ახალი ამბები

ლევან ბერძენიშვილი: ყოფილ პატიმარს არ ენდობიან, მისი გულწრფელობის არ სჯერათ

17 ივლისი, 2019 • 2551
ლევან ბერძენიშვილი: ყოფილ პატიმარს არ ენდობიან, მისი გულწრფელობის არ სჯერათ

ლევან ბერძენიშვილი, ფილოლოგი, პოლიტიკოსი:

„სამწუხაროდ, ყოფილი პატიმრების მიმართ სტიგმა არსებობს. ჩვენს საზოგადოებაში, რომლისთვისაც “ყოფილი პრეზიდენტი” არსებობს, “ყოფილი ნარკომანი” ან “ყოფილი პატიმარი” არ არსებობს. პატიმრობა გარკვეული სოციალური კეთროვანების ნიშანია. ყოფილ პატიმარს არ ენდობიან, მისი გულწრფელობის არ სჯერათ — ის უცხოპლანეტელია. ჯოჯოხეთიდან დაბრუნებულ პატიმარს საზოგადოება ეშმაკთან წილნაყარად თვლის და არა ეშმაკისგან თავდაღწეულად. ამ წარმოდგენას ხელს უწყობს დაბალი საზოგადოებრივი თვითშეგნება, საერთო უწიგნურობა და ჰუმანიზმის დეფიციტი. სხვათა შორის, ეს მხოლოდ ჩვენი საზოგადოების უბედურება არ არის, მეცხრამეტე საუკუნეში ჰიუგოსაც საყვედურობდნენ ფრანგები ჟან ვალჟანის გამო. არავის სჯეროდა, რომ ყოფილი პატიმარი შეიძლება ასე ღირსეული და გამორჩეული პიროვნება იყოს.

ამ სტიგმასთან ბრძოლა შეიძლება საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებით, განათლების სისტემის გაუმჯობესებით, ყოფილ პატიმართა დაწინაურებითა და აღიარებით. ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლია ხელოვნებას, განსაკუთრებით მწერლობას. მე რომ მწერალი ვიყო, ჰიუგოსა და კამიუს მაგალითებს დავეყრდნობოდი. მთავარი კი არის, საკუთარ თავში მოვსპოთ ეს სტიგმა და დავუჯეროთ, ვენდოთ ყოფილ პატიმრებს, ვიპოვოთ მათ შორის ისეთები, ვინც სიკეთეს უკეთებს საზოგადოებას (მაგალითად, ექიმები ან სხვა ჰუმანიტარული განხრის პროფესიონალები); უფრო ვრცლად წარმოვადგინოთ ისტორია, მაგალითად, ავხსნათ, რომ დიდი პოეტი ვიიონი, უდიდესი ესპანელი სერვანტესი, გენიალური დოსტოევსკი, ბრწყინვალე ოსკარ უაილდი, ჩვენი გურამიშვილი, ბოლოს და ბოლოს, პატიმრები იყვნენ, რამაც ვერ შეუშალა მათ ხელი ის ყოფილიყვნენ, რაც არიან.

პატიმრობა არ არის მარადიული დამღა, ის ადამიანი ბედის მხოლოდ ნაწილია, ყოფილი პატიმარი ზუსტად ისეთი ადამიანია, როგორც სხვა, რომელმაც ციხის ამბები არ იცის. პასუხი მარტივია, იგი ჯერ კიდევ კანტმა აღმოაჩინა, იმისთვის, რომ სტიგმას გაუმკლავდე, Sapere aude, ანუ გაბედე აზროვნება!“

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

მასალების გადაბეჭდვის წესი