პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარე პროცესებს ეხმაურება, კერძოდ იმას, რომ ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებენ და არალეგიტიმურად ცნობენ.
როგორც ჩუგოშვილი ამბობს, ამ არჩევნებს საერთაშორისო ლეგიტიმაცია უკვე აქვს და ამ პირობებში მეორე ტურებში მონაწილეობაზე უარს ვერც ამომრჩეველი და ვერც საერთაშორისო პარტნიორები გაიგებენ.
“2 მილიონი ამომრჩეველი, ვირუსის საფრთხის ქვეშ, რისკის ფასად, მივიდა არჩევნებზე და დააფიქსირა პოზიცია. ვიდრე პარტიები იტყვიან, რომ ეს დღეს არ ითვლება, ჯერ უნდა გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ სწორად დაითვალოს მონაცემები და თუ სადმე პრობლემა იყო, ან გადაითვალოს ის უბნები, ან გაბათილდეს იმ კონკრეტულს უბნებზე შედეგები, ზოგ შემთხვევაში კი შეიძლება თავიდანაც ჩატარდეს. ჯერჯერობით ეს მცდელობები არ ჩანს”, — წერს ჩუგოშვილი ფეისბუქზე.
მისი თქმით, პარლამენტში არშესვლა ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რაც წარსულში ოპოზიციამ დაუშვა და ამ შეცდომის გამეორება არ შეიძლება.
“არ შეიძლება ხელისუფლება მარტო დატოვო პარლამენტში ყოველგვარი ოპონირების და კონკურენციის გარეშე (ეს უკვე ვქენით ერთხელ და კარგით არაფრით დასრულდა). დღეს ოპოზიციას იმაზე მეტი მანდატი აქვს მოპოვებული, ვიდრე ოდესმე, და დღევანდელი კანონმდებლობით არსებული საკონტროლო მექანიზმების გათვალისწინებით, პარლამენტში ეს მანდატები იმაზე დიდი ძალაა, ვიდრე ოდესმე. ამ ყველაფრის გამოყენების ნაცვლად, უბრალოდ, იმის თქმა, რომ არ ითვლება 31 ოქტობრის დღე, მძიმე შეცდომა იქნება”, — წერს ჩუგოშვილი.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გააყალბა. მათი ნაწილი საჯაროდ აცხადებს, რომ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს, გარდა ამისა, მონაწილეობას არ მიიღებენ მეორე ტურებში და ემზადებიან საპროტესტო აქციებისთვის, რომლის მიზანიც ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იქნება.