ახალი ამბებიკომენტარი

სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე, რ2-ის წილების რეგისტრაციასა და სარედაქციო დამოუკიდებლობაზე — თამთა მიქელაძე

18 ივლისი, 2019 • 3255
სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე, რ2-ის წილების რეგისტრაციასა და სარედაქციო დამოუკიდებლობაზე — თამთა მიქელაძე

სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევა არ დაადგინა, რითაც ფაქტობრივად თქვა, რომ კანონიერია საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის.

იმავე დღეს საჯარო რეესტრმა მფლობელად ქიბარ ხალვაში დაარეგისტრირა; ხალვაშმა გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პოსტიდან გაათავისუფლა და ამ პოზიციაზე საკუთარი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.

„ნეტგაზეთმა“ „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის“ ცენტრის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, თამთა მიქელაძეს, — რომელსაც სტრასბურგის სასამართლოში სტრატეგიული სამართალწარმოების გამოცდილება აქვს, — სთხოვა „რუსთავი 2“-ის საქმის გარშემო მიმდინარე მოვლენების შეფასება. ქვემოთ გთავაზობთ მის კომენტარს:

„მოულოდნელი გადაწყვეტილება“

„შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ამ შინაარსით ყველასთვის მოულოდნელი იყო. ჩვენ დავინახეთ, რომ განმცხადებლებმა ევროპულ სასამართლოში ვერ მოახერხეს საკუთარი პრეტენზიების გატანა განაცხადის ყველა მნიშვნელოვან ნაწილში.

პრეტენზიების ნაწილი, მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი პრეტენზიები, რომლებიც გამოხატვის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების შესაძლო დარღვევას უკავშირდებოდა, სასამართლომ დაუშვებლად ცნო.

სტრასბურგის სასამართლომ არსებითად მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს ნაწილში იმსჯელა, რომელიც პირველი, მეორე და მესამე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის საკითხს უკავშირდებოდა; თუმცა არსებითი მსჯელობის შემდეგ სასამართლოს არც ამ ნაწილში დაუდგენია კონვენციის დარღვევა.

ამ პირობებში შეიძლება ითქვას, რომ „რუსთავი 2“-სა და მოსარჩელეებს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა სასამართლოს დიდ პალატაში  მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლების ნაწილში რჩებათ.

დაუშვებს დიდი პალატა საჩივარს?

„თუმცა უნდა ითქვას, რომ დიდ პალატას საჩივრების დაშვების საკუთარი კრიტერიუმები აქვს. ეს საკმაოდ რთული პროცესია. დიდი პალატის იურისდიქციას საგამონაკლისო საქმეები ექვემდებარება, — ისეთი კატეგორიის საქმეებია, რომლებიც კონვენციის ინტერპრეტაციას უკავშირდება, ან არსებითაც ცვლის მანამდე დადგენილ სასამართლო პრაქტიკას.

იმის გამო, რომ ამ საქმეზე, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებით, ევროპულმა სასამართლომ მოსამართლეთა მაღალი ქვორუმით მიიღო გადაწვყეტილება, ჩვენ არ გვაქვს რაიმე ისეთი კატეგორიის შემთხვევასთან საქმე, რომელიც კონვენციის ინტერპრეტაციას უკავშირდება. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ განმცხადებლებს დიდი პალატის წინაშე მაღალი შანსები ვერ ექნებათ.

კანონიერი იყო ხალვაშის დღევანდელი ნაბიჯები?

სასამართლომ 18 ივლისის იმავე გადაწყვეტილებით გააჩერა დროებითი ღონისძიება [რის გამოც არხი 2017 წლიდან არ გადაფორმებია ქიბარ ხალვაშს]. ეს ბუნებრივიც იყო, რადგან ევროპული სასამართლო სწორედ საქმის არსებით გადაწყვეტას ელოდებოდა. საბოლოოდ, ქიბარ ხალვაშის საქართველოში დაწყებული განხილვის შედეგები ძალაში შევიდა.

ვერ ვიტყვით, რომ შეჩერების შენარჩუნების რაიმე სამართლებრივი ბერკეტი არსებობდა. თუმცა ცხადია, რომ ქიბარ ხალვაშს, იმის გამო, რომ ამ საქმეზე ძალიან ბევრი საჯარო ინტერესი ჩანს, შეეძლო დიდი პალატის გადაწყვეტილებას დალოდებოდა, ჯერ არ გადაეფორმებინა საკუთარი წილები და დაუყოვნებლივ არ აღესრულებინა გადაწყვეტილება, რადგან საქმეზე კვლავ რჩება კითხვის ნიშნები.

უნდა ითქვას, რომ ეს პრეტენზიები, რომლებიც შეიძლება გახდეს დიდი პალატის განხილვის საგანი, საკმაოდ მნიშვნელოვანია, ეს ეხება ყველა ცენტრალურ სასამართლო ინსტანციაში მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის საკითხს. ვისურვებდით, რომ ბატონი ხალვაში ამას დალოდებოდა. თუმცა ვნახეთ, რომ მან იჩქარა და უკვე მიმართა საჯარო რეესტრს საკუთარი წილების დაჩქარებული წესით გადასაფორმებლად.

მესაკუთრეთა ჩახლართული საკითხი

„რუსთავი 2“-ის მესაკუთრეების საკითხი ძალიან კომპლექსური და რთული თემაა, სადაც ბევრი მოთამაშე შემოდის. ზოგადად, ჩვენს მედიასივრცეში მედიამფლობელობის საკითხები ყოველთვის პრობლემურად იდგა სამართლებრივადაც და ის, როგორც წესი, რთულ პოლიტიკურ პერიპეტიებს უკავშირდებოდა.

ამიტომ, როდესაც ამ საკითხზე ვმსჯელობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, სამართლიანი მესაკუთრის საკითხი კიდევ უფრო მეტად გავხსნათ და ის სხვა მოთამაშეებიც დავინახოთ, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში პრეტენზიებს აცხადებენ საკუთრების უფლებასა და წილზე „რუსთავი 2“-ში [დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე].

სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიები

დღეს მედიასივრცის სტრუქტურა ემთხვევა პოლიტიკურ სტრუქტურას. შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე საგამონაკლისო, ნეიტრალური სოციალური მედიის მიღმა, მედიები, განსაკუთრებით კი დიდი მედიები, იყოფა არსებითაც სახელისუფლებო და ანტისახელისუფლებო ინტერესების ჯგუფების მიხედვით. ისტორიულადაც ასე ხდებოდა.

ვფიქრობ, „რუსთავი 2“-ს განსაკუთრებული ღირებულება სწორედ პოლიტიკური ძალებისა და მედიებს შორის დაბალანსების კუთხით ჰქონდა. ცხადია, რომ დღეს „რუსთავი 2“-ის არსებობის საკითხი პრობლემურად დადგა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოთამაშეს, განსაკუთრებით კი ქიბარ ხალვაშს, ეყოს სოციალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ „რუსთავი 2“-ის ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას არ შეეხოს, რათა შესაძლებელი გახდეს დამოუკიდებელი „რუსთავი 2“-ის შენარჩუნება.

ცხადია, ამას ინსტიტუციური გარანტიების შექმნა და კონკრეტული გზების გამონახვა სჭირდება. ალბათ მომდევნო დღეებში დავინახავთ, იქნება თუ არა საამისოდ პოლიტიკური ნება.

ფაქტია, რომ დღეს ჩვენ კონფლიქტური, პოლარიზებული და დაძაბული სოციალური გარემო გვაქვს „რუსთავი 2“-ის საკითხის გარეშეც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილებამ და შემდგომმა პროცესებმა კიდევ უფრო არ დაძაბოს პოლიტიკური პროცესები.

ვფიქრობ, სამართლიანობის საკითხზე საუბრისას ეს არ უნდა გამოგვრჩეს: დღეს სამართლიანია, რომ ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მქონე უფრო მეტი მედია; „რუსთავი 2“-ის, როგორც ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი და დისტანცირებული მედიასაშუალების შენარჩუნება ამ კუთხით განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

შრომის უფლებები

ამავდროულად, ხაზი უნდა გაესვას ჟურნალისტების უფლებების დაცვის აუცილებლობასაც — მათ შორის, მათი შრომის უფლებების დაცვის აუცილებლობას, მათი მედიათავისუფლებაში ჩაურევლობის აუცილებლობას.

ბუნებრივია, რომ სამოქალაქო საზოგადოება ფართოდ გახელილი თვალებით დააკვირდება „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი