ახალი ამბები

აქციაზე 200 კაცზე მეტს ვერ აგროვებენ – ივანიშვილი

17 ივლისი, 2019 • 2067
აქციაზე 200 კაცზე მეტს ვერ აგროვებენ – ივანიშვილი

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას გადადგომის საჭიროებას ვერ ხედავს და აღნიშნავს, რომ აქციებზე 200 კაცზე მეტსაც ვეღარ აგროვებენ, რადგანაც “ხალხი ბრძენია”.

20 დღე გავიდა უკვე და 200 კაცს აგროვებენ აღმოსავლეთში. ამით თვითონაც რომ კნინდებიან, ვერ ამჩნევენ იმიტომ, რომ საზოგადოებაა ბრძენი… ხალხი ბრძენია და ნახეთ დამოკიდებულება, აბა. ნახეთ, როგორი იყო ხალხის აქტიურობა 20 ივნისს და როგორია დღეს. 200 კაცს უყრიან თავს თბილისში და 200 კაცს – დასავლეთში. მე ვამბობ იმას, რომ ხალხი ყველაფერს ხედავს და ხალხი ბრძენია”, – განუცხადა ბათუმში ყოფნისას ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა სამშობლოს ღალატი იქნებოდა. მისი თქმით, 20 ივნისის ღამეს ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე კითხვები არ არსებობს.

როგორც ივანიშვილი აცხადებს, გახარიამ მოახერხა სახელმწიფო ინსტიტუტის მეამბოხეებისგან და მოძალადეებისგან დაცვა.

ქართული ოცნების თავმჯდომარის თქმით, იმ შემთხვევაში იქნებოდა შს მინისტრის გადადგომის საჭიროება, თუ სახელმწიფო ინსტიტუტის დაცვას ვერ შეძლებდა.

რა მოხდა

19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელიც აღნიშნულ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო.

20 ივნიის თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წელს პროპორციული სისტემით.

ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. არაერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ძირითადად პოლიციის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით დაშავდა მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიციელთა ნაწილი მიზანმიმართულად როგორ ესვრის რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს. სულ დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და პროტესტს აგრძელებენ გახარიას გადადგომის მოთხოვნით, რისი მთავარი მიზეზიც აქციის დარბევაა. პროტესტის დაწყებიდან შემდეგ, “ოცნებაში“ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი