ახალი ამბები

ჩინეთმა ჰონგ კონგის ავტონომიის შეზღუდვა დაიწყო

28 მაისი, 2020 • 2769
ჩინეთმა ჰონგ კონგის ავტონომიის შეზღუდვა დაიწყო

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც საშუალებას მისცემს ცენტრალურ ხელისუფლებას, ჰონგ კონგში გარკვეული შეზღუდვები დააწესოს — დასჯადი გახდება რეგიონში პეკინის ხელისუფლების ძირის გამოთხრა, იუწყება BBC.

ახალი კანონის ყველა დეტალი ჯერჯერობით ცნობილი არაა, თუმცა, როგორც BBC წერს, მოხდება შემდეგი ქმედებების კრიმინალიზაცია:

  • სეცესია — ანუ, ქვეყნისგან (კონტინენტალური ჩინეთისგან) გამოყოფა;
  • დამხობა — ანუ, ცენტრალური ხელისუფლების ავტორიტეტისთვის ძირის გამოთხრა;
  • ტერორიზმი — მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა ან მათი დაშინება;
  • ჰონგ კონგის საქმეებში უცხო ძალების ჩარევა.

გარდა ამისა, კანონის თანახმად, „საჭიროების შემთხვევაში, ცენტრალური სახალხო ხელისუფლების შესაბამის ორგანოები მოაწყობენ თავიანთ ფილიალებს ჰონგ კონგში, რათა შეასრულონ შესაბამისი ვალდებულებები და კანონის შესაბამისად,დაიცვან ეროვნული უსაფრთხოება“.

ახალ კანონს ჰონგ კონგში საპროტესტო აქციები უკვე მოჰყვა.

რატომ არ ჰქონდა ცენტრალურ ხელისუფლებას თავისი წარმომადგენლობა ჰონგ კონგში?

1997 წლამდე ჰონგ კონგი ჩინეთის ნაწილი არ იყო. XIX საუკუნეში, ბრიტანეთის იმპერიისა და მაშინდელი ჩინეთის „ოპიუმის ომის“ შედეგად, სამეფომ ჰონგ-კონგზე და ზოგიერთ სხვა ტერიტორიაზე კონტროლი მოიპოვა.

აქედან გამომდინარე, 1997 წლამდე ჰონგ კონგს ბრიტანეთიდან გამოგზავნილი გუბერნატორი მართავდა, თუმცა ამავე წლის პირველ ივვლისს ჰონგ კონგი ოფიციალურად გადაეცა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, ზოგიერთი პირობის გათვალისწინებით.

შეთანხმების შედეგად, ჰონგ კონგს მიეცა უნიკალური სტატუსი — იგივე „ერთი ქვეყნისა და ორის სისტემის“ პრინციპი, რომლითაც ჰონგ-კონგზე არ ვრცელდებოდა კონტინენტალური ჩინეთის კანონმდებლობისა და სისტემის ზოგიერთი ნაწილი და ამგვარად, ჰონგ კონგის მოსახლეობა სარგებლობდა პოლიტიკური თუ ეკონომიკური უფლებებით, რომლებიც დანარჩენი ჩინეთის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი არაა.

რა მოხდა შემდეგ?

2019 წლის მარტის ბოლოს ჰონგ კონგის მთავრობამ პარლამენტს შესთავაზა „ექსტრადიციის კანონი“, რომლის თანახმადაც, შესაძლებელი გახდებოდა კუნძულზე დაპატიმრებული პირების კონტინენტალურ ჩინეთში ექსტრადიცია.

კანონპროექტმა ჰონგ კონგის მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია — უკმაყოფილო მოქალაქეებმა აქციები მოაწყვეს, რომელთა დაშლის დროსაც პოლიციასთან არაერთი შეტაკება მოხდა. პოლიციის ქმედებებს მაშინ გმობდნენ საერთაშორისო აქტორები.

კანონპროექტი, საბოლოო ჯამში, დღის წესრიგიდან მოხსნეს, თუმცა, BBC-ის ცნობით, მის გამო დაწყებულმა პროტესტმა ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლების საწინააღმდეგო და პროდემოკრატიული მოძრაობის სახე მიიღო.

მიიღებენ თუ არა ახალ კანონს და როგორია საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია?

BBC-ის ინფორმაციით, კანონი, რომელიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა, გადაეცა ჩინეთის კომუნისტური პარტიის აღმასრულებელ ორგანოს და ამგვარად, შესაძლებელია, რომ აგვისტოში ის უკვე ძალაში შევიდეს.

მომხდარს უკვე გამოეხმაურნენ შეერთებულ შტატებში — სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით, კუნძულზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ შესაძლოა, ჰონგ კონგი აღარ განიხილებოდეს როგორც სუბიექტი, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლებისგან „ავტონომიის მაღალი დონე აქვს“.

ამგვარად, აშშ-ის კანონმდებლობით, ვაშინგტონის დამოკიდებულება ჰონგ კონგისადმი აღარ იქნება განსხვავებული დანარჩენი ჩინეთისგან. ასეთ გადაწყვეტილებას შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს ჰონგ კონგის, როგორც სავაჭრო ჰაბის სტატუსზე.


გარეკანის ფოტო: EPA

 

მასალების გადაბეჭდვის წესი