ახალი ამბები

სამწუხაროდ, სასამართლომ მაინც გადაწყვიტა, რომ პოლიტიკური მხარე გამხდარიყო – ჩუგოშვილი

16 ოქტომბერი, 2023 • 1195
სამწუხაროდ, სასამართლომ მაინც გადაწყვიტა, რომ პოლიტიკური მხარე გამხდარიყო – ჩუგოშვილი

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები, მაია კოპალეიშვილი და თამარ ჩუგოშვილი არ იზიარებენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ამის შესახებ მათ დღეს, 16 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

როგორც მაია კოპალეიშვილმა განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა ტენდენციურია და ზუსტად იმ ენით და მიზნებით საუბრობს, რაც  ამოძრავებდათ კონსტიტუციური წარდგინების ავტორებს, „ქართული ოცნების“ წევრებს.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლო ცოტა მეტი სინათლე შეეტანა საკითხში, თუმცა დღეს გამოქვეყნებული დასკვნით მთლიანად შევიდა პოლიტიკურ პროცესში. როგორც კოპალეიშვილი ამბობს,  საკონსტიტუციო სასამართლო ძირითად არგუმენტებს მაინც აკეთებს ხედვაზე და იმედს იტოვებს, რომ პარლამენტმა, სადაც პროცესი სრულდება, შესაძლოა არ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.

„გადავხედეთ ძირითად გარემოებებს, ძირითად დასაბუთებებს – დასკვნა არის ტენდენციური.  მინდა ეს პირდაპირ ვთქვა, რომ ფაქტობრივად, საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად,  ერთი-ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები.   რაიმე ცვლილებაც კი არ შეიტანა მათ მოსაზრებებში, ტერმინებში. მხოლოდ უბრალოდ შეავსო გარკვეული განმარტებებით“, – ამბობს მაია კოპალეიშვილი.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, პრეზიდენტის წარმომადგენლებმა სცადეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სამართლებრივ ჭრილში დარჩენილიყო და პოლიტიკური მხარე არ გამხდარიყო. თუმცა, მისი თქმით, სასამართლომ  დღევანდელი დასკვნით გადაწყვიტა, რომ პოლიტიკური მხარე გამხდარიყო.

„დღესაც სასამართლოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტი არ გამოცხადდა განხილვებზე. არ გამოცხადდა კი არა, კანონით აქვს ამის უფლება და  პრეზიდენტი წარმოდგენილი იყო წარმომადგენლების მიერ, ზუსტად იმიტომ, რომ სასამართლო განხილვა ყოფილიყო სამართლებრივი განხილვის და არა პოლიტიკური ჭიდაობის, თუ კინკლაობის სივრცე. სწორედ ამას ემსახურებოდა ჩვენი იქ ყოფნა.

სამწუხაროდ, სასამართლომ მაინც გადაწყვიტა, რომ პოლიტიკური მხარე გამხდარიყო და როცა ვკითხულობთ ამ დასკვნას, ძალიან მიმყარდება ეს სამწუხარო განცდა, რომელიც გამიჩნდა განხილვების დროს. პირველი წუთიდან, როგორც კი სხდომა დაიწყო, სრულიად გასაგები გახდა, სად იდგა მოსამართლეების უმრავლესობა. დიდი მადლობა რამდენიმე მოსამართლეს, რომელმაც განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა. განსხვავებული აზრების არსებობა ამ საქმეში არის ძალიან მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანა, რომ ეს დასკვნა არ არის ერთსულოვანი სასამართლოს მხრიდან“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.


საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, 16 ოქტომბერს, გამოცხადდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს სასამართლოს დასვნას, რომლითაც პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო, მხარი საკონსტიტუციოს 9 მოსამართლიდან 6-მა დაუჭირა. მოსამართლეები, რომლებმაც განსხვავებული  მოსაზრება დააფიქსირეს, არიან: ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში.

პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს “ქართული ოცნების” დეპუტატებმა მიმართეს. მათ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა აქვთ წამოწყებული. თავად პრეზიდენტის პოზიციაა, რომ უცხოეთში ვიზიტებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საქმეში მხარდაჭერის მოსაპოვებლად მართავს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ახლა პროცესები პარლამენტში უნდა გაგრძელდეს. იმპიჩმენტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს, სადაც ამისათვის 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. “ქართულ ოცნებას” და მის მოკავშირეებს ამ ეტაპზე 100 მანდატი არ აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი