ახალი ამბები

ვულოცავთ ხალვაშს, სამართლიანობა აღდგება, როცა რუსთავი 2 დაუბრუნდება დამფუძნებლებს- დვალი და აქიმიძე

18 ივლისი, 2019 • 1810
ვულოცავთ ხალვაშს, სამართლიანობა აღდგება, როცა რუსთავი 2 დაუბრუნდება  დამფუძნებლებს- დვალი და აქიმიძე

“რუსთავი 2”-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, განცხადებას ავრცელებენ რუსთავი 2-ზე სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ. ისინი ულოცავენ ქიბარ ხალვაშს გამარჯვებას, თუმცა აღნიშნავენ, რომ სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც  რუსთავი 2 დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს.

განცხადებაში, რომელიც დავით დვალმა ნეტგაზეთს მიაწოდა, წერია:

“სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა მიუკერძოებელმა სასამართლომ კიდევ ერთხელ და კატეგორიულად დაადასტურა, რომ რუსთავი 2-ის დღევანდელ მფლობელებს არაკანონერად და ბანდიტურად აქვთ მითვისებული ჩვენ მიერ დაფუძნებული, ერთ დროს დამოუკიდებული და თავისუფალი ტელევიზია.

ვულოცავთ ქიბარ ხალბვაშს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. 

ამასთანავე, კატეგორიულად ვთვლით – სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც  უკანონოდ წართმეული და პარტიულ სამსახურში ჩაყენებული რუსთავი 2 დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს”, – აცხადებენ დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე.

18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კანონიერია საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივროს.

ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება — საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი, რის გამოც არხი 2017 წლიდან არ გადაფორმებია ქიბარ ხალვაშს. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩივრებას.

18 ივლისს  სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშმა განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ დირექტორის თანამდებობიდან ნიკა გვარამიას გაათავისუფლებს და მის ადვოკატს პაატა სალიას ნიშნავს.

მან ასევე განცხადებაში მოკლედ ახსენა დვალი და აქიმიძე:

“ამ კონტექსტში არ შემიძლია, პირველ რიგში, არ ვახსენო დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, რადგან მე დღეს მათი სახელითაც გავიმარჯვე.  ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ტელევიზიის დაბრუნებისათვის ჩვენ ერთად უნდა გვებრძოლა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა საკუთარი უფლებების აღდგენისთვის ბრძოლაში საწყის ეტაპზე ვერ შედგა, დღეს, როდესაც გავიმარჯვე, კვლავ მზად ვარ, მაქსიმალურად გავითვალისწინო მათი ინტერესი”.

თუმცა ამ საქმის საქართველოს სასამართლოებში განხილვის დროს ქიბარ ხალვაში აცხადებდა რომ “რუსთავი 2”-ის 50 % -ს დაუბრუნებდა მის დამფუძნებლებს, ხოლო დირექტორად დანიშნავდა დავით დვალს.

გვარამიას ვათავისუფლებ და რ2-ის დირექტორად პაატა სალიას ვნიშნავ – ხალვაში

რ2-ის საქმეზე სტრასბურგმა დარღვევა არ დაადგინა, დროებითი ღონისძიება გააუქმა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი