ახალი ამბები

გვექნება დასაბუთებული პასუხი – დვალი ხალვაშის შეთავაზებაზე

30 ივლისი, 2019 • 901
გვექნება დასაბუთებული პასუხი – დვალი ხალვაშის შეთავაზებაზე

“რუსთავი 2”-ის ერთ-ერთმა დამფუძნებლმა, დავით დვალმა, დაადასტურა ქიბარ ხალვაშის ნათქვამი, რომლის თანახმადაც არც თავად და არც ჯარჯი აქიმიძე “რუსთავი 2”-ის ახალი მფლობელის შეთავაზებით კმაყოფილნი არ არიან. ამის შესახებ დვალმა მედიასთან ისაუბრა.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მან თავი შეიკავა კონკრეტული პასუხისაგან, ეთანხმება თუ არა ხალვაშის შეთავაზებას, რომელიც “რუსთავი 2”-ის 40%-იანი წილის გადაცემას გულისხმობს.

“რა თქმა უნდა, ქიბარ ხალვაშს სრული უფლება აქვს, დაასახელოს ნებისმიერი ციფრი ან საერთოდ არაფერი შემოგვთავაზოს. უბრალოდ, ჩვენი სრული უფლებაა, მივიღოთ ან არ მივიღოთ.

ჩვენ დღეს პასუხს ამაზე არ ვიტყვით. ჩვენ მაინც ვიმსჯელებთ ჩვენს ადვოკატებთან ერთად და პასუხი დასაბუთებული იქნება. თუმცა, ერთი რამ შემიძლია გითხრათ: ქიბარმაც დაადასტურა, რომ კმაყოფილება არ გვეხატა მაინცდამაინც. მეორე, რაც გავაჟღერეთ წითელ ხაზებთან დაკავშირებით, ისიც, რა თქმა უნდა, ფაქტორი იქნება.

ძალიან საინტერესო საუბარი იყო, მაგრამ ყველაფერი მაინც დაიყვანება იმაზე, კონტროლი ვისია. ამიტომ ჩვენი პასუხიც იქნება დაფუძნებული ამ ანალიზზე. ამ წუთისთვის მკაფიოდ ჩამოყალიბებულ პასუხს ვერ გაგცემთ”, – აღნიშნავს ის.

რაც შეეხება ჯარჯი აქიმიძეს, მან “ნეტგაზეთის” კითხვის საპასუხოდ პირდაპირ თქვა, რომ თავად და დავით დვალი ხალვაშის შეთავაზებაზე თანახმანი არ არიან.

“არ ვართ თანახმა, მაგრამ რატომ არ ვართ თანახმა, ამ ყველაფერს მოგვიანებით მოგახსენებთ”, – ამბობს აქიმიძე.

მანამდე, შეხვედრიდან გამოსულმა ქიბარ ხალვაშმა მედიასთან განაცხადა, რომ ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს რუსთავი 2-ის წილის 40% შესთავაზა, რაც ამ უკანასკნელებმა არ მიიღეს.

ხალვაშის თქმით, დვალმა და აქიმიძემ მას უთხრეს, რომ ამ წინადადებას არ იღებენ და სხვა შეთავაზებას დაელოდებიან.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები გაგრძელდება.

2015 წელს ხალვაში დვალს და აქიმიძეს, რომლებიც არხის დამფუძნებლები არიან, რ2-ის წილის 50%-ს და მენეჯმენტს სთავაზობდა. დღეს ამბობს, რომ დვალს და აქიმიძეს 50% რომც დაუთმოს, დირექტორი მაინც პაატა სალია იქნება.

“რატომ გინდათ, რომ ჩემი მატერიალური ქონება გავანაწილო და ვინმეს ვაჩუქო. არ გადამითქვია [პირობა]”, – ამბობს ხალვაში. “სალია ცუდი დირექტორია?!”.

ქიბარ ხალვაშის თქმით, აგრძელებს უცხოელი მედიამენეჯერის ძიებას.

ხალვაში: დვალს და აქიმიძეს რ2-ის 40% შევთავაზე, ბედნიერება ვერ შევატყვე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი