ახალი ამბები

ჰონგ-კონგელები გრძელ რიგებში ჩადგნენ, რათა კრიტიკული გაზეთის ბოლო ნომერი შეიძინონ

24 ივნისი, 2021 • 1266
ჰონგ-კონგელები გრძელ რიგებში ჩადგნენ, რათა კრიტიკული გაზეთის ბოლო ნომერი შეიძინონ

ჰონგ-კონგის მოქალაქეებმა წვიმიან ამინდში რამდენიმე საათი გაატარეს ასობით მეტრის სიგრძის რიგებში, რათა ქალაქში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დამოუკიდებელი გაზეთის ბოლო ნომერი შეეძინათ. გამოცემა “Apple Daily” იძულებულია, მუშაობა შეაჩეროს მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მისი ხელმძღვანელი პირები ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბრალდებებით დააკავა, აქტივები კი — გაყინა.

“გარდიანის” ინფორმაციით, ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლების მიმართ კრიტიკული გაზეთი, როგორც წესი, 80 000-იანი ტირაჟით გამოდიოდა, თუმცა ბოლო, გამოსამშვიდობებელ ნომერზე მოსახლეობის განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნის გამო “Apple Daily”-მ მილიონი ეგზემპლარი დაბეჭდა. მოთხოვნა იმდენად მაღალი იყო, რომ მსურველები ონლაინ ცხრილებში ეძებდნენ იმ მაღაზიებს, სადაც გამოცემა ჯერ კიდევ იყო ხელმისაწვდომი.


სანამ გრძელ რიგებში ჩადგებოდნენ, გასულ ღამეს მოქალაქეები გაზეთის რედაქციასთან შეიკრიბნენ, რათა მადლობა გადაეხადათ მისი თანამშრომლებისთვის გაწეული შრომის გამო. თავის მხრივ, ჟურნალისტები ოფისის აივნებსა და ფანჯრებთან ანთებული ფანრებით დახვდნენ მხარდამჭერებს.

სანამ გაზეთის რედაქციასა და მის მფლობელ კომპანიაში დახურვის გადაწყვეტილებამდე მივიდოდნენ, ხელისუფლებამ ერთმანეთის მიყოლებით დააკავა “Apple Daily”-ის ხელმძღვანელები და ჟურნალისტები, რასაც მოჰყვა რეიდი მის ოფისში და აქტივების გაყინვა. გაზეთის დამფუძნებელი და მფლობელი დეკემბრიდან ციხეშია, აღმასრულებელი დირექტორი და მთავარი რედაქტორი — გასული სამშაბათიდან, ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტი კი 24 საათის წინ დააკავეს.

ყველა დაკავებულს ედავებიან ეროვნული უსაფრთხოების კანონის დარღვევას, რომელსაც კრიტიკოსები განსხვავებული აზრის ჩახშობის ხერხად განიხილავენ. აღნიშნულს არ ეთანხმებიან ოფიციალური პირები, რომლებიც დასძენენ, რომ გაზეთის თანამშრომელთა საქმიანობას არაფერი ჰქონდა საერთო “ნორმალურ ჟურნალისტიკასთან”. “გარდიანის” ცნობით, ისინი გამორიცხავენ, რომ გამოცემის ხელმძღვანელთა დაკავება თავისუფალ სიტყვაზე შეტევაა.

გაზეთის დახურვას მასზე პასუხისმგებელი პირები ხსნიან, ერთი მხრივ, ბოლო მოვლენების ფონზე შექმნილი ფინანსური პრობლემებით, მეორე მხრივ კი — თანამშრომელთა უსაფრთხოებით, იმ ფონზე, როცა გამოძიება გამოცემის წინააღმდეგ ჯერაც მიმდინარეობს.


გაზეთის მფლობელთა და ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით, მუშაობას აჩერებს არა მხოლოდ ბეჭდური გამოცემა, არამედ “Apple Daily”-სთან დაკავშირებული გვერდები სოციალურ მედიაში. ადგილობრივი პრესის თანახმად, გაზეთის მხარდამჭერი IT სპეციალისტები ცდილობენ, შეინარჩუნონ “Apple Daily”-ის ელექტრონული არქივი. ამისთვის ასობით ადამიანის მობილიზება მოხდა, რომელთა შორისაც აქტიური დისკუსია მიმდინარეობს ონლაინ სივრცეში.

გაზეთის არსებობის ბოლო საათებში მის ოფისში იმაზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, ვიდრე ეს მანამდე, ჩვეულებრივ სამუშაო დღეებში ხდებოდა. ემოციური შეკრების დროს ისინი გაზეთის უკანასკნელ ეგზემპლარებს არიგებდნენ როგორც ერთმანეთში, ისე ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებს შორის. ადგილობრივი ტელევიზიის თანახმად, მოგვიანებით ადგილზე პოლიცია გამოჩნდა და იქ მყოფები პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევაზე გააფრთხილა.

დახურვამდე გავრცელებულ ღია წერილში გაზეთმა მოქალაქეებს მიმართა:

“Apple Daily არ ყოფილა საუკეთესო, მაგრამ რა იქნება ჰონგ-კონგი ჩვენ გარეშე? მადლობას ვუხდით მკითხველებს იმისთვის, რომ შემოგვიერთდნენ. ჩვენ კარგად ვიომეთ”.

ეროვნული უსაფრთხოების კანონი ჩინეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ ჰონგ-კონგში გასული წლის მასობრივი პროდემოკრატიული პროტესტის შემდეგ შემოიღო. BBC-ის თანახმად, კანონი ამცირებს რეგიონის სასამართლოს ავტონომიას და ამარტივებს აქტივისტებისა და დემონსტრანტების დასჯას. მისი ამოქმედების შემდეგ უკვე დააკავეს 100-ზე მეტი ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი