ახალი ამბები

შეტაკებების ღამის შემდეგ ჰონგ-კონგის აეროპორტმა მუშაობა განაახლა

14 აგვისტო, 2019 • 699
შეტაკებების ღამის შემდეგ ჰონგ-კონგის აეროპორტმა მუშაობა განაახლა

პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებების ღამის შემდეგ დღეს, 14 აგვისტოს, ჰონგ-კონგის აეროპორტმა მუშაობა განაახლა.

BBC-ის ცნობით, ავტონომიური რეგიონის აეროპორტის მმართველმა ორგანომ დროებითი ბრძანება გამოსცა, რომლითაც მოქალაქეებს მის ტერიტორიაზე აქციების ჩატარება აუკრძალა.

გუშინ, 13 აგვისტოს, ასობით რეისი გაუქმდა მას შემდეგ, რაც ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეებმა აეროპორტის ტერმინალები დაიკავეს. მათ ადგილზე მჯდომარე აქცია მოაწყვეს და ბარგის გადასატანი ურიკებით ბარიკადები აღმართეს. სხვადასხვა შინაარსის ტრანსპარანტს შორის იყო საბოდიშო მიმართვები მგზავრებისადმი, რომელთაც პროტესტის გამო აეროპორტით სარგებლობა ვერ შეძლეს.

პროტესტი ჰონგ-კონგის აეროპორტში. ფოტო: EPA/შეტაკებები ჰონგ-კონგის აეროპორტში. ფოტო: EPA/LAUREL CHOR

აქციებმა, რომლებიც ჰონგ-კონგის ქუჩებში მეათე კვირაა მიმდინარეობს, ქალაქის აეროპორტში 9 აგვისტოს გადაინაცვლა და დიდწილად, მშვიდობიან ხასიათს ატარებდა. ვითარება გუშინ, მას შემდეგ გამწვავდა, რაც აქციის მონაწილეებმა ერთ-ერთი პირი პოლიციის გადაცმულ აგენტად მიიჩნიეს და დაუპირისპირდნენ. აღნიშნულის შემდეგ ადგილზე პოლიცია გამოჩნდა, რომელიც მომიტინგეებს დაუპირისპირდა. გამოიყენეს ხელკეტები და წიწაკის სპრეი.

ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ აგდებს იატაკზე პოლიციელი ქალს, რასაც დემონსტრანტთა გაღიზიანება და წინააღმდეგობა მოჰყვა.

კიდევ ერთი ვიდეო დემოსნტრანტთა მიერ კაცის დაკავებას ასახავს, რომელიც მათ ასევე გადაცმულ აგენტად მიიჩნიეს. მოგვიანებით, სახელმწიფო ტაბლოიდის, Global Times-ის რედაქტორმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აღნიშნული პირი გამოცემის ჟურნალისტია და აქციის მონაწილეებს მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

ქალაქში მიმდინარე პროტესტის მონაწილეებს ჩინეთის შემადგენლობაში შემავალი ავტონომიური რეგიონის მთავრობა ისევ ძალადობაში ადანაშაულებს. აეროპორტში განვითარებული მოვლენების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში მთავრობა აღნიშნავს, რომ პასუხისმგებელ პირთა წინააღმდეგ ზომებს მიიღებს.

აქციები ჰონგ-კონგში 9 ივნისს დაიწყო, როცა, ორგანიზატორთა თანახმად, ქუჩებში მილიონი ადამიანი გამოვიდა. თავდაპირველად, დემონსტრანტები ეწინააღმდეგებოდნენ ახლა უკვე თაროზე შემოდებულ კანონპროექტს, მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირების კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადირების შესახებ. შემდგომ, პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნებს დემოკრატიული რეფორმები და ავტონომიური რეგიონის მმართველის, კერი ლამის გადადგომაც დაემატა.

1997 წელს ჰონგ-კონგს დიდი ბრიტანეთის კოლონიის სტატუსი ჩამოერთვა და ჩინეთის შემადგენლობაში იმ პირობით შევიდა, რომ მას ექნებოდა ავტონომია. გარდა თავდაცვითი და საგარეო საკითხებისა, ის გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად მიიღებდა. ლიდერების დაპირება ასეთი იყო – ჰონგ-კონგი, მაკაო და შეერთების შემთხვევაში ტაივანი, შეინარჩუნებდა პრინციპს – „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი