ახალი ამბები

როგორც უწყება, ვიღებ პასუხისმგებლობას ვაზაგაშვილის საქმეზე – მოსამართლეობის მსურველი პროკურორი

22 ივლისი, 2019 • 1388
როგორც უწყება, ვიღებ პასუხისმგებლობას ვაზაგაშვილის საქმეზე – მოსამართლეობის მსურველი პროკურორი

“სახელმწიფომ და პროკურატურამ ვერ უზრუნველყო, რომ ზურა ვაზაგაშვილის საქმეზე ჩაეტარებინა სრულყოფილი, სწრაფი გამოძიება”, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ მამუკა ვასაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე გასაუბრებაზე განაცხადა. ვასაძეს  ვაზაგაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დღეს, 22 ივლისს ჰკითხეს.

“როგორც სტრუქტურა, მე დამსახურებულად ვიღებ ამ კრიტიკას. ამის შესახებ ღიად და პირდაპირ ჩემი აზრის დაფიქსირება არ მიჭირს. რთული საქმე იყო, თუმცა სხვადასხვა გამოწვევებით ხასიათდებოდა ეს სისხლის სამართლის საქმე. მე რაც მახსენდება, ეს არის იმ საქმეთაგანი, სადაც ევროპულმა სასამართლომ დააგინა როგორც მატერიალური, ისე პროცედურული დარღვევა. ამ შემთხვებაში პასუხისმგებლობა დაეკისრა საქართველოს სახელმწიფოს და სასამართლომ იმსჯელა გამოყენებული ძალის პროპორცოულობაზე. ასევე, პროცედურული დარღვევა – 2006 წლის ფაქტთან დაკავშირებით პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში 2015 წელს იქნა მიცემული. ეს არაგონივრული დროა გამოძიებისთვის. ამავდროულად, დაემთხვა ისიც, რომ 2015 წლის თებერვალში დავაყენეთ პასუხისმგებლობის საკითხი და იანვარში უკვე მოხდა იური ვაზაგაშვილის გარდაცვალება”, – განაცხადა ვასაძემ.

ვასაძის თქმით, მას შემდეგ, რაც ზურა ვაზაგაშვილის საქმე მის საპროკურორო ზედამხედველობას დაექვემდებარა, პირველი შეხვედრა ჰქონდა, თუმცა მაშინ ვერ შეძლო, არგუმენტირებული პასუხი გაეცა ვაზაგაშვილისთვის.

მისი თქმით, საქმის გამოძიების დროს დაიკითხნენ ის მოწმეები, რომლებიც ძველი გამოძიების პერიოდში არც იდენტიფიცირებულები იყვნენ და არც გამოკითხულები.

“მიუხედავად ამისა, მაინც დადგინდა პროცესუალური დარღვევა სტრასბურგის სასამართლოს მიერ. როგორც უწყება, ვიღებ ამ პასუხიგებლობას იმიტომ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რომელი გამომძიებელი, რომელი პროკურორი ან რომელი სტრუქტურა იძიებს სისხლის სამართლის საქმეს, ფაქტი სახეზეა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში სახელმწიფომ და პროკურატურამ ვერ უზრუნველყო ის, რომ ჩაეტარებინა სრულყოფილი, სწრაფი გამოძიება და მიეღო შედეგი”, – განაცხადა ვასაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი