ახალი ამბები

42 ქვეყნის ჟურნალისტები ჰონგ-კონგში დაკავებული მედიამაგნატის გათავისუფლებას მოითხოვენ

16 მაისი, 2023 • 762
42 ქვეყნის ჟურნალისტები ჰონგ-კონგში დაკავებული მედიამაგნატის გათავისუფლებას მოითხოვენ

42 ქვეყანაში მოქმედი 116 მედიაორგანიზაციის წარმომადგენლები ჰონგ-კონგში დაპატიმრებული მედიამაგნატის, ჯიმი ლაის გათავისუფლებას მოითხოვენ. ამ ფორმით ისინი საერთაშორისო ორგანიზაციის, “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”(RSF) ანალოგიურ მოწოდებას უერთდებიან.

განცხადებას, სხვებთან ერთად, “ნეტგაზეთიც” აწერს ხელს.

75 წლის ჯიმი ლაი ჰონგ-კონგის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პრო-დემოკრატიული გაზეთის, “Apple Daily”-ს დამფუძნებელია. ის 47 ცნობილ დემოკრატ აქტივისტს შორისაა, რომელთა საქმის განხილვაც “დივერსიის” ბრალდებით მიმდინარეობს ჰონგ-კონგში.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 75 წლის მედიამაგნატს, შესაძლოა, მთელი დარჩენილი ცხოვრების ციხეში გატარება მოუწიოს. მის წინააღმდეგ ეროვნული უსაფრთხოების კანონს იყენებენ, რომელიც ჩინეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ ჰონგ-კონგში 2019-2020 წლების მასობრივი პროდემოკრატიული პროტესტის შემდეგ შემოიღო.

“ჩვენ, როგორც ახალი ამბების მედიაორგანიზაციების გამომცემლები და რედაქტორები მთელი მსოფლიოდან, ვერთიანდებით ჯიმი ლაისა და მისი ბრძოლის გარშემო, რომელიც ჰონგ-კონგში მედია პლურალიზმსა და პრესის თავისუფლებას მიუძღვნა.

ჯიმი ლაი ამ ღირებულებებს მთელი თავისი ცხოვრება იცავდა და დააარსა “Apple Daily”, რათა ჰონკონგის მოსახლეობას ჰქონოდა წვდომა სასიცოცხლო, დამოუკიდებელ ინფორმაციაზე.

უზარმაზარი გამბედაობით, მან ჰონგ კონგში დარჩენა არჩია და განაგრძო [გაზეთის] გამოქვეყნება მანამ, სანამ ეს შეეძლო, მიუხედავად მძიმე რეპრესიებისა მის გარშემო”, — წერია მედიაორგანიზაციების განცხადებაში.

ჯიმი ლაი 2022 წელს უკვე გაასამართლეს თაღლითობის ბრალდებით და თითქმის 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. კიდევ უფრო ადრე, მედიამაგნატი 13 თვით დააპატიმრეს ჰონგ-კონგში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, რომლითაც პატივი მიაგეს 1989 წელს, ჩინეთის დედაქალაქში, საპროტესტო აქციის სასტიკი დარბევისას დაღუპულთა ხსოვნას.

ხსენებული განცხადების ხელმომწერები მედიამაგნატის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს აფასებენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კანონის დარღვევად და ჩინეთის რეჟიმის მცდელობად, კონტროლი დაამყაროს ინფორმაციაზე.

“როცა პრესის თავისუფლება საფრთხეშია სადღაც, [ეს ნიშნავს, რომ ]ის საფრთხეშია ყველგან”.

“ჩვენ გვჯერა, რომ [ჯიმი ლაი] მიზანში ამოიღეს [პროცესების] დამოუკიდებელი გაშუქებისთვის და ვგმობთ მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას. ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბრალდებების მოხსნას, ისევე როგორც, მსჯავრის გაუქმებას სხვა ბრალდებებთან დაკავშირებით”, — აღნიშნავენ ხელმომწერები.

ჯიმი ლაის მიერ დაფუძნებული “Apple Daily”2021 წელს, მას შემდეგ დაიხურა, რაც ერთმანეთის მიყოლებით დააპატიმრეს გაზეთის ხელმძღვანელები და ჟურნალისტები. მოქალაქეები გრძელ რიგებში ჩადგნენ, რათა საყვარელი გაზეთის უკანასკნელ ნომერი შეეძინათ.

ეროვნული უსაფრთხოების კანონი, რომლითაც მედიამაგნატსა და სხვა დისიდენტებს ედავებიან, ზღუდავს ჰონგ-კონგის ავტონომიას, რომლის მოქალაქეებიც ერთ დროს მეტ-ნაკლები თავისუფლებებით სარგებლობდნენ ჩინეთის სხვა რეგიონებთან შედარებით.

კანონი მნიშვნელოვნად რეგიონის სასამართლოს ავტონომიას და ცენტრალურ ხელისუფლებას უმარტივებს იმ მოქალაქეთა დასჯას, ვინც მის პოლიტიკას არ ეთანხმება.

მედიამაგნატის მხარდამჭერი განცხადების ხელმომწერნი ჰონგ-კონგში დაკავებული სხვა ჟურნალისტების გათავისუფლებას და მედიის სხვა წარმომადგენლებისთვის წაყენებული ბრალდებების მოხსნასაც მოითხოვენ.

“ჩვენ ასევე ვითხოვთ, მუშაობის განახლების უფლება მიეცეთ მედიაორგანიზაციებს, მათ შორის, “Apple Daily”-სა და “Stand News”-ს, რომელთა იძულებითმა დახურვამაც დამანგრეველი დარტყმა მიაყენა მედიის თავისუფლებას ჰონგ-კონგში.

პრესის თავისუფლების საყოველთაო უფლება დაცული უნდა იყოს ხალხისთვის ჰონგ-კონგში და მთელ მსოფლიოში”, — ამბობენ ისინი.

გარეკანის ფოტო: BBC/Getty Images

მასალების გადაბეჭდვის წესი