ქართულ საზოგადოებას ინფორმაცია, რომ სექტემბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვარიანში, განაცხადა.

ბახტაძემ იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში სტუმრობისას თქვა, რომ “დედაენა” თითოეული ქართველისთვის არის წმინდა და სათაყვანებელი წიგნი:

„აქ დაიბადა დიდი ქართველი, რომელმაც შექმნა თითოეული ჩვენგანისთვის უსაყვარლესი წიგნი – „დედაენა“. ადამიანი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ისტორიულ მისიაში, რასაც ერქვა ქართული ენის გავრცელება. ჩვენ დღეს ვიმყოფებით იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმთან და მინდა აქედან მივესალმო სრულიად საქართველოს. ეს იყო ეპოქა, როდესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ნამდვილი პატრიოტი ადამიანების ერთად დგომა. ეს იყო უდიდესი გამოწვევა მაშინდელი საქართველოსთვის, როდესაც ქართული ენა იდგა გადაშენების პირას და ქართველმა პატრიოტებმა შეძლეს შეუძლებელი.

მათ შეძლეს და შექმნეს წიგნი, რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას, რომელმაც შეგვინარჩუნა ყველაზე წმინდა, ქართული ენა და ქართული ანბანი. როდესაც იაკობ გოგებაშვილი თავის წიგნს წერდა, მას სწორედ ეს განზრახვა ჰქონდა, რომ ეს წიგნი გადასცემოდა თაობიდან თაობას, რომ ჩვენ შეგვენარჩუნებინა ყველაზე წმინდა – ჩვენი ენა და ანბანი. შემდეგ მთელი ქართული განათლების სისტემა დაეფუძნა სწორედ იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ პრინციპებს და ეს წიგნი თითოეული ქართველისთვის არის წმინდა და სათაყვანებელი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ სკოლებში 2019-2020 სასწავლო წლიდან ადაპტირებული ვერსიით დაბრუნდება და არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსი გახდება.
სახელმძღვანელოს ადაპტირებული ვერსია საქართველოს პარლამენტის ინიცირებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით შექმნილმა ექსპერტთა სპეციალურმა კომისიამ შეიმუშავა და მას ყველა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლე უფასოდ მიიღებს.

ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2013 წელს მიენიჭა, ხოლო ეროვნული კატეგორია 2014 წელს განესაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი