სასამართლოს უგრეხელიძის მიერ თანამშრომლის შევიწროებაზე არ უმსჯელია – მესხიძის ადვოკატი

დღეს, 9 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ საჯარო რეესტრის სააგენტოს ყოფილი უფროსის, პაპუნა უგრეხელიძის მოთხოვნების ნაწილი დააკმაყოფილა. უგრეხელიძე ყოფილი თანამშრომლისგან, ეკატერინე მესხიძისგან სხვადასხვა ტელეეთერით გავრცელებული ცნობების უარყოფას მოითხოვდა. მესხიძის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა, სადაც ამბობენ, რომ სასამართლოში უგრეხელიძე ითხოვდა კონკრეტული განცხადებების უარყოფას და სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია არსობრივად, შეავიწროვა თუ არა სექსუალურად უგრეხელიძემ მესხიძე სამუშაო ადგილზე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მხოლოდ სარეზულუციო ნაწილი გამოაცხადა, ხოლო მხარეებს დასაბუთებული გადაწყვეტილება მოგვიანებით ჩაბარდებათ.

მოსამართლის დასაბუთების ჩაბარებისა და გაცნობის შემდეგ საია სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას.

“ერთი ინსტიტუცია გვაქვს სახალხო დამცველი, მეორე – სასამართლო. დღეს სასამართლოს არ უმსჯელია სექსუალურ შევიწროებაზე და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაზე. შესაბამისად, სასამართლო ვერ იტყოდა, რომ ადგილი არ ჰქონია ეკატერინე მესხიძის მიმართ განხორციელებულ შევუწროებას და სქესის ნიშნით დისკრიმინაციას. სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ იმ მოთხოვნებზე, რომელიც დააყენა პაპუნა უგრეხელიძემ. პაპუნა უგრეხელიძეს ჰქონდა დაყენებული სასარჩელო მოთხოვნა ცნობების უარყოფასთან დაკავშირებით. მას ჰქონდა სასარჩელო მოთხოვნა, რომელშიც რამდენიმე გარემოების უარყოფას ითხოვდა, უბრალოდ. აქედან სასამართლომ ნაწილზე ჩათვალა, რომ უნდა მოეთხოვა უარყოფა ეკატერინე მესხიძისგან, ნაწილზე – არა”, – უთხა ნეტგაზეთს მესხიძის ინტერესების დამცველმა მარიკა დუმბაძემ.

დუმბაძის თქმით, ისინი გაასაჩივრებენ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, რადგან მისივე განმარტებით, “მოსაზრება და აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. შესაბამისად, აზრის შემთხვევაში, ვერ დაავალებ პირს, რომ უარყოს გავრცელებული ცნობები. თუმცა, რა ფაქტებთან დაკავშირებითაც სასამართლომ დაავალა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში პროცესის მიმდინარეობისას შესაბამისი მტკიცებუელბებით ფაქტების სისწორე დაადასტურა ეკატერინე მესხიძემ. შესაბამისად, არ ვიზიარებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და ვაპირებთ გავასაჩივროთ აპელაციაში.”
 
“რაც შეეხება იმას, დღეის მდგომარეობით, არის თუ არა პაპუნა ურეხელიძის მხრიდან განხორცილებული სექსუალური შევიწროება, ეს არ ყოფილა სასამართლოს განხილვის საგანი. სახალხო დამცველს აქვს დადგენილი 2017 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით ეკატერინე მესხიძის მისამართით პაპუნა უფრეხელიძის მხრიდან განხორციელებული სექსუალური შევიწროებით და სქსესის ნიშნით დისკრიმინაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ არ საჩივრდება. დღეის მდგომარეობით, სახეზე გვაქვს განხორციელებული დისკრიმინაცია. სასამართლოს არ გადაუსინჯავს და მისი სისწორე არ შეუმოწმებია. სულ სხვა გარემოებაზე იყო სასამართლო. სასამართლოში პაპუნა უგრეხელიძე ითხოვდა ეკატერინე მესხიძის მიერ გავრცელებული ცნობების უარყოფას. ის, რომ სექსუალურ შევიწროებას ადგილი არ ჰქონია, სასამართლოს არ უთქვამს”, – ამბობს მესხიძის ინტერესების დამცველი.

მოსამართლემ ეკატერინე მესხიძეს დაავალა, უარყოს პაპუნა უგრეხელიძის წინააღმდეგ გავრცელებული ბრალდებები იმავე მედიასაშუალებებით, რომლითაც მან გასულ წელს ინფორმაციები გაავრცელა.

“სასამართლომ დააკმაყოფილა ჩემი სასარჩელო მოთხოვნა და დადგინა, რომ ჩემი საჯარო რეესტრის თავმჯდომარეობის დროს არ ჰქონია ძალადობას და სექსუალურ შევიწროებას ადგილი. უფრო მეტიც, მან მოპასუხე ეკატერინე მესხიძეს დაავალა, მთელ რიგ კომპანიებში უარყოს 1 წლის წინ მის მიერ გავრცელებული ცრუ, მოგონილი ბრალდებები, რომელმაც ზიანი მიაყენა ჩემ საქმიან რეპუტაციას, შელახა ჩემი პატივი და ღირსება და, რაც მთავარია, შეურაცხყო მისივე კოლეგები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები”, – განუცხადა ტელეიმედს პაპუნა უგრეხელიძემ.

პაპუნა უგრეხელიძის ადვოკატი, გელა ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება მათთვის, “ვინც გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ თემებს იყენებს იმისთვის, რომ ადამიანს ცილი დასწამოს და ტალახი ესროლოს”.


2018 წლის მარტში პაპუნა უგრეხელიძეს საჯარო რეესტრის ყოფილმა თანამშრომელმა, ეკატერინე მესხიძემ ბრალი დასდო სქესის ნიშნით დისკრიმინაციაში, რომელიც სექსუალურ შევიწროებაში გამოიხატებოდა.

სახალხო დამცველმა ამ საქმეზე დაადგინა, რომ “პაპუნა უგრეხელიძემ დაზარალებულის მამართ ჩაიდინა შევიწროებითა და სექსუალური შევიწროებით გამოხატული, სქესის ნიშნით დისკრიმინაცია”. დაზარალებული ასევე ამბობს, რომ თავად მიაწოდა ინფორმაცია პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და იუსტიციის მინისტრს.

ამ ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სავარაუდო მსხვერპლმა “დევდარიანის საქმის” შემდეგ მედიასთან საუბარი გადაწყვიტა და ტელეკომპანია “იმედს” ინტერვიუ მისცა.

პაპუნა უგრეხელიძე საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარედ 2013 წელს დაინიშნა, ხოლო თანამდებობა 2018 წლის 27 მარტს დატოვა.

ვრცლად პაპუნა უგრეხელიძის საქმის შესახებ წაიკითხეთ აქ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.