ახალი ამბებიკომენტარი

“პირდაპირი დარტყმაა ჩვენი ქვეყნის მომავალზე” – დვალი გვარამიას დაკავებაზე

16 მაისი, 2022 • 2222
“პირდაპირი დარტყმაა ჩვენი ქვეყნის მომავალზე” – დვალი გვარამიას დაკავებაზე

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებელი დავით დვალი “ფორმულასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას დაკავება ხელისუფლების მხრიდან იმის დემონსტრირებაა, რომ რასაც უნდა იმას გააკეთებს.

დვალის თქმით, ის თავადაც იყო „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი და კარგად ესმის, თუ როგორ ხდება სარეკლამო ხელშეკრულებების დადება. მისი თქმით, გვარამიასთვის პატიმრობის შეფარდება იმის გამო, რომ კერძო კომპანიის დირექტორმა კერძო მფლობელობაში მყოფი ავტომობილი ოჯახისთვის გამოიყენა, მხოლოდ ამის დემონსტრირებაა.

„ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ მართლაც მოულოდნელი იყო. რატომღაც ველოდით, სიმბოლური ან პირობითი სასჯელი იქნებოდა. როგორც ჩანს, ზედმეტად ოპტიმისტები აღმოვჩნდით, თუმცა რეალობა გაცილებით მძიმეა. რეაქცია მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს, ეს არის ისეთი წერტილის გადალახვა, რომლიდანაც უკან მობრუნება ძალიან რთული იქნება. ხელისუფლებამ გააკეთა დემონსტრირება იმის, რომ რასაც უნდა იმას გააკეთებს. მედიასთან დაკავშირებით აქამდე იყო კატა-თაგვობანას თამაში, ასეთი პირდაპირი და უშუალო დარტყმა არ ხდებოდა.

მე არასამართლებრივ მექანიზმებს ვგულისხმობ.მეც ვიყავი რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი და ზუსტად ვიცი როგორ ხდება სარეკლამო კონტრაქტების დადება და ამაზე ბრალის წაყენება სრული აბსურდია. ნახევარი ქვეყანა მათ შორის სახელმწიფო უწყებები, რომლებიც მათ მეუღლეებს და ოჯახის წევრებს მანქანებით ემსახურებიან…. წარმოუდგენელი რაღაცა ხდება. მინდა გითხრათ, რომ ეს სასჯელი იმაზე, რომ კერძო კომპანიის დირექტორი კერძო მფლობელობაში მყოფ მანქანას ოჯახისთვის გამოიყენებს, უბრალოდ დემონსტრირებაა, რომ „ჩვენ ამას გავაკეთებთ“ – ამბობს დავით დვალი „ფორმულასთან“.

მისი თქმით, გვარამიასთვის პატიმრობის მისჯის შემდეგ ქიბარ ხალვაშის გამოჩენა, მიანიშნებს, რომ დავა აქ არ დასრულდება და ბრძოლა მხოლოდ ახლა იწყება:

„ქიბარ ხალვაშის გამოჩენა თავისი მრავალმილიონიანი მოთხოვნით მხოლოდ მიანიშნებს, რომ ბრძოლა ახლა იწყება. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მხოლოდ იმიტომ გაამტყუნა ნიკა გვარამია სასამართლომ, რომ წავიდეს უფრო მძიმე ფინანსური მოთხოვნები, რომელიც ამ სისტემაში და ამ რეალობაში როცა ჯიბეშია, მათ შორის სასამართლო, ალბათ, დიდი გამოცნობა არ დასჭირდება, იმას საით და როგორ წარიმართება.

დიდი ალბათობით ეს დააწვება თავისუფალ მაუწყებელს, „მთავარს“. მინდა მათ სოლიდარობა გამოვუხადო. ეს არ არის მხოლოდ ტელევიზიის ან ნიკა გვარამიას წინააღმდეგ [საქმე], ეს პირდაპირი დარტყმაა ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ეს ის დროა, როცა ჩვენ ევროკავშირის ვერდიქტს ველოდებით, სადაც ისედაც არ გვაქვს საქმე კარგად“ – ამბობს დავით დვალი.

ამასთან, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებელი, რომელიც კომპანიის წილების დაბრუნებისთვის ამ დრომდე აგრძელებს ბრძოლას, აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია დრო, რომელიც განაჩენის გამოცხადებისთვის შეირჩა. დვალი მიიჩნევს, რომ ამ გზით ხელისუფლება თითქოს რამდენიმე მიზნის მიღწევას ცდილობს მათ შორის ოპონენტის და თავისუფალი მედიის დასჯას და ქვეყნის მომავლისთვის უმძიმესი დარტყმის მიყენებას. მისი თქმით, დღეს ხელისუფლებამ ყველანაირად აჩვენა, რომ არ სურს ქვეყნის ევროინტეგრაცია.

„მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას, 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. წარდგენილი ბრალდებების ერთ ნაწილში გვარამია გამართლდა, ერთ-ერთი ბრალდების შემთხვევაში დაჯარიმდა, კიდევ ერთი, ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდის შემთხვევაში კი — თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი