საზოგადოება

ფონდი “მთავარი არხის” დასახმარებლად — პირველი შენატანი დავით დვალმა გააკეთა

19 მაისი, 2022 • 2016
ფონდი “მთავარი არხის” დასახმარებლად — პირველი შენატანი დავით დვალმა გააკეთა

ტელეკომპანია “მთავარი არხის” დასახმარებლად “მედიის თავისუფლების ფონდი” შეიქმნა. ტელეარხის განცხადებით, ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერი რაოდენობის თანხა შეუძლია ჩარიცხოს როგორც საქართველოს, ისე TBC ბანკის ანგარიშებზე.

“მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვიდექით და ვდგავართ თქვენს გვერდით, მიუხედავად პრობლემებისა, მიუხედავად გამოწვევებისა.

დადგა მომენტი, როდესაც, იმისთვის, რომ ისევ თქვენს გვერდით ვიდგეთ მომავალში, ახლა ჩვენ გვჭირდება თანადგომა…” — მიმართა მაყურებელს “მთავარი არხის ჟურნალისტმა, მიხეილ სესიაშვილმა.

ფონდში პირველი შენატანი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებელმა, დავით დვალმა გააკეთა. მისი თქმით, 10 000 ლარი შესწირა ტელეკომპანიას და თანამოქალაქეებსაც მოუწოდა, დაეხმარონ “მთავარ არხს”.

“დიდი პატივია ჩემთვის, რომ მებრძოლ კოლექტივს ამოვუდგე გვერდში ყველაზე კრიტიკულ ჟამს, არამარტო “მთავარისთვის”, არამედ მთელი ქვეყნისთვის.

ის, რაც ახლა ხდება ქვეყნის თავს, იგივე ნიკა გვარამიას დაპატიმრება და ბევრი სხვა პროცესი, რაც ბოლო დროს ვითარდება, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის დივერსია ჩვენი ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ”, — დასძინა მან.

ფონდის რეკვიზიტების ნახვა შესაძლებელია მითითებულ ბმულზე.

გვარამიას პატიმრობა მიუსაჯეს

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, – რომელიც ამჟამად „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორია, – 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

იგი პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლო დარბაზშივე დააკავეს და საპატიმროში გადაიყვანეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა.

ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“, რასაც დაცვის მხარე აბსურდულს უწოდებს.

ბრალდების თანახმად, დანაშაული არის ის, რომ დირექტორს მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო კომპანიისთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო.

სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას ქმედება არ იძლევა დანაშაულის შემადგენლობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი