ახალი ამბები

ჯანეზაშვილმა და დოლიძემ იუსტიციის საბჭოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

22 ივლისი, 2019 • 1571
ჯანეზაშვილმა და დოლიძემ იუსტიციის საბჭოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების არასამუშაო საათებში გაგრძელების გამო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ, ისევე როგორც მანამდე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ირმა გელაშვილმა, არაერთხელ მოითხოვეს, კანდიდატებთან გასაუბრება ღამის საათებში, დაჩქარებულ რეჟიმში არ წარმართულიყო.

“ჩვენ ვართ ქალები, დედები და გვყავს ოჯახი. დილის 9 საათიდან გამოსული ვარ და ჩემს შვილს სჭირდება ელემენტარული დედის ყურადღება, სანამ დაიძინებს, ნახევარი საათით ადრე მაინც რომ ვნახო. 9 თვის შვილი მყავს. თქვენ რომ სხედხართ აქ და ატარებთ სხდომებს ღამის 9 საათზე, გეხვეწებით, რომ იქნებ სამუშაო საათებში ჩაატაროთ და არაგონივრულ გადაწყევტილებას იღებთ იმიტომ, რომ თქვენი პერსპექტივის იქით ვერაფერს ხედავთ. ეს არის აუტანელი და ახლა თან რიგითობას მიწესებს [სხდომის თავმჯდომარე გვრიტიშვილი], რომ ღამის 10 საათზე დავსვა ბოლო შეკითხვა”, –  განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

“ვისაც წასვლა უნდა, მიზეზებს ნუ ეძებს, წაბრძანდეს”, – განაცხადა საპასუხოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა რევაზ ნადარაიამ.

“ნუ ყვირით, ხმას დაუწიეთ და ნერვებს გაუფრთხილდით. წასვლა თუ გინდა, ისე წადი, შეურაცხყოფას ნუ გვაყენებ”, – მიმართა ჯანეზაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ ვასილ მშვენიერაძემ.

“შვილზე რომ აკეთებთ აქცენტს, ეგ შვილი არ გინდათ, აგვისტოში ათი დღით რომ გაიყვანოთ დასასვენებლად?”,- მიმართა ჯანეზაშვილს ირაკლი შენგელიამაც.

სხდომის თავმჯდომარემ დიმიტრი გვრიტიშვილმა აღნიშნა, რომ მასაც ჰყავს წელიწადნახევრის შვილი, რომელიც სულ მამას კითხულობს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე დაადანაშაულეს, რომ ისინი მთელი დღის განმავლობაში არარელევანტურ კითხვებს სვამენ და დრო თავად გაჰყავთ.

ანა დოლიძემ კიდევ ერთხელ მიმართა სასალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დისკრიმინაციის ფაქტებთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყოს.

“მივმართავ სახალხო დამცველს, რომელიც არის ანტიდისკრიმინაციული კანონის ზედამხედველი ორგანო, დაიწყოს ამ თემის შესწავლა. მივმართავ არასამთავრობო სექტორსაც – ორი ქალი წევრის მიმართ, ორივეს გვყავს მცირეწლოვანი შვილები, ადგილი აქვს დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძის თქმით, მას და ნაზი ჯანეზაშვილს საბჭოს მოსამართლე წევრების მხრიდან მთელი დღის განმავლობაში არ ეძლევათ საშუალება, საკმარისი რაოდეენობის კითხვები დაუსვან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს. მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევას იუსტიციის საბჭო ფორსირებულ რეჟიმში ახორციელებს.

“მეორდება პრაქტიკა, რომელიც იუსტიციის საბჭოში იყო ბევრი წლის წინ, როდესაც ღამ-ღამობით ხდებოდა მოსამართლეების მოსმენა. “ქართული ოცნება” ერთი-ერთში იმეორებს ამ პრაქტიკას. ამის ერთადერთი მიზანია – ჩუმად, აგვისტოში, დიდი სახოგადოებრივი პროტესტის მიღმა მოხდეს მოსამართლეების დანიშვნა, რადგან სექტემბერ-ოქტომბერში ამ პროცესებს დიდი საზოგადოებრივი მსჯელობა ექნება. ამას ემსახურება ის, რომ საბჭოში გასაუბრeბა ღამე იყო და დღესაც ღამე იქნება. ასევე, ამას ემსახურება ის, რომ ჩვენ არ გვაძლევენ საშუალებას, დავსვათ იმდენი კითხვა, რამდენიც გვინდა”,- განაცხადა ანა დოლიძემ.

საპირისპიროდ, პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებს დიმიტრი გვრიტიშვილი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს.

“სამწუხაროდ, გრძელდება ისევ ტენდენცია, რაც დაამკვიდრეს ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა – ისმის ერთი და იგივე შეკითხვები სხვადასხვა კონტექსტში მხოლოდ იმიტომ, რომ პროცესი გაჭიანურდეს. მათ არაერთხელ თქვეს, რომ იუსტიციის საბჭოს შესაძლებლობას არ მისცემენ, რომ საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, ანუ გონივრულ ვადაში ეს სია იქნას წარდგენილი. სიჩქარეში გვდებენ ბრალს, როცა გასაუბრებაზე მყოფმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ დაასახელა ის ვითარება, რაც შექმნილია უზენაეს სასამართლოში. ამ ადამიანებს ეს არ აინტერესებთ”, – განაცხადა გვრიტიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება იუსტიციის უმღლეს საბჭოში თითქმის ყოველდღიურად, დღეში სამ კანდიდატთან იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი