ახალი ამბები

ხელისუფლება ბრიტანეთში ჩვენი ანგარიშების დაყადაღებას ითხოვს – ხაზარაძე და ჯაფარიძე

27 აგვისტო, 2019 • 1210
ხელისუფლება ბრიტანეთში ჩვენი ანგარიშების დაყადაღებას ითხოვს – ხაზარაძე და ჯაფარიძე

“თიბისი ბანკის” დამფუძნებლების, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ბრიტანელი კოლეგებისგან ითხოვს ხაზარაძისა და ჯაფარიძის ანგარიშების დაყადაღებას:

“ამჯერად ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მიმართა წერილით ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, რომ თურმე მე და მამუკა ხაზარაძე ვართ ეჭვმიტანილი ფულის გათეთრებაში და ჩვენი ფულადი სახსრები, რომელიც არის ბრიტანეთში, ეჭვი აქვთ, კრიმინალური წარმოშობისაა. რა თქმა უნდა, როდესაც ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში მიმართავენ ბრიტანეთს, ბრიტანელი კოლეგები ვერ წარმოიდგენენ, რომ ეს უწყება არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი და ამ მიმართვას უყურებენ სერიოზულად” ,- თქვა ბადრი ჯაფარიძემ დღეს, 27 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე. .

მისი თქმით, ის და მამუკა ხაზარაძე მზად არიან თითოეული ფუნტის კანონიერება დაუმტკიცონ ბრიტანულ უწყებებს და აცხადებს, რომ საქართველოში სახელმწიფო სამსახურები პოლიტიკური დევნისთვის გამოიყენება:

“მინდა გითხრათ, რომ ეს მცდელობაც, რომელიც განსაზღვრულია სახელმწიფო სტრუქტურების მიერ, რომლებიც, სამწუხაროდ, აგრძელებენ პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას, ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ჩვენი კანონიერი სახსრების ბლოკირება მოხდეს ბრიტანეთში. ამისთვის გამზადებული იქნა ყადაღის გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ დამტკიცებული”, – თქვა ჯაფარიძემ.

მისივე განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ სასამართლოს ემსჯელა, რამდენად საფუძვლიანია პროკურატურის მოთხოვნა, ავტომატურად დაადასტურა ყადაღის მოთხოვნა და შემდეგ ეს მოთხოვნა გაიგზავნა ბრიტანეთში.

“მზად ვართ, ბრიტანელებს თითოეული ჩვენი ფუნტის კანონიერება დავუმტკიცოთ. მინდა ჩვენი მეგობარი ქვეყნების სამსახურებს ვაცნობოთ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო სამსახურები გამოიყენება პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად. ამიტომ, მათ მიერ გადაგზავნილი მოთხოვნების საფუძვლიანობა და მიზნობრიობა ყოველთვის უნდა გადამოწმდეს. დღეიდან ჩვენ ვიწყებთ ყველა იმ სამსახურის მხილებას, რომელიც გამოიყენება ამ, ჩვენი აზრით, სრულიად კრიმინალური ხასიათის ქმედებების განხორციელებაში”, – ამბობს ჯაფარიძე.

ხაზარაძე და ჯაფარიძე მოუწოდებენ საქართველოს დასავლელ პარტიონერებს, ჩაერთონ ამ საქმის მიმდინარეობაში და საკუთარი დასკვნა მოამზადონ:

“ჩვენ ვაპირებთ გადავდგათ ნაბიჯები იმგვარად, რომ არ დარჩეს არცერთი კითხვა საზოგადოებაში ამ კონკრეტული საქმის მიზეზებთან და შინაარსთან მიმართებით. ჩვენ მოვუწოდებთ გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის, ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებს, აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში. ყველაზე დიდი იარაღი, რომელიც ჩვენ გვაქვს, სიმართლე და გამჭვირვალობაა. კარგი იქნება, თუ ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები ჩაერთვებიან იმ შეთითხნილი საქმის არსში და თავის დასკვნას დადებენ”, – თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ბრალს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ქმედებების მიზანი ანაკლიის პორტის მშენებლობის ხელშეშლაა. სწორედ მამუკა ხაზარაძე ხელმძღვანელობდა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელიც პორტს აშენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი