ახალი ამბები

იმედის იურისტი: კონკურენციას კიდევ უფრო ართულებს, როდესაც კონკურენტი წყვეტს გადასახადის გადახდას

14 აგვისტო, 2019 • 1437
იმედის იურისტი: კონკურენციას კიდევ უფრო ართულებს, როდესაც კონკურენტი წყვეტს გადასახადის გადახდას

ტელეკომპანია “იმედის” იურისტმა ანდრო ლაშხმა ამავე ტელეარხს განუცხადა, რომ ისინი შეიმუშავებენ თავიანთ წინადადებებს სახელმწიფოს წინაშე არსებული 19-მილიონიანი ვალის დაფარვასთან დაკავშირებით და ჩაერთვებიან ამ საკითხზე მუშაობაში. “იმედის” იურისტი ამ ფორმით გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის მოწოდებას ტელეარხების მიმართ, რომ უახლოეს მომავალში სამინისტროსთან დაიწყონ მოლაპარაკებები დავალიანებების დაფარვასთან დაკავშირებით.

“იმედის” იურისტმა ანდრო ლაშხმა ისაუბრა კონკურენტის, რუსთავი 2-ის დავალიანებაზეც:

“სამაუწყებლო საქმიანობა, ზოგადად, ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ძალიან დიდი შრომის გაწევა გვიწევს იმისათვის, რომ ეს დანახარჯი შემოსავლით დავაკომპენსიროთ. როდესაც კონკურენციას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ ვთქვათ, შენი კონკურენტი წყვეტს გადასახადების გადახდას და ეს ძალიან დიდ ხანს გრძელდება, ეს საკმაოდ არათანაბარ მდგომარეობაში გაყენებს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს განცხადება მიმართულია ყველა სუბიექტისადმი და უთანასწორობას ადგილი არ ექნება, პირიქით, მოხარულები ვართ და მზად ვართ, რომ დავიწყოთ ამ პრობლემის აღმოფხვრა. დღეის მდგომარეობით კონკრეტული წინადადება არ გვაქვს, თუმცა უმოკლეს ვადებში გონივრულ შეთავაზებას წარვადგენთ და ჩავერთვებით ამ სამუშაოში”, – თქვა “იმედის” იურისტმა ანდრო ლაშხმა.

რაც შეეხება კონკურენტს, დღეს ფინანსთა მინისტრმა დაასახელა სამი ტეელარხი, რომლებსაც შემდეგი სახის დავალიანება აქვთ ბიუჯეტის მიმართ:

  • “რუსთავი 2” – დაახლოებით 28 მილიონი;
  • “იმედი” – დაახლოებით 19 მილიონი;
  • “მაესტრო” – 8 მილიონზე მეტი.

აქედან “მაესტრო” და “იმედი” ერთი ჰოლდინგის წევრები არიან.

ფინანსთა მინისტრის განცხადება ვრცლად ნახეთ აქ:

ტელევიზიებს ვალის რესტრუქტურიზაციაზე წინადადებების წარდგენის ვადა თვის ბოლომდე მიეცათ

მასალების გადაბეჭდვის წესი