ახალი ამბები

ხაზარაძე ივანიშვილს ანაკლიის პორტზე სადებატოდ ტელევიზიაში იწვევს

27 აგვისტო, 2019 • 1106
ხაზარაძე ივანიშვილს ანაკლიის პორტზე სადებატოდ ტელევიზიაში იწვევს

“თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს, 27 აგვისტოს, “ქართული ოცნების” ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს სატელევიზიო ეთერში შესთავაზა ანაკლიის თემაზე პირისპირ დებატები და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა.

აღნიშნული მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილს მას შემდეგ შესთავაზა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშების დაყადაღებას ლონდონშიც ითხოვს. ხაზარაძე ამბობს, რომ ამ მოთხოვნის მიზანი არის როგორც ანაკლიის პორტის მშენებლობის, ისე დაანონსებული პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნების შეფერხება.

“რადგან ამდენი კითხვა დაგროვდა საზოგადოებაში, ვთავაზობ ბიძინა ივანიშვილს, მობრძანდეს ტელევიზიაში. შეგვიძლია ეს იყოს “იმედი”. ვისაუბროთ ღიად, რა წინაპირობა ჰქონდა, რა მოლაპარაკებები იყო, რა საუბრები იყო, რაც საზოგადოებამ არ იცის. ერთხელ და სამუდამოდ ეს ქვეყანა დაადგეს გამჭვირვალობის გზას, დავადგეთ პირდაპირი ურთიერთობის გზას, ჩავაბაროთ ანგარიში ადამიანებს. ერთი წლის წინაც ვთქვი, რომ არანაირი კულისებში მოლაპარაკება. მე ადამიანები მხვდებიან და მეკითხებიან, მამუკა, ვერ “დაალაგე?” არანაირი “დალაგება” არ ყოფილა და არც “დავალაგებ”, ყველანაირი “დალაგება” უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში. ყველანაირი “დალაგება” იქნება იმ ჩვენი მოქალაქეების თვალწინ, რომელსაც ეს ქვეყანა უყვარს და ამ ქვეყნის აშენება უნდა”, – თქვა მამუკა ხაზარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი შეფასებთ, ხელისუფლებას ძალიან შეეშინდა, რადგან სახელმწიფო სტრუქტურების გამოყენება დაიწყო პოლიტიკური დევნისთვის.

“ჩვენ ნამდვილად არ გვეშინია, ჩვენ გავაგრძელებთ ამ საქმეს. ბიზნესმენისთვის ყველა ანგარიშის დაყადაღება ნიშნავს, რომ ვერ მოვემსახურებით ვალებს, ვერ მოვემსახურებით კრედიტებს. ეს ნიშნავს მათი გაგებით, რომ ვერ დავაფუძნებთ მოძრაობას და პარტიას, ვერ ავაშენებთ ანაკლიის პორტს. აქვე მინდა გითხრათ, რომ არ გამოგივათ არაფერი, რადგან საქართველოში არსებობს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც ხელისუფლებას არ აქვს – მეგობრობა. ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი მეგობარი საქართველოში და ძალიან ბევრი მეგობარი უცხოეთში, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველანაირ მზადყოფნას გამოთქვამენ იმისათვის, რომ რაც შევპირდით ქართველ ხალხს – მახინჯი, მიკერძოებული სახელმწიფო ერთ ხელში – უნდა დასრულდეს”, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.


მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით).

საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ბრალს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ქმედებების მიზანი ანაკლიის პორტის მშენებლობის ხელშეშლაა. სწორედ მამუკა ხაზარაძე ხელმძღვანელობდა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელიც პორტს აშენებს.

ხელისუფლება ბრიტანეთში ჩვენი ანგარიშების დაყადაღებას ითხოვს – ხაზარაძე და ჯაფარიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი