ახალი ამბები

ჯერჯერობით მოკითხვაც არავის შემოუთვლია ჩვენთვის — დავით დვალი რ2-ის საქმეზე

20 ივლისი, 2019 • 1631
ჯერჯერობით მოკითხვაც არავის შემოუთვლია ჩვენთვის — დავით დვალი რ2-ის საქმეზე

„რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი, რომელიც წლებია, ტელეკომპანიაში თავისი წილის დაბრუნებას ცდილობს, წერს, რომ მას არხის ახალი მენეჯმენტიდან არავინ დაკავშირებია.

„უღრმესი მადლობა ყველას მოლოცვებისთვის. ცოტა ადრეა ოღონდ. ჯერჯერობით მოკითხვაც არავის შემოუთვლია ჩვენთვის“, — დაწერა დვალმა ფეისბუკზე 20 ივლისს, დილის საათებში.

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ტელევიზია გადაუფორმდა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს, რომელიც არხს 2004-2006 წლებში ფლობდა.

ხალვაშმა, რომელიც თავის დროზე რ2-ის გენერალურ დირექტორობას დვალს სთავაზობდა, ტელეკომპანიის ხელმძღვანელად იმავე დღეს საკუთარი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.

2017 წელს „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, ასევე ქიბარ ხალვაში, აცხადებდნენ, რომ შეთანხმდნენ შემდეგზე: თუ ხალვაში რ2-ის დავას მოიგებდა, წილის 50%-ს აქიმიძესა და დვალს დაუბრუნებდა, არხის გენერალურ დირექტორად კი დვალს დანიშნავდა.

ეს საკითხი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც წილების 50-50%-ზე გაყოფის შემთხვევაში ხალვაში დამოუკიდებლად დვალის გათავისუფლებას ვერ შეძლებდა, შესაბამისად, მენეჯმენტზე გავლენა დვალსა და აქიმიძეს ექნებოდათ. ის, რომ ასეთი შეთანხმება არსებობდა, ადასტურებდა ორივე მხარე — დვალი-აქიმიძეც და ქიბარ ხალვაშიც. ხალვაში ამბობდა, რომ მას გარკვეული დამატებითი პირობებიც ჰქონდა.

თუმცა 2017 წელსვე მხარეებს შორის ვითარება დაიძაბა. „აქიმიძე და დვალი „კაჩაობას“ თუ დამიწყებენ ასე ტელევიზია-ტელევიზია სირბილით, შეთანხმებას შეიძლება რამე დაემუქროს, არსებობს ნერვების საზღვარი“, – თქვა მაშინ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა. თავის მხრივ, აქიმიძე და დვალი აცხადებდნენ, რომ მსგავსი ტონით ხალვაში ცდილობდა, ნიადაგი შეემზადებინა შეთანხმების გასაუქმებლად; ამ პროცესში ისინი ხელისუფლების ხელს ხედავდნენ.

ხალვაშმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ 18 ივლისს განაცხადა: „არ შემიძლია, პირველ რიგში, არ ვახსენო დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, რადგან მე დღეს მათი სახელითაც გავიმარჯვე.  ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ტელევიზიის დაბრუნებისათვის ჩვენ ერთად უნდა გვებრძოლა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა საკუთარი უფლებების აღდგენისთვის ბრძოლაში საწყის ეტაპზე ვერ შედგა, დღეს, როდესაც გავიმარჯვე, კვლავ მზად ვარ, მაქსიმალურად გავითვალისწინო მათი ინტერესი“. მან ასევე თქვა, რომ „ამ ეტაპზე რთულია დეტალებზე საუბარი, რადგან პირველ რიგში გასარკვევია, თუ რა მდგომარეობაში მყოფ კომპანიას ვიბარებთ“.

იმავე დღეს განცხადება გაავრცელეს დავით დვალმა და თანადამფუძნებელმა ჯარჯი აქიმიძემაც. მათ ხალვაშს გამარჯვება მიულოცეს, თუმცა აღნიშნეს, რომ სამართლიანობა მაშინ აღდგება, როცა „რუსთავი 2“ დამფუძნებლებს, ანუ მათ დაუბრუნდებათ.

ხალვაში 2017 წელს რ2-ის დირექტორობას დავით დვალს ჰპირდებოდა

არ მინდა რუსთავი 2 ისე დამიბრუნდეს, კითხვის ნიშანი დარჩეს – ინტერვიუ დავით დვალთან

მასალების გადაბეჭდვის წესი