ახალი ამბები

რკინიგზაში შეთანხმებას მიაღწიეს – გაფიცვა აღარ შედგება

30 აგვისტო, 2019 •
რკინიგზაში შეთანხმებას მიაღწიეს – გაფიცვა აღარ შედგება

საქართველოს რკინიგზაში კოლექტიური შრომითი დავა შეთანხმებით დასრულდა. ამის შესახებ იუწყება როგორც კომპანია, ისე “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი”, რომელიც სახელფასო ანაზღაურების ზრდის მოთხოვნით გაფიცვას აღარ გეგმავს.

შეთანხმების თანახმად, ხელფასების 10%-ით ზრდა, რომელიც მანამდე არსებული გეგმის მიხედვით 2020 წლის პირველი მარტიდან უნდა დაწყებულიყო, 3 თვით გადმოიწევს და პირველი დეკემბრიდან დაიწყება.

“აღნიშნული გადაწყვეტილება, დამატებით 3 მილიონი ლარით, ხოლო, ჯამში, დაახლოებით 15 მილიონი ლარით ზრდის სახელფასო ბიუჯეტს და მოიცავს 12 500 რკინიგზელს”, – აღნიშნავს პროფკავშირი.

“რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის” თანახმად, შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ყველა დამატებითი კრიტერიუმის(შეფასებები, საყვედური, გაფრთხილება, ბიულეტენი…) მოხსნას და 2019 წლის ნოემბრიდან საპრემიო ბიუჯეტის გადანაწილებას 12 500 რკინიგზელზე თანაბრად, 333 ლარის ოდენობით.

ამავე დროს, 2020 წლის ოქტომბრიდან ის რკინიგზელები, რომელთა ხელფასიც 1250 ლარს არ აღემატება, საახალწლო და სააღდგომო პრემიების((200-200 ლარი) გარდა, რკინიგზელთა დღესთან დაკავშირებით კიდევ ერთ პრემიას მიიღებენ, რომლის ოდენობაც ასევე 200 ლარი იქნება. შედეგად, პროფკავშირის ცნობით, საპრემიო ბიუჯეტი 2.5 მილიონი ლარით გაიზრდება.

“2021 წლის ივნისის თვეში, ხელფასების შემდგომი სეგმენტური ზრდის მიზნით, ადმინისტრაცია და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი გამართავენ დამატებით მოლაპარაკებებს”, – აცხადებს “საქართველოს რკინიგზა”.

მედიაციის შემდეგ ასევე ცნობილი გახდა, რომ პროფკავშირული ორგანიზაცია შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის დაცვისა და საწარმოო ტრავმების გამოკვლევების ღონისძიებებშიც ჩაერთვება.

შრომითი დავა საქართველოს რკინიგზაში 9 ივლისს დაიწყო. “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის” მთავარი მოთხოვნა ხელფასის 50%-ით მომატება იყო იმ დასაქმებულთათვის, რომელთაც ანაზღაურება 2013 წლის შემდეგ არ გაზრდიათ; ასევე, იმ ადამიანებისთვის, რომელთა ხელფასი 1 000 ლარზე ნაკლებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროფკავშირში ამბობდნენ, რომ 4 500 რკინიგზელი გაფიცვისათვის მზად იყო.  კომპანია აღნიშნულ მოთხოვნებს პოპულისტურს უწოდებდა.

უკვე ახლა პროფკავშირი აცხადებს, რომ ზემოაღნიშნული შეთანხმებები არის ის მაქსიმუმი, რისი შესაძლებლობაც მოლაპარაკებამ ორივე მხარეს მისცა. ორგანიზაციის თქმით, ამ სახით თავიდან იქნა აცილებული გაფიცვის უფლების გამოყენება, რაც რთული გადასატანი იქნებოდა როგორც კომპანიისთვის, ისე დასაქმებულთათვის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი