ახალი ამბებირეკლამა

თამარ ჩუგოშვილი: აუცილებელია ყოფილი პატიმრების ემოციური მხარდაჭერა

1 აგვისტო, 2019 • 1524
თამარ ჩუგოშვილი: აუცილებელია ყოფილი პატიმრების ემოციური მხარდაჭერა

თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი 

„ჩვენს საზოგადოებაში არსებობს სტიგმა ყოფილი პატიმრის სტატუსთან დაკავშირებით. სტიგმის შესამცირებლად  საზოგადოებამ ყოფილი პატიმარი თავის სრულფასოვან წევრად უნდა მიიღოს, ხოლო სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ყოფილი პატიმრისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც  მას დაეხმარება თავი იგრძნოს რეალიზებულად და საჭიროდ, როგორც თავისი ოჯახისათვის, ისე საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის.

საქართველომ 2012 წლიდან რეპრესიულის ნაცვლად ჰუმანური მიდგომა აირჩია და შექმნა არაერთი პროგრამა, რომლის მიზანიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად დაბრუნება და განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილებაა.

რეაბილიტაციის პროცესი იწყება საპატიმრო დაწესებულებაში და გრძელდება დაწესებულების დატოვების შემდეგ. სწორედ ამიტომ, სახელმწიფომ დაარსა გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულება, რომლის დატოვებაც პატიმარს დადგენილი წესით შეუძლია. გარდა ამისა, პენიტენციური და განათლების სისტემა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს პატიმრების მიერ, როგორც პროფესიული, ასევე ზოგადი და უმაღლესი განათლების მისაღებად. ამასთან ერთად, შექმნილია უფასო სარეაბილიტაციო პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებენ საგრანტო პროგრამებს მცირე ბიზნესის ხელშეწყობისთვის, სპორტულ-კულტურულ ღონისძიებებს, არაფორმალურ განათლება/ტრენინგებს, სტაჟირებას სხვადასხვა ორგანიზაციაში, სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის დახმარებას, იურიდიულ მომსახურებას  და სხვა. გვაქვს პენიტენციურ დაწესებულებაში  სამკერვალო საწარმოს დაფუძნების კარგი გამოცდილებაც, სადაც პატიმარი ქალები დასაქმდნენ.

ზოგადად, როდესაც დროებით აკრძალვებს ან შეზღუდვებს ვაწესებთ, სასჯელები მაქვს მხედველობაში, ეს უნდა იყოს მართლაც დროებითი. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ყოფილ პატიმრებს მიეცეთ შანსი გათავისუფლდნენ დანაშაულებრივი წარსულისგან და დაიწყონ ღირსეულ მომავალზე ზრუნვა. წარმატებული რესოციალიზაციისათვის  არ უნდა დაგვავიწყდეს საზოგადოების როლიც – აუცილებელია  ყოფილი პატიმრების ემოციური მხარდაჭერა, ეს მათ სრულუფლებიან და სანდო პირებად აგრძნობინებს თავს“.

_______________

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

მასალების გადაბეჭდვის წესი