სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო “საქართველოს რკინიგზის” ყოფილი დირექტორის, დავით ფერაძის და სხვა ხელმძღვანელი პირების მიმართ. ჯამში, საუბარია 8 ადამიანზე, რომელთაგან 2-ს ეძებენ. უცნობია, დაკავებულია თუ მიმალვაშია უშუალოდ ფერაძე.

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო მათ კორუფციული სქემების ორგანიზებას ედავება. უფრო კონკრეტულად – სახელმწიფოს კუთვნილი ქონების დაუფლებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას.

“2019 წლის შემოდგომაზე სააქციო საზოგადოება “საქართველოს რკინიგზის” იმჟამინდელმა დირექტორმა, დავით ფერაძემ, სააქციო საზოგადოების კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ჩამოაყალიბა შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც წინასწარ შეთანხმებული გეგმის შესაბამისად, უნდა უზრუნველეყო სააქციო საზოგადოება “საქართველოს რკინიგზის” კუთვნილი შავი ლითონის შემდგომში სარეალიზაციოდ იმ ფორმით შეგროვება, ტრანსპორტირება, დაჭრა და დახარისხება, რომ შეუძლებელი გამხდარიყო საწყისი ზუსტი ოდენობის დადგენა.

პარალელურად, წინასწარ შერჩეული კომპანიების გამოყენებით უნდა შედგენილიყო საგადასახადო დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებულ შავ ლითონს გაუჩნდებოდა ფორმალური, ვითომ ლეგალური წარმომავლობა და განხორციელდებოდა მისი რეალიზაცია”, – განაცხადა ემზარ გაგნიძემ, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა.

გაგნიძის განცხადებით, დავით ფერაძემ დანაშაულებრივ სქემაში ეტაპობრივად ჩართო არაერთი პირი. მათ შორის, “საქართველოს რკინიგზის” ინფრასტრუქტურის იმჟამინდელი [2019 წელი] დირექტორი. გარდა ამისა, გაგნიძის ცნობით, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული იყო რამდენიმე მეწარმე სუბიექტის დამფუძნებელი და ფაქტობრივი მმართველი. ესენია:

  •  შპს კახეთი;
  • შპს ნოვა ტრანსი;
  • შპს ჯადექსა;
  • შპს სამშენებლო-სარემონტო კომპანია “ხურო”;
  • შპს გრანდ კახეთი”.

როგორც სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი განმარტავს, “საქართველოს რკინიგზამ” 2020 წლის 8 თებერვალსა და 9 სექტემბერს გამოაცხადა ორი ტენდერი შავი ლითონის ტრანსპორტირების, დახარისხების, დაჭრისა და ერთად შეგროვების მომსახურების შესყიდვაზე. ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს კახეთი – გაგნიძე მას უწოდებს დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირების მიერ დაფუძნებულ და ფაქტობრივ მმართველობაში მყოფ კომპანიას.

“იმავდროულად, დავით ფერაძესთან შეთანხმებით, ერთ-ერთი პირი, სააქციო საზოგადოება “საქართველოს რკინიგზის” უფლებამოსილი თანამშრომლების გვერდის ავლით, უზრუნველყოფდა წამოსაღები შავი ლითონის ადგილზე დაუთვლელად, აწონის გარეშე და ზოგ შემთხვევაში, დოკუმენტურად უკვე აღრიცხული შავი ლითონის ხელოვნურად შემცირებული რაოდენობით გატანას. შესაბამისად, დოკუმენტური მხარე ფორმდებოდა იმგვარად, რომ მომავალში შეუძლებელი გამხდარიყო დანაკლისის არსებობაზე პასუხისმგებელი პირის დადგენა, რაც საბოლოოდ გაამარტივებდა სააქციო საზოგადოება “საქართველოს რკინიგზის” ბალანსიდან მის ჩამოწერას.

შპს “კახეთის” მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას, დავით ფერაძის ორგანიზებით, სააქციო საზოგადოება “საქართველოს რკინიგზის” ტერიტორიებიდან, დასაწყობების ნაცვლად, სისტემატურად ხორციელდებოდა მოგროვებული შავი ლითონის ნაწილის სატვირთო ავტომობილებით გატანა და რუსთავში მდებარე შპს “ჯეოსთილის” საწარმოში ჩაბარება.

პროცესში მონაწილეობდნენ და მეთვალყურეობას უწევდნენ როგორც ზემოხსენებული სააქციო საზოგადოების წინასწარ შერჩეული წარმომადგენლები, ასევე დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირები – შპს “კახეთის” ფორმალური დამფუძნებელი და დირექტორი, შპს “ნოვა ტრანსის” ფორმალური დამფუძნებელი და დირექტორი, შპს “ჯადექსას” ფორმალური დამფუძნებელი და დირექტორი და შპს “სამშენებლო სარემონტო კომპანია ხუროს” ფორმალური დამფუძნებელი და დირექტორი.

ამავდროულად, სააქციო საზოგადოება “საქართველოს რკინიგზის” გვერდის ავლით რეალიზებული შავი ლითონის ნაწილის დანაშაულებრივი წარმომავლობისა და მასზე საკუთრების უფლების შენიღბვის, ასევე, ტრანსპორტირება/რეალიზაციის გაადვილებისა და დანაშაულში მონაწილე მეწარმე სუბიექტებისათვის ხელოვნური ნაშთის შექმნის მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ დამზადებულ იქნა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები”, – განაცხადა ემზარ გაგნიძემ.

ემზარ გაგნიძის განცხადებით, დანაშაულებრივ სქემაში ჩართულმა პირებმა, 2020-2021 წლებში მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს “საქართველოს რკინიგზის” საკუთრებაში არსებული 22 120 ტონა შავი ლითონი. ეს ქონება 17 391 121 ლარად შეისყიდა შპს “ჯეოსთილმა”. “ჯეოსთილისგან” მიღებული თანხა შეაგრივეს შპს “ნოვა ტრანსისა” და შპს “ჯადექსას” საბანკო ანგარიშებზე, საიდანაც პერიოდულად ანაღდებდნენ და ინაწილებდნენ.

ამ საქმის გამოძების ფარგლებში, სუს-მა კიდევ ერთი სავარაუდო დანაშაული გამოავლინა, რომელშიც “საქართველოს რკინიგზის” იმდროინდელი ხელმღვანელი პირები იყვნენ ჩართული. ამ შემთხვევაში საუბარია რელსების აღდგენისთვის გამოყოფილი ფულის – თითქმის ნახევარი მილიონი ლარის – მითვისებაზე.

“2022 წლის 29 აპრილს, სააქციო საზოგადოება “საქართველოს რკინიგზასა” და შპს “რაველდის” შორის გაფორმდა ხელშეკრულება კომპანიის კუთვნილ ლიანდაგში არსებულ რელსებზე დეფექტების აღდგენის მომსახურების შესახებ, ღირებულებით 999 768 აშშ დოლარი. საერთო ჯამში, უნდა განხორციელებულიყო არაუმეტეს 1600 ერთეული რელსის შედუღება, ხოლო ანგარიშსწორება მოხდებოდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების საფუძველზე.

სამუშაოთა მიმდინარეობისას შპს “რაველდის” დირექტორმა, “საქართველოს რკინიგზის” ინფრასტრუქტურის იმჟამინდელ დირექტორთან შეთანხმებით, მიღება-ჩაბარების აქტებში დააფიქსირა ხელოვნურად გაზრდილი მონაცემები, რომლის თანახმადაც, შპს “რაველდიმ”, ნაცვლად რეალურად განხორციელებული 987 ერთეული რელსის შედუღებისა, თითქოსდა განახორციელა 1200 ერთეულის შედუღება.

ყალბ დოკუმენტზე, “საქართველოს რკინიგზის” ინფრასტრუქტურის იმჟამინდელი დირექტორის დავალებით, ხელი მოაწერეს სს “საქართველოს რკინიგზის” უფლებამოსილმა, მისსავე სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფმა თანამშრომლებმა. აღნიშნულის შედეგად, მიმწოდებელმა – შპს “რაველდიმ” შემსყიდველისგან ზედმეტად მიიღო 403 844 ლარი”, – აცხადებენ სუს-ში.

გამოძიება მიმდინარეობს შემდეგი მუხლებით:

  • სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობა და აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში დახმარება;
  • ჯგუფურად ჩადენილი ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება და გამოყენება;
  • ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება და აღნიშნულ დანაშაულში დახმარება;
  •  ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღება;

აღნიშნული დანაშაულები 9-დან 12 წლამდე პატმრობას ითვალისიწნებს.

სუს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება გრძელდება ამ დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების გამოვლენისა და დაკავების მიზნით.