ახალი ამბები

რკინიგზაში გაფიცვისთვის ემზადებიან

2 აგვისტო, 2019 • 3793
რკინიგზაში გაფიცვისთვის ემზადებიან

საქართველოს რკინიგზის თანამშრომელთა ნაწილი გაფიცვისთვის ემზადება. “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის” ინფორმაციით, ადმინისტრაციამ უარი განაცხადა ხელფასების გაზრდის მოთხოვნით დაწყებული შრომითი დავის ფარგლებში მედიაციის პროცესში მონაწილეობაზე.

ამასობაში, დავის დაწყებიდან კანონით გათვალისწინებული 21 დღე გავიდა, რაც დასაქმებულებს საგაფიცვო პროცესის დაწყების უფლებას აძლევს.

პროფკავშირის თანახმად, შრომითი დავა საქართველოს რკინიგზაში 9 ივლისს დაიწყო. მთავარი მოთხოვნა ხელფასის 50%-ით მომატება იყო იმ დასაქმებულთათვის, რომელთაც ანაზღაურება 2013 წლის შემდეგ არ გაზრდიათ; ასევე, იმ ადამიანებისთვის, რომელთა ხელფასი 1 000 ლარზე ნაკლებია.

როგორც “ნეტგაზეთს” “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის” წარმომადგენელმა, ილია ლეჟავამ განუცხადა,ორგანიზაციამ კონკრეტული გეგმაც შეიმუშავა, როგორ შეიძლება დასაქმებულთა ხელფასის გაზრდა ისე, რომ პროცესი ადმინისტრაციისთვის დამატებით ხარჯიანი არ იყოს.

“შესწავლილი გვაქვს რკინიგზის მთლიანი ბიუჯეტი, დამუშავებული გვაქვს საშტატო განრიგი, საიდანაც გამოჩნდა, რამდენი აქვს ხელფასი გენერალურ დირექტორს, რამდენი მოადგილეს, მრჩეველს, კონსულტანტს, გაურკვეველი მაღალანაზღაურებადი პირი ჰყავთ დანიშნული.

საშტატო განრიგი არის ძალიან გაბერილი, შექმნილია სრულიად უფუნქციო დეპარტამენტები, შტატები სავსეა კადრებით, რომელთა ხელფასი 3-4 000 ლარია. გვაქვს ამის არგუმენტაცია, როცა დავსხდებოდით მოლაპარაკებებზე მედიაციის პროცესში, წარვუდგენდით რკინიგზას გეგმას, რამდენად შესაძლებელი იყო ასეთი კატეგორიის რკინიგზელებს გაზრდოდათ ხელფასი 50%-ით ისე, რომ სახელფასო ბიუჯეტი და ხარჯვითი წილი არ გაზრდოდა რკინიგზას”, – ამბობს ლეჟავა.

"რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის" მონაცემები ორგანიზაციაში არსებული ხელფასების შესახებ.

პროფკავშირის განცხადებით, მედიაციის (მოლაპარაკებების) დაწყების მოთხოვნით მიმართეს როგორც რკინიგზის ადმინისტრაციას, ისე ჯანდაცვის სამინისტროს. შრომის კოდექსის შესაბამისად, სამინისტრომ მედიატორი დანიშნა, რომელმაც, თავის მხრივ, შეხვედრებზე მიიწვია როგორც პროფესიული კავშირის წარმომადგენლები, ისე რკინიგზის ადმინისტრაცია.

ილია ლეჟავას თქმით, პროფკავშირის წარმომადგენლები მედიატორს შეხვდნენ და თავიანთი მოთხოვნები გააცნეს, თუმცა რკინიგზამ პროცედურაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

“კანონში გაწერილია, რომ ამ პროცესში მონაწილეობა მხარეებს შორის სავალდებულოა. რკინიგზას რომ დაეწყო რამეზე დავა ჩვენთან, მაგალითად, ჩვენ ვალდებულნი ვიყავით, პროცესში ჩავრთულიყავით. იგივე ვალდებულება ჰქონდა რკინიგზასაც.

ჩვენ შევხვდით მედიატორს, გავაცანით ჩვენი არგუმენტები და პოზიციები, შემდეგი შეხვედრა კი მან მენეჯმენტთან დანიშნა. ეს იყო 1 კვირის წინ. დღეს მედიატორმა უკვე ოფიციალურად მოგვწერა, რომ რკინიგზის ადმინისტრაცია არც კი შეხვდა მედიატორს, უარი თქვა შეხვედრაზე, თავი აარიდა პროცესს. შრომის კოდექსით ასეთი ქმედების ჩადენა აკრძალულია”, – უყვება ილია ლეჟავა “ნეტგაზეთს”.

შრომის კოდექსის 48-ე პრიმა მუხლის მეექვსე პუნქტის თანახმად, მოდავე მხარეები ვალდებულნი არიან, მონაწილეობა მიიღონ მედიატორის მიერ დანიშნულ შეხვედრებში. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, გაფიცვის უფლება მინისტრისათვის წერილობით მიმართვიდან ან მის მიერ საკუთარი ინიციატივით მედიატორის დანიშვნიდან 21 დღის შემდეგ წარმოიშობა.

“ნეტგაზეთი” საქართველოს რკინიგზას დაუკავშირდა, რათა გაერკვია, თქვა თუ არა/რატომ თქვა უარი ორგანიზაციამ შრომით დავაში მონაწილეობაზე. უწყების პრესსამსახურში თქვეს, რომ ორშაბათისთვის გვიპასუხებენ.

ილია ლეჟავა აღნიშნავს, რომ რკინიგზაში დასაქმებულმა ათასობით ადამიანმა გაფიცვისათვის მზაობა ხელმოწერით დაადასტურა. შეხვედრა, სადაც პროფკავშირის გამგეობამ გაფიცვის ზუსტ თარიღზე უნდა იმსჯელოს, უკვე ჩაინიშნა.

“ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. 21 დღე გასულია, გაფიცვის უფლება მოპოვებულია. 10 აგვისტოს დანიშნულია პროფკავშირების გამგეობის სხდომა, სადაც დასახელდება კონკრეტული რიცხვი და საათი, როდის გაიფიცებიან რკინიგზელები.

…4 500 ადამიანის ხელმოწერა უკვე არსებობს, რომლებიც თანხმდებიან, რომ თუ მოლაპარაკება ვერ შედგება, მზად ვართ, მივიღოთ საგაფიცვო პროცედურაში მონაწილეობა. რკინიგზაში 13 000 ადამიანია დასაქმებული.

ადმინისტრაცია თუ დაგვიძახებს 10 აგვისტომდე, 10 აგვისტოს შემდეგ ან გაფიცვის შემდეგ, ნებისმიერ დროს ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, რათა გაფიცვამდე გაფიცვა ავირიდოთ, გაფიცვის პერიოდში კი მალე დავასრულოთ ის”, – აცხადებს ლეჟავა.

დაპირება, რომელიც რკინიგზის ადმინისტრაციას დასაქმებულთა ნაწილისადმი ამ დრომდე აქვს გახმიანებული, პროფკავშირის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. საუბარია 2020 წლიდან ანაზღაურების 10%-ით გაზრდაზე იმ ადამიანებისთვის, რომელთა ხელფასიც 1 500 ლარს არ აღემატება. კომპანიის თქმით, მას ამ ეტაპზე მხოლოდ აღნიშნულის შესაძლებლობა გააჩნია.

“ნეტგაზეთმა” რკინიგზას ჰკითხა პროფკავშირის მიერ გავრცელებული სახელფასო მონაცემების შესახებაც. კომპანიაში ამბობენ, რომ შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია.

[red_box]საქართველოს რკინიგზის პასუხი – განახლება[/red_box]

სს “საქართველოს რკინიგზის” განცხადებით, დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10%-ით, რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს და ეს ამ ეტაპზე, ის მაქსიმუმია რისი ფინანსური რესურსიც გამოიძებნა. ამასთანავე, როგორც რკინიგზა აცხადებს, უკლებლივ ყველა რკინიგზელს საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა.

“ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მეტიც, “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი” აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო დააანონსოს გაფიცვები, შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ.

ამასთან, გაფიცვის არავითარი წინაპირობა ამ ეტაპისათვის არ არსებობს, რადგანაც წლების განმავლობაში პირველად ხდება ხელფასების საყოველთაო მატება და თავად „რკინიგზელთა ახალი პროფკავშირიც“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ 10 აგვისტოს გამგეობის სხდომაზე განიხილავენ გაფიცვის ფორმას და დროს”, – ნათქვამია “საქართველოს რკინიგზის” განცხადებაში.

რკინიგზის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ ნებისმიერ ლოგიკურ მოთხოვნასთან დაკავშირებით, კომპანიის მენეჯმენტი მოლაპარაკებებს მართავს და საუბრობს თანამშრომლებთან: “თუმცა ხელფასების 50%-იან მატებასთან დაკავშირებით დანიშნულ მედიაციის პროცესში მონაწილეობა რომ ყოველგვარ აზრს მოკლებულია, ამასთან დაკავშირებით საჯარო განცხადებები მედია სივრცეში უკვე გაკეთდა, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ „საქართველოს რკინიგზას“ ოფიციალური შეტყობინება მედიაციის კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით არ მიუღია”.

რკინიგზის ადმინისტრაციის განცხადებით, 2020 წლის 1 მარტიდან, კომპანიის ყველა თანამშრომელს, ვისი ხელფასიც არ აღემატება 1500 ლარს, ანაზღაურება 10 %-ით გაეზრდება. ამასთანავე, როგორც რკინიგზის ადმინისტრაცია ირწმუნება, უკლებლივ ყველა რკინიგზელზე, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხის ოდენობით ფულადი საჩუქარი გაიცემა:

“საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის და მენეჯმენტის მხრიდან მუდმივ რეჟიმში ხდება დასაქმებულებთან შეხვედრა. სწორედ ამ შეხვედრების დროს გაიცა გარკვეული დაპირებები, მათ შორის ითქვა, რომ გადაიხედებოდა სახელფასო პოლიტიკა. დირექტორატის ძალისხმევით შესაძლებელი გახდა დამატებითი სარეზერვო თანხების მოძიება და რკინიგზელთა საჭიროებების შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილება”.

შენიშვნა: საქართველოს რკინიგზის თანამშრომელთა მიერ დაანონსებული გაფიცვისა და პროტესტის შესახებ სტატია გამოქვეყნებულია 3 აგვისტოს. ნეტგაზეთი დაუკავშირდა რკინიგზის ადმინისტრაციას, სადაც გვითხრეს, რომ ოფიციალურ პასუხს გაავრცელებდნენ. ადმინისტრაციის პოზიცია მასალაში დამატებულია 4 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც კომპანიამ განცხადება გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი