ამ საკითხზე მთავარი პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:
“მას შემდეგ, რაც საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, რამოდენიმე თანამშრომელმა, რომელსაც გარკვეულწილად შემხებლობა ჰქონდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან, პირადი განცხადებით მიმართეს მთავარ პროკურორს და გამოძიების დასრულებამდე მოითხოვეს სამსახურიდან გათავისუფლება. მთავარმა პროკურორმა მათი განცხადებები დააკმაყოფილა და ისინი გათავისუფლდნენ პროკურატურის რიგებიდან.
ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ აღნიშნულ პროკურორებს განახლებულ გამოძიებასთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ, რადგან გამოძიებას ე.წ. „კორტების“ სპეცოპერაციის საქმეზე აწარმოებს სპეციალურად ამ საქმისთვის შექმნილი საგამოძიებო ჯგუფი. კატეგორიულად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ზ. ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეზე განახლებულ გამოძიებას აწარმოებს პროკურორთა და გამომძიებელთა ის ჯგუფი, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონია თავდაპირველ გამოძიებასთან, შესაბამისად, ისინი არიან სრულიად ობიექტურები და მიუკერძოებლები.”
პროკურატურაში ასევე განმარტავენ, რომ საქართველოს პროკურატურის ის თანამშრომლები, რომლებიც 2006 წელს აქტიურად იყვნენ ჩართული ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის პირვანდელ გამოძიებაში, პროკურატურაში უკვე დიდი ხანია რაც აღარ მუშაობენ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გადადგომის თხოვნით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს 23 იანვარს მიმართა. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ბოლო დროს გახმიანებულმა ბრალდებებმა განაპირობა, რომლის თანახმადაც ჭიკაიძე აფარებს ხელს ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს.
ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლებისგან მისი შვილის მკვლელობის ხელახალ გამოძიებას ითხოვდა, ამ მოთხოვნით 2013 წელს იუსტიციის სახლის წინ აქციაც გაიმართა.
