ახალი ამბები

„ტრამპს არ ენდომება, ისე გამოჩნდეს, თითქოს პუტინთან დამარცხდა“ – ბორის ჯონსონის

27 თებერვალი, 2024 • 850
„ტრამპს არ ენდომება, ისე გამოჩნდეს, თითქოს პუტინთან დამარცხდა“ – ბორის ჯონსონის

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ამბობს, რომ არ არის პესიმისტურად განწყობილი უკრაინის პერსპექტივებზე იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპს აირჩევენ 2024 წლის შემოდგომაზე.

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ტრამპი, – რომელიც აცხადებს, რომ 24 საათში შეუძლია ომის დამთავრება, – პუტინთან დათმობებზე წავა და უკრაინას არ დაეხმარება. ბორის ჯონსონი კი აცხადებს, რომ ასე არ იქნება.

„მე ტრამპის გაპრეზიდენტებას ისე პესიმისტურად არ ვუყურებ, როგორც ზოგი სხვა ადამიანი. ვფიქრობ, ვინც არ უნდა იყოს აშშ-ის პრეზიდენტი, პუტინს უკრაინაში არ მოაგებინებს. უბრალოდ, ვერ ვხედავ ამის შესაძლებლობას.

ისტორიას თუ გადახედავთ, ტრამპი პირველი პრეზიდენტი იყო, ვინც უკრაინას სერიოზული იარაღი, „ჯაველინები“ გადასცა. [სკრიპალების მოწამვლის შემდეგ], ტრამპმა ყველა გააკვირვა და 60 რუსი დიპლომატი გააძევა – ბევრად მეტი, ვიდრე ჩვენ ველოდით.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ აშშ-ის შიდა პოლიტიკა რთულია. არჩევნებამდე ბევრი ადამიანი ბევრ რამეს იტყვის. მაგრამ საქმე რომ აშშ-ის ინტერესებამდე მიდგება, ვაშინგტონის ინტერესშია უკრაინის, დემოკრატიის მხარდაჭერა, აგრესიის პრევენცია… ვფიქრობ, დონალდ ტრამპის ინტერესშია, ისე არ გამოჩნდეს, თითქოს იგი პუტინმა დაამარცხა“, – განაცხადა ჯონსონმა „ევროპეისკა პრავდასთან“ ინტერვიუში.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევები 2024 წლის შემოდგომას იმართება. უდიდესი ალბათობით, არჩევნებზე რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი იქნება, დემოკრატების — მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

მასალების გადაბეჭდვის წესი