ახალი ამბები

რას ყვება ქალი, რომელიც “ოცნების” დეპუტატს სექსუალურ შევიწროებასა და მუქარაში ადანაშაულებს

23 ივლისი, 2019 • 1887
რას ყვება ქალი, რომელიც “ოცნების” დეპუტატს სექსუალურ შევიწროებასა და მუქარაში ადანაშაულებს

ნინოწმინდის ბაღების გაერთანების დირექტორი და საბავშვო ბაღის “წიწერნაკის“ დამფუძნებელი, ნარინე გინოსიანი “ქართული ოცნების“ დეპუტატს, ენზელ მიკოიანს, სექსუალური შევიწროებასა და შანტაჟში სდებს ბრალს, რომელიც ქალის თქმით, წლების განმავლობაში გრძელდებოდა.

გინოსიანი ამობს, რომ დეპუტატმა მას არაერთხელ შესთავაზა სექსუალური კონტაქტი, დაემუქრა გაუპატიურებით და განადგურებით. თუმცა მას შემდეგ, რაც უარი განაცხადა მასთან ურთიერთობასა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან უკანონო თანამშრომლობაზე, მის წინააღმდეგ საქმე წამოიწყეს.

გინოსიანსა და ამავე ორგანიზაციის, ანუ ბაღების გაერთიანების ბუღალტერ ანჟელიკა ფუტულიანს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური  თანხების გაფლანგვასა და მითვისებაში ადანაშაულებს, ჯამში, 9 000-მდე ლარზეა საუბარი. ისინი დააკავეს, თუმცა ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ორივე მათგანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ნარინე გინოსიანი ამბობს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კი მასზე ზეწოლას ცდილობენ.

სექსუალური შევიწროება, მუქარა და გამოძიება – რას ყვება გინოსიანი

ნეტგაზეთთან საუბარში ნარინე გინოსიანი იხსენებს, რომ სექსუალური შევიწროების ფაქტები ენზელ მკოიანის მხრიდან ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო და დაახლოებით 2016 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა.

“ეს თარიღი მახსოვს იმიტომ, რომ მე ამ დროს საცხოვრებელ სახლში რემონტი მქონდა და ის მთავაზობდა, რომ თავად დააფინანსებდა ყველა ხარჯს. თავდაპირველად ჩემი მეგობრის შუამავლობით მთავაზობდა, მასთან სექსუალური კონტაქტი დამემყარებინა, მისი მეგობარი ქალი ვყოფილიყავი და ა.შ. მე კი ვუხსნიდი, რომ მყავდა ოჯახი და მის ამგვარ შემოთავაზებაზე თანახმა არ ვიყავი.

ეს შემოთავაზებები გრძელდებოდა, უკვე მირეკავდა კიდეც, მთავაზობდა მანქანებს, საზღვარგარეთ წასვლას“,- ამბობს ნარინე გინოსიანი.

ქალის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობდა საჯარო სამსახურში, პოლიტიკურ ჭრილში ყოველთვის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი იყო. ადგილობრივი ხელისუფლება კი მის გადაბირებასა და მასზე ზეწოლას ცდილობდა. გინოსიანი იხსენებს, რომ მუნიციპალიტეტსა თუ საკრებულოში კადრებს “ნაცნობობით“ ნიშნავდნენ, ის კი ბაგა-ბაღების გაერთიანებაში თანამშრომლებს მხოლოდ გასაუბრებით იღებდა.

“საქმე ის არის, რომ ისინი ყოველთვის თავად ნიშნავენ კადრებს, მე კი ასეთი კადრი არ ვიყავი და ჩემთან არ გასდიოდათ. შემდეგ კი დეპუტატი უკვე მუქარებზე გადმოვიდა, იყო საუბარი გაუპატიურებაზე, მეუბნებოდა, რომ გამანადგურებდა, როგორც პიროვნებას, რომ წავსულიყავი სამსახურიდან.

მახსენდება, რომ ერთხელ თავისთან კაბინეტში დამიბარა. თავადაპირველად ვიფიქრე, რომ როგორც არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილების მქონე ადამიანთან უნდოდა საუბარი, იმიტომ, რომ როგორც აიპ-ის დირექტორს, დეპუტატთან საქმე არ მქონდა.

მან დაიწყო ჩემთან მოახლოება, მე კი ვუთხარი, რომ ჩემთან საქმიანი ურთიერთობა დაეჭირა. ამის შემდეგ ჩემთან 1 წლის განმავლობაში არ ჰქონდა კონტაქტი, მაგრამ გამგეობის მხრიდან ზეწოლას ყოველთვის ვგრძნობდი. მიწვევდნენ ხოლმე, მთხოვნდნენ დოკუემნტებს, კერძოდ კი, საკრებულოს განათლების დეპარტამენტში, მე კი ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ჩემგან ფინანსური დოკუმენტების მოთხოვნის უფლება არ აქვთ, სპეციალური განცხადების გარეშე,“ – ყვება ნარინე გინოსიანი.

რაც შეეხება თანხების მითვისების ბრალდებას, ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი ამბობს, რომ შარშან, 2018 წელს, მაშინ, როდესაც ნინოწმინდის მერი და გამგებელი შეიცვალნენ, საკრებულოს თავმჯდომარემ ის კიდევ ერთხელ გამოიძახა და უთხრა, რომ ფინანსური დოკუმენტები წარედგინა. გინოსიანი ამბობს, რომ როგორც ყოველთვის, ამაზე უარი განაცხადა და განმარტა, რომ ფინანსური დოკუმენტების ნახვისა და შესწავლის უფლება მხოლოდ სახელმწიფო აუდიტს ჰქონდა.

“რამდენიმე დღეში აუდიტი მართლაც დანიშნეს, მარტში. წესით, ეს ივნისში ხდება ხოლმე. მე არ მქონდა ამაზე პრობლემა, თუმცა ჩემთვის პრობლემური იყო ის, რომ აუდიტის ანგარიშის გამოქვეყნებამდე საკრებულოს თავმჯდომარემ საჯაროდ განაცხადა, რომ ბიუჯეტიდან თანხებს ვიტაცებდი.

მაშინ მივხვდი, რომ ეს ჩვეულებრივი აუდიტი არ იყო… გარდა ამისა, თამვჯდომარე იმაშიც მადანაშაულებდა, რომ  შინაგანაწესის მიხედვით არ ვმუშაობდი, მე კი ვუხსნიდი, რომ უწყება სტრუქტურულად არ იყო გამართული. მე მიწევდა ყველა ბაღის მენეჯერის მოვალეობების შესრულება, მაგალითად, თუ რომელიმე ბაღში ლოკალური პრობლემა იქნებოდა, მიწევდა ამ ყველაფერზე მუშაობა.

მაბრალდებდნენ იმასაც, რომ რომელიღაც პარტიების აქტივისტი ვიყავი, თუმცა, სინამდვილეში, თავად ენზელ მკოიანი სხვადასხვა დროს თითქმის ყველა არსებული პარტიის წევრი იყო“,- განმარტავს ნარინე გინოსიანი.

ქალი ყვება, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება მკოიანის გავლენების შედეგია. ის განმარტავს, რომ საქმე ეხება იმ თანხებს, რასაც ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი თანამშრომლის წასვლის შემდეგ მის შემცვლელს ანაზღაურების სახით უხდიდა და ამაში არაფერი უკანონო არ იყო.

რაც შეეხება სამართლებრივ ბრძოლას, ნარინე გინოსიანი ამბობს, რომ ივნისში გენერალურ პროკურატურაში 2 წერილი შეიტანა. ერთი წერილი ეხებოდა ფინანსური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან მოწმეებზე ზეწოლას, მეორე წერილში კი მკოიანის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტებზე საუბრობდა.

ქალი ამბობს, რომ უწყებისგან საპასუხო წერილი არ მიუღია, თუმცა, ბოლო წერილის გაგზავნიდან დაახლოებით 2 კვირაში მის შვილს ნინოწმინდის პოლიციის უფროსის მოადგილე დაუკავშირდა და სამსახური შესთავაზა. გინოსიანმა ეს შეაფასა მის ოჯახზე თვალთვალის მცდელობად, ვინაიდან სამსახური სათარჯიმნო საქმეს ეხებოდა, მისი შვილი კი, რომელიც თბილისის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სწავლობს, მენეჯმენტის ფაკულტეტზეა ჩარიცხული.

“სულ თავიდან არ მინდოდა ამ ამბავზე საუბარი იმიტომ, რომ ქალაქი, რომელშიც ვცხოვრობ, პატარაა, ჩემი შვილები კი მაშინ 17-18 წლისანი იყვნენ, გარდატეხის ასაკში… პლუს არ მინდოდა ქმრისა და ოჯახის ჩარევა ამ უსიამოვნებაში. რომ მდომოდა, ის [მკოიანი] არაერთხელ მირეკავდა და ჩავწერდი ამ საუბრებსაც, მაგრამ მაშინ, რაკიღა საქმის წარმოებას არ ვაპირებდი, არ მიფიქრია ამის შესახებ.

გამოძიება შევიწროებაზე არ მიმდინარეობს, თუმცა, მივმართე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასა და სახალხო დამცველს. ვნახოთ, რა გამოვა,“.

ნეტგაზეთი ინტერვიუს შემდეგ დაუკავშირდა პროკურატურასა და სახალხო დამცველს. საგამოძიებო უწყებაში გვითხრეს, რომ საქმე ფინანსური პოლიციის გენერალურ ინსპექციას გადაეცა და თან დაერთო გინოსიანის წერილებიც, მათ შორის, შევიწროების შესახებ. სახალხო დამცველის აპარტში კი განმარტეს, რომ საქმეს ახლა სწავლობენ.

გინოსიანის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარი“ დაიცავს.

ენზელ მკოიანის განცხადება

ენზელ მკოიანი 5 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატია. 2016 წელს პარლამენტში “ქართულ ოცნებასთან” ერთად მოხვდა, 2012-ში – ენმ-სთან. მის სახელს უკავშირდება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას ახალქალაქში მომხდარი ინციდენტი. გაერთიანებული ოპოზიცია აცხადებდა, რომ 30 ოქტომბერს ახალქალაქში მდებარე გრიგოლ ვაშაძის შტაბი მმართველი პარტიის 30-მდე აქტივისტმა დაარბია.  საპასუხოდ კი მკოიანმა განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა, რომ ინციდენტის პროვოცირებას მმართველი პარტიის წევრების მხრიდან გამორიცხავს და მომხდარში ოპოზიციის მხარდამჭერებს ადანაშაულებს.

ნარინე გინოსიანის საქმის გახმაურების შემდეგ ენზელ მკოიანმა განცხადება გაავრცელა. ის ქალის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და ამბობს რომ ეს მის წინააღმდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი ბინძური კამპანიაა.

„გინოსიანის მიერ საბავშვო ბაღების კუთვნილი თანხების ფლანგვასთან დაკავშირებით კითხვები ჯერ კიდევ 2016 წელს გაჩნდა. მისი საქმიანობა აუდიტის სამსახურმა შეისწავლა და გინოსიანს არაერთი დარღვევა აღმოუჩინა. კერძოდ: საკანცელარიო ნივთების იმაზე ძვირად შესყიდვა, ვიდრე ოფიციალურ დოკუმენტაციაში ჰქონდა გაფორმებული. ასევე, საკვები პროდუქტების, მათ შორის პურის შეძენა ზედმეტ თანხად, ხოლო ბავშვების რაციონისთვის ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქტის სრულად მოპარვა, როგორიცაა თევზი. როგორც მშობლები და მზარეულები ირწმუნებიან, ბაღის აღსაზრდელები მუდმივად ერთი სახის საკვებს მიირთმევდნენ და მათ რაციონში თევზი, რომელსაც დოკუმენტაციის მიხედვით, გინოსიანი დიდი რაოდენობთ ყიდულობდა, საერთოდ არ ყოფილა“,- წერს დეპუტატი ენზელ მკოიანი.

ამავე განცხადებაში სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული პარლამენტარი ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები კონსულტაციებს მართავენ ნარინე გინოსიანთან.

„შეწყვიტონ თავიანთ ბინძურ კამპანიაში ჩემ წინააღმდეგ ბავშვების ფულის მიმთვისებლების გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, გავასაჯაროებ ამ ლიდერების გვარებს და ნარინე გინოსიანთან ერთად, ამ ადამიანების წინააღმდეგ სარჩელს შევიტან ჩემი პატივისა და ღირსების შემლახველი ქმედებების გამო“, – ნათქვამია დეპუტატი ენზელ მკოიანის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი