ახალი ამბები

რკინიგზა დასაქმებულების მიერ ხელფასის 50%-ით მატების მოთხოვნას პოპულისტურს უწოდებს

5 აგვისტო, 2019 • 2169
რკინიგზა დასაქმებულების მიერ ხელფასის 50%-ით მატების მოთხოვნას პოპულისტურს უწოდებს

“საქართველოს რკინიგზა” განცხადებას ავრცელებს და დასაქმებულთა ნაწილის მოთხოვნას ხელფასების 50%-ით მატების თაობაზე არარეალურს და პოპულისტურს უწოდებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა და ამბობენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები იმის შესახებ, თითქოს დაახლოებით 4 800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება:

“მეტიც, “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი” აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია, სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო დააანონსოს გაფიცვები, შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ. ამასთან, გაფიცვის არავითარი წინაპირობა ამ ეტაპისათვის არ არსებობს, რადგანაც წლების განმავლობაში პირველად ხდება ხელფასების საყოველთაო მატება და თავად „რკინიგზელთა ახალი პროფკავშირიც“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ 10 აგვისტოს გამგეობის სხდომაზე განიხილავენ გაფიცვის ფორმას და დროს” ,- აცხადებენ რკინიგზაში.

“რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის” ინფორმაციით კი, კოლექტიური შრომითი დავისთვის მზადების დაწყების პარალელურად, დასაქმებულებში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ხელმომწერები აფიქსირებდნენ ხელფასის გაზრდის მოთხოვნას და გამოთქვამდნენ მზაობას, რომ თუ მოლაპრაკებები წარუმატებლად ჩაივლიდა, გაფიცვის უფლებას გამოიყენებდნენ. ვიტალი გიორგაძის თქმით, ამ დროისთვის 4 800-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს ამ მოთხოვნას.

რაც შეეხება პროფკავშირში გაწევრიანებული ადამიანების რაოდენობას, ვიტალი გიორგაძე ამბობს, რომ “რკინიგზელთა ახალ პროფკავშირში” ამ დროისთვის არა 400, არამედ 1000 ადამიანია გაწევრიანებული, თუმცა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით, შრომითი დავის წამოწყება 20 ადამიანსაც შეუძლია და “საქართველოს რკინიგზის” განცხადება დესტრუქციულია.

გიორგაძე ასევე აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც რკინიგზის ხელმძღვანელობამ შეიტყო, რომ დასაქმებულთა ნაწილი შრომითი დავის დაწყებისთვის ემზადებოდა, 2020 წლისთვის ხელფასების 10 პროცენტით ზრდა შესთავაზა, რაზეც დასაქმებულები, ვიტალი გიორგაძის თქმით, არ თანხმდებიან.

კომპანიაში კი ამბობენ, რომ 50 %-იანი მატება არარეალისტურია:

“ნებისმიერ ლოგიკურ მოთხოვნასთან დაკავშირებით კომპანიის მენეჯმენტი მოლაპარაკებებს მართავს და საუბრობს თანამშრომლებთან, თუმცა ხელფასების 50%-იან მატებასთან დაკავშირებით დანიშნულ მედიაციის პროცესში მონაწილეობა რომ ყოველგვარ აზრს მოკლებულია, ამასთან დაკავშირებით საჯარო განცხადებები მედიასივრცეში უკვე გაკეთდა, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ „საქართველოს რკინიგზას“ ოფიციალური შეტყობინება მედიაციის კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით არ მიუღია. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 1 მარტიდან, „საქართველოს რკინიგზის“ ყველა თანამშრომელს, ვისი ხელფასიც არ აღემატება 1500 ლარს, ანაზღაურება 10 % -ით გაეზრდება. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელზე წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხის ოდენობით ფულადი საჩუქარი გაიცემა” ,- აცხადებენ რკინიგზაში.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:

რკინიგზაში გაფიცვისთვის ემზადებიან

მასალების გადაბეჭდვის წესი