ახალი ამბები

ხალვაში 2017 წელს რ2-ის დირექტორობას დავით დვალს ჰპირდებოდა

18 ივლისი, 2019 • 1545
ხალვაში 2017 წელს რ2-ის დირექტორობას დავით დვალს ჰპირდებოდა

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, რომელიც თავის დროზე რ2-ის გენერალურ დირექტორობას არხის დამფუძნებელ დავით დვალს სთავაზობდა, დღეს აცხადებს, რომ ტელეკომპანიის ხელმძღვანელი მისი ადვოკატი პაატა სალია გახდება, თუმცა არხის სარედაქციო პოლიტიკას არ შეეხება.

ერთადაერთი ადამიანი, ვის გათავისუფლებასაც ხალვაში დღეს აანონსებს, ნიკა გვარამიაა.

2017 წელს რ2-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, ასევე ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, აცხადებდნენ, რომ შეთანხმდნენ შემდეგზე: თუ ხალვაში რ2-ის დავას მოიგებდა, წილის 50%-ს აქიმიძესა და დვალს დაუბრუნებდა, ასევე არხის გენერალურ დირექტორად დანიშნავდა დავით დვალს. ეს საკითხი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც წილების 50-50%-ზე გაყოფის შემთხვევაში ხალვაში დამოუკიდებლად დვალის გათავისუფლებას ვერ შეძლებდა, შესაბამისად, მენეჯმენტზე გავლენა დვალსა და აქიმიძეს ექნებოდათ. ის, რომ ასეთი შეთანხმება არსებობდა, ადასტურებდა ორივე მხარე- დვალი/აქიმიძეც და ქიბარ ხალვაშიც. ხალვაში ამბობდა, რომ მას გარკვეული დამატებითი პირობებიც ჰქონდა.

“დვალს და აქიმიძეს რა უდევთ გულში, არ ვიცი და მე რა მიდევს, ვიცი. მე როდესაც რამეს ვიტყვი, ვცდილობ, რომ შევასრულო. როცა ვლაპარაკობთ სამპუნქტიან, შვიდპუნქტიან თუ დაზეპირებულ თემებზე, იმ 50/50-ს სხვა რამეც მოჰყვება. სხვა რამე არის ის,  რომ მე რომ ინვესტორი ვარ და შენ რომ მიიღებ შენს წილს, მე უნდა ვხარჯო და შენ მენეჯერი იყო და ხელფასი აიღო, ეგრე არ გამოვა. ამისთვის მე მჭირდება სხვა გარანტიები, რომ როდესაც შენ ტელევიზია გადმოგეცემა, შენ შენს წილებს არ მიჰყიდი ვიღაცას და არ გამდიდრდები და მე არ დამტოვებ ვიღაცასთან პირისპირ”, – ამბობდა ხალვაში დვალსა და აქიმიძესთან დაკავშირებით.

დავით დვალის განმარტებით, მას და აქიმიძეს 2004 წელს წილის 60% წაართვეს. ამის შემდეგ რ2 ქიბარ ხალვაშის ხელში აღმოჩნდა, რომელიც ამბობს, რომ ბოლოს მასაც წაართვეს ტელეკომპანია ენმ-ის ხელისუფლების დროს. დვალის თქმით, ხალვაშთან შეთანხმება 3 პუნქტს მოიცავდა:

  1. ტელევიზია ემიჯნება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას. როგორც სახელისუფლოს, ისე ოპოზიციურს, და საკუთარ სარედაქციო საქმიანობას წარმართავს ზოგადსაკაცობრიო, დემოკრატიული ფასეულობების შესაბამისად, ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებზე დაყრდნობით.
  2. ტელევიზია არასოდეს გახდება მხარე პოლიტიკური პროცების განვითარებისას, იქნება ობიექტური და კრიტიკული პოზიციების გამომხატველი. ფართოდ იქნება წარმოდგენილი ანალიტიკური აზრი და ჟურნალისტური გამოძიება.
  3. ტელეკომპანია არ დაფინასდება საბიუჯეტო სახსრებით ან პარტიების შემოწირულობებით და პოლიტიკური დაკვეთებით (ბუნებრივია, აქ არ იგულისხმება საარჩევნო პერიოდებში მოზიდული ფასიანი პოლიტიკური რეკლამა). ტელეკომპანია იარსებებს მხოლოდ კომერციული შემოსავლებით და ეს იქნება სწორედ ტელევიზიის დამოუკიდებლობის და თავისუფლების გარანტი.

2017 წელს მხარეებს შორის ვითარება დაიძაბა.

“აქიმიძე და დვალი “კაჩაობას” თუ დამიწყებენ ასე ტელევიზია-ტელევიზია სირბილით, შეთანხმებას შეიძლება რამე დაემუქროს. არსებობს ნერვების საზღვარი”, – ეს განცხადება მაშინ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლების მისამართით გააკეთა. თავის მხრივ, აქიმიძე და დვალი აცხადებდნენ, რომ მსგავსი ტონით ხალვაში ცდილობს, ნიადაგი შეამზადოს შეთანხმების გასაუქმებლად. ისინი ამაში ხელისუფლების ხელს ხედავდნენ.

ქიბარ ხალვაშის 2017 წლის განცხადებით, დვალისა და აქიმიძის წინაშე ვალდებულებები არ გააჩნია. ხალვაში მანამდე ამბობდა, რომ ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი, მიღწეული შეთანხმების თანახმად, მიიღებენ კომპანიის ნახევარს: დვალი ასევე გახდება ტელევიზიის დირექტორი.

“რაც ვთქვი, ჯერ ძალაშია, რომ ტელევიზიის დაბრუნების შემთხვევაში, წილს გადავცემდი, რაზეც მოვილაპარაკეთ. არსებობს ნერვების საზღვარი. მივეცი ჩვენება, რომ წილი პაატა კარსანიძისგან ვიყიდე. მანამდე რა მოხდა, ვინ, ვისთან იძალადა ადეიშვილმა, რომელიც დღესაც უხილავი ძალაა, ვინ წილი დათმო, ამ პროცესებში წვლილი არ მაქვს. ვმეგობრობდით, ერთმანეთთან პრეტენზია არ გვქონდა. ადამიანურად, სამართლიანობის აღდგენაში მონაწილეობა შეიძლება მივიღო, თორემ არავითარი ვალდებულება არ გამაჩნია. საქმე სტარსბურგშია. მოლოდინი პოზიტიური მაქვს, შანსი – მაღალი, უშანსოდ არაფერს ვაკეთებ, ძალადობას თუ არ ექნება ადგილი”, – აცხადებდა 2017 წელს ქიბარ ხალვაში იმედთან საუბარში.

რუსთავი 2-ის დამფუძნებლებმა მაშინ ხალვაშს განცხადებით უპასუხეს და თქვეს, რომ ბიზნესმენს შესაძლოა შეთანხმებაზე უარი ათქმევინონ. მისი განცხადების უკან კი რეალურად საქართველოს მთავრობა დგას.

“ეს განცხადება დღეს შეიძლება ვიღაცას უცნაურად და უადგილოდ მოეჩვენოს, მაგრამ ვფიქრობთ, ის შორს მიმავალი გეგმის ერთი მცირე ნაწილია. სინამდვილეში იკვეთება რამდენიმე მკაფიო გზავნილი, რაც “უცნაურად” ემთხვევა ჩვენს გააქტიურებას როგორც მედიაში, ისე უცხოურ ორგანიზაციებში. ასევე, პროკურატურაში 6 აპრილს შეტანილ ოფიციალურ წერილს სტატუსის ლეგიტიმაციის შესახებ. განცხადების პასუხად შეგვიძლია ვთქვათ:

  1. ჩვენს არცერთ გამოსვლაში ქიბარ ხალვაშის მიმართ არაკორექტულები არ ვყოფილვართ. პირიქით, ყოველთვის ხაზს ვუსვამდით ჩვენთან მიმართებით მის მორალურ საქციელს. შესაბამისად, მის ნათქვამს და გაღიზიანებულ ტონს განვიხილავთ, როგორც ნიადაგის მომზადების მცდელობას – უარი თქვას, ან შესაძლოა „ათქმევინონ“ მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაზე, ან მასში გარკვეული კორექტივები შეატანინონ. ამ ქმედებაში აშკარად იკვეთება ხელისუფლების ხელი, რომელსაც, სავარაუდოდ, თავიდანვე არ მოსწონდა ჩვენ შორის არსებული შეთანხმება, ვინაიდან მისთვის მიუღებელია დამოუკიდებელი, არაკონტროლირებადი, კრიტიკული რუსთავი 2.
  2. ლოგიკას მოკლებულია მსჯელობა იმის შესახებ, რომ ქიბარ ხალვაშს არ ეხება ის, რაც რუსთავი 2-ში 2006 წლამდე მოხდა. ზუსტად ეს არგუმენტი მოჰყავს უსამართლობათა ჯაჭვის ყველა იმ რგოლს, რომლებიც ხალვაშის სარჩელის საფუძველზე ბათილად ცნო ქართულმა სასამართლომ. შესაბამისად, უხილავი ხელის დახმარებით, პროკურატურას რომ არ შეეჩერებინა გამოძიება, საქმე გვექნებოდა გამჭვირვალე, მარტივ სასამართლო პროცესთან, სადაც 2004 წლიდან დაწყებული, ყველა რგოლი, მათ შორის ქიბარ ხალვაშიც, ისევე ჩაიხსნებოდა, როგორც ეს გააკეთა მიმდინარე დავასთან დაკავშირებით სასამართლოს ყველა ინსტანციამ. მაგრამ მოხდა ისე და თანაც გამიზნულად, რომ პროკურატურამ შეაჩერა 2012 წელს დაწყებული გამოძიება. შესაბამისად, სასამართლომ ათვლის წერტილად აირჩია არა 2004, არამედ 2006 წელი.
  3. ამ განცხადების უკან რეალურად დგას მთავრობა, რომლისთვისაც მარტივია ბიზნესში ჩართული ადამიანის “კონტროლი” და შეუძლებელია დამფუძებლების გაკონტროლება, რაც ვერ შეძლო ვერც შევარდნაძის და ვერც სააკაშვილის მთავრობამ.
  4. ნათლად ჩანს, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ტელევიზიის არსებობა არანაირად არ შედის ამ მთავრობის სტრატეგიულ გეგმაში, ამიტომ ისინი ქიბარ ხალვაშის ამ განცხადებით ნიადაგს ამზადებენ, რათა ბიზნესმენის მიერ დამფუძნებლებისათვის საჯაროდ გაკეთებული შეთავაზება ლეგიტიმურად დაარღვიონ და შექმნან “დამოუკიდებელი ტელევიზიის” მათთვის სასურველი მოდელი.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ვერც ერთი მთავრობა, რომელსაც პრეტენზია აქვს სამართლიანობასა და დემოკრატიულ ღირებულებებზე, გვერდს ვერ აუვლის დამფუძნებლების ლეგიტიმურ უფლებებს. ეს პროცესი იქნება სერიოზული ტესტი ხელისუფლებისთვის, რამდენად ღირებულია ჩვენი ქვეყნისთვის საქვეყნოდ მიღებული დემოკრატიული ფასეულობები”, – აცხადებდნენ დვალი და აქიმიძე 2017 წელს ხალვაშის საპასუხოდ.

დღეს, 2019 წლის 18 ივლისს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და ის, რომ რ2-ის მფლობელი ქიბარ ხალვაშია (ყარამანიშვილებს და ტელეკომპანია საქართველოს ამ გადაწყვეტილების სტრასბურგის ზედა პალატაში გასაჩივრება შეუძლიათ), ბიზნესმენმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ არხის დირექტორი ხდება პაატა სალია და არა დავით დვალი.

“არ შემიძლია, პირველ რიგში, არ ვახსენო დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, რადგან მე დღეს მათი სახელითაც გავიმარჯვე.  ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ტელევიზიის დაბრუნებისათვის ჩვენ ერთად უნდა გვებრძოლა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა საკუთარი უფლებების აღდგენისთვის ბრძოლაში საწყის ეტაპზე ვერ შედგა, დღეს, როდესაც გავიმარჯვე, კვლავ მზად ვარ, მაქსიმალურად გავითვალისწინო მათი ინტერესი”, – აცხადებს დღეს ქიბარ ხალვაში და დასძენს, რომ “ამ ეტაპზე რთულია დეტალებზე საუბარი, რადგან პირველ რიგში გასარკვევია, თუ რა მდგომარეობაში მყოფ კომპანიას ვიბარებთ”.

დღეს განცხაება გაავრცელეს დვალმა და აქიმიძემაც. მათ ხალვაშს გამარჯვება მიულოცეს, თუმცა აღნიშნეს, რომ სამართლიანობა მაშინ აღდგება, როცა რ2 დამფუძნებლებს, ანუ მათ დაუბრუნდებათ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი