ახალი ამბები

სამტრედიის ჩხუბზე, რომელშიც სავარაუდოდ მღვდელიც მონაწილეობდა, 2 პირი დააკავეს

2 აგვისტო, 2019 • 1656
სამტრედიის ჩხუბზე, რომელშიც სავარაუდოდ მღვდელიც მონაწილეობდა, 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირველ აგვისტოს სამტრედიაში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ცოლ-ქმარს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს  საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის მოტივის, ასევე, დანაშაულში მონაწილე  სხვა პირების დადგენის მიზნით. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

ქეთი კამკამიძე აცხადებს, რომ ქმართან ერთად იმყოფებოდა, როდესაც სამტრედიაში სასულიერო პირმა და მისმა თანმხლებმა პირებმა სცემეს.

მომხდარის შესახებ ამბის უშუალო მონაწილის, ქეთი კამკამიძის კომენტარს ავრცელებს “იმედინიუსიც”.

“გზაზე მე და ჩემი მეუღლე გადავდიოდით. მაღალი სიჩქარით მანქანამ ჩაგვიქროლა და რაღაც ნივთი გვესროლა. ამაზე მქონდა რეაქცია, თუმცა შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია. მობრუნდა მანქანა, რომელშიც სასულიერო პირიც იჯდა. გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენეს. მანქანით ფეხზე გადამიარეს”, – უთხრა “იმედინიუსს” კამკამიძემ.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, დაკავებულებს შორის ხომ არ არის სასულიერო პირი, ან ვინ არის ის. უწყებაში გვითხრეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და პრესრელიზით გავრცლეებულ ინფორმაციაზე მეტ ცნობას ვერ მოგვაწვდიან.

ნეტგაზეთი ცდილობს დამატებითი დეტალების გარკვევას.

მასალების გადაბეჭდვის წესი