ახალი ამბები

როგორ უნდა ებრძოლოს საქართველო კიბერთაღლითობას? – განხილვა თბილისში

8 აგვისტო, 2019 • 2082
როგორ უნდა ებრძოლოს საქართველო კიბერთაღლითობას? – განხილვა თბილისში

საქართველოს ეროვნული ბანკის, საბანკო ასოციაციის, შსს-სა და სხვა უწყებების წარმომადგენლებმა ბოლო დროს გახშირებულ კიბერთაღლითობებზე იმსჯელეს. დახურული შეხვედრა, რომელზეც ე.წ. “ფიშინგის” წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმას განიხილავდნენ, დღეს, 8 აგვისტოს, თბილისში გაიმართა.

სოციალურ ქსელსა თუ სხვა სივრცეებში ბოლო დროს განსაკუთრებით ბევრი ადამიანი ახმიანებს საკუთარ ისტორიებს, როგორ მიითვისეს მათი კუთვნილი თანხები ინტერნეტ-სივრცეში მოქმედმა თაღლითებმა. ისინი მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის მიღების მიზნით ავტორიზებული ბანკების სახელით სხვადასხვა კამპანიას აფუძნებენ, აქვეყნებენ შეთავაზებებს, მსხვერპლის “წამოგების” შემთხვევაში კი პროცესი კიბერთაღლითობით სრულდება.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, რომელიც დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობდა, ტენდენცია ბოლო ხანებში განსაკუთრებით გახშირდა როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. ალექსანდრე ძნელაძე აღნიშნავს, რომ ასეთი მასშტაბებისათვის არასაკმარისი მზაობის პრობლემა სხვა სახელმწიფოებშიც დგას.

“არამხოლოდ საქართველო, არამხოლოდ მსოფლიო არ იყო მზად. რეალურად რომ ნახოთ, ფიშინგი წლის ერთ-ერთ რისკად არის აღიარებული მსოფლიოში, რაც არის პირდაპირ იმის ასახვა, რომ დღეს კიბერთაღლითობა ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომლის პრევენციულ ზომებზე მთლიანად მსოფლიოში მიმდინარეობს მუშაობა.

…თუ კონკრეტული თაღლითობა არის ერთ ან თუნდაც ათ ადამიანზე მიმართული, ეს მართვადია, ვინაიდან იდენტიფიცირებადია, ვინ ახორციელებს ამას და რა წყაროებიდან იმართება თაღლითობა. მაგრამ როცა ეს ატარებს მასობრივ ხასიათს და, ფაქტობრივად, ყველა მსხვერპლი ვართ – უბრალოდ, ან გავებმებით კაუჭში, ან არა – ამ შემთხვევაში იქმნება აღნიშნული პრობლემა”, – აცხადებს ის.

ძნელაძის თქმით, მომხმარებელთა დროული ინფორმირების მიზნით პრევენციული მექანიზმები უკვე არსებობს. მათ შორის ინტერნეტ -ბანკების სისტემაში შესვლის წინ შესაბამისი მოკლეტექსტური შეტყობინებების სისტემას ასახელებს, რომელიც ადამიანებს რისკის შესახებ აუწყებს. კითხვაზე, რა პასუხისმგებლობა აქვს ბანკს მაშინ, როცა მომხმარებელი უკვე გახდება თაღლითური სქემის მსხვერპლი, საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს კონკრეტულ შემთხვევაზეა დამოკიდებული:

“არ გეგონოთ, რომ [დაკარგული თანხის] ანაზღაურება არ ხდება, ან ანაზღაურებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას რომელიმე საფინანსო ინსტიტუტი იხსნის. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც საჭიროა უფრო მეტის გაკეთება, მაგალითად, სასამართლოში წასვლა. აქედან გამომდინარე, ყველა მომხმარებელს ვურჩევ: თუ ისინი თვლიან თავს დაზარალებულად, მიმართონ სასამართლოს”.

8 აგვისტოს შეხვედრის მონაწილეებს მედიასთან ბევრი არ უსაუბრიათ იმის შესახებ, რა კონკრეტული მექანიზმები განიხილეს ან შეიმუშავეს გახშირებულ პრობლემასთან საბრძოლველად.

“იყო კონკრეტულ მექანიზმებზე შეთანხმება, რომლის გამჟღავნება კიბერუსაფრთხოების რისკების თავიდან აცილებას ხელს არ შეუწყობს”, – უთხრა ჟურნალისტებს ვახტანგ აბაშიძემ, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა. მისი თქმით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ეროვნული ბანკის, შსს-ს, კომუნიკაციების კომისიის, ბანკებისა და სხვათა მონაწილეობით, რომლებიც აღნიშნულ მექანიზმებზე იმუშავებენ.

იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარის, ნიკოლოზ გაგნიძის განცხადებით, უკვე მოქმედებს სისტემა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფოს რეკომენდაციით საქართველოში მოქმედი პროვაიდერები ჰაკერების მიერ შექმნილ ვებგვერდებს ბლოკავენ. მისი თქმით, დროული რეაგირების მიზნით, აღნიშნული მექანიზმის გაღრმავების ინიციატივაც გახმიანდა – მათ შორის, სამართლებრივი კუთხით.

“ეს პრაქტიკა უკვე მოქმედებს და შევთანხმდით იმაზე, რომ ამას გარკვეულწილად სამართლებრივ საფუძველს გამოვუძებნით, გარდა ჩვენი რეკომენდაციისა. გავაფორმებთ მემორანდუმს, რომელშიც საუბარი იქნება იმაზე, რომელ მონაწილეს რა ვალდებულება ექნება და კონკრეტულად რა ღონისძიებას განახორციელებს”, – აცხადებს ის.

წაიკითხეთ კიბერთაღლითობების შემთხვევებზე “ნეტგაზეთის” არქივიდან:

კიბერდანაშაულის მსხვერპლი სოლო კლიენტები საქართველოს ბანკის წინააღმდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი