ახალი ამბებირეკლამა

გიორგი გაგოშიძე: ყოფილ პატიმრებს ძალიან ბევრი პრობლემა ხვდებათ რესოციალიზაციის გზაზე

21 ივლისი, 2019 • 2045
გიორგი გაგოშიძე: ყოფილ პატიმრებს ძალიან ბევრი პრობლემა ხვდებათ რესოციალიზაციის გზაზე

გიორგი გაგოშიძე, არტისტი:

„რა თქმა უნდა, ყოფილ პატიმრებს ძალიან ბევრი პრობლემა ხვდებათ რესოციალიზაციის გზაზე. ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ლიბერალურად განწყობილი არ არის მათ მიმართ. ჩემს მეგობრებს, რომლებიც ყოფილი პატიმრები არიან, ბევრი სირთულე ხვდებათ სოციუმში დაბრუნების დროს. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა სამუშაოს დაწყებაა, რადგან საქართველოში პატიმრობა სტიგმაა და კომპანიები ცდილობენ „უკეთესი რეპუტაციის“ მქონე კადრები აიყვანონ. ციხიდან ახლად გამოსული ადამიანი ისევ რჩება ღარიბი, უმუშევარი და ეს ყველაფერი მას აბრუნებს ისევ კრიმინალურ წრეში, ან უბიძგებს ახალი დანაშაულის ჩადენისკენ. აუცილებელია სახელმწიფომ იზრუნოს ამ პრობლემაზე.

რამდენადაც ვიცი, ციხეებში აქვთ პროფესიული გადამზადების ცენტრები, რაც ძალიან კარგი პრაქტიკაა. კარგი იქნება თუ ასეთ ცენტრებში შესაძლებელი იქნება ხარისხიანი განათლების მიღება.  შესაძლებელია ასეთმა ცენტრებმა პატიმრებს რეკომენდაცია გაუწიოს კომპანიებში მუშაობის დასაწყებად. კომპანიებმა კი თავის მხრივ, უნდა აიყვანონ ასეთი კადრები, ეს არ უნდა იყოს სირცხვილი, პირიქით, სამსახური პატიმრისთვის უნდა იყოს რესოციალიზაციის ადგილი. სახელმწიფომ შესაძლოა კერძო სექტორის, რომლებიც მზად არიან სათანამშრომლოდ, გარკვეული შეღავათები დაუწესოს. ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფო სექტორში მათი დასაქმება.

ყოფილ პატიმარს ძალიან დიდი ნებისყოფა სჭირდება გაუძლოს საზოგადოებისგან დახურულ კარზე კაკუნს, განუწყვეტელ უარყოფას, გარიყვას. რესოციალიზაცია რთული და გრძელი პროცესია, ამ დროს სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის როლი განუზომელია. ისინი უნდა დაეხმარონ პატიმარს თავადაც გადადგას ნაბიჯები საზოგადოებისკენ, მით უმეტეს სოციუმში, რომელიც სტიგმებით არის სავსე. იქამდე უნდა აკაკუნოს, სანამ არ გაიგებენ, სანამ არ მიიღებენ და თანასწორად არ ცნობენ. ამას ნამდვილად სჭირდება მოთმინება და რკინის ნერვები.“

მასალების გადაბეჭდვის წესი