ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ლავროვი: გიუმრის ტრაგედიის პოლიტიზების მცდელობა დაუშვებელია

21 იანვარი, 2015 • 1100
ლავროვი: გიუმრის ტრაგედიის პოლიტიზების მცდელობა დაუშვებელია

“ჩვენ ვხედავთ სიტუაციის პოლიტიზების მცდელობას. თუმცა ეს არ არის მცდელობა სომხეთის ან რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. ბევრია ისეთი, ვისაც უნდა ამ ტრაგედიის გამოყენება იმისთვის, რომ რაღაც გეოპოლიტიკურ უპირატესობს მიაღწიოს. ეს არის ამაზრზენი, მიუღებელი და ეს არ ეკადრება ამაყ სომეხ ხალხს”, – განაცხადა ლავროვმა სომხეთის ქალაქ გიუმრიში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით.

 

12 იანვარს, ღამით, ქალაქ გიუმრიში ავეტისიანების ოჯახის ექვსი წევრი მოკლეს. ერთდროულად დაიღუპა ოჯახის სამი თაობა. ყველაზე უფროსი 56 წლის იყო, უმცროსი – 2 წლის. ოჯახის ერთადერთი გადარჩენილი წევრი, ექვსი თვის სერჟ ავეტისიანი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, ერევანში 19 იანვარს გარდაიცვალა.

 

სერჟ ავეტისიანი 21 იანვარს გიუმრიდან 7 კილომეტრში, შირაქის სასაფლაოზე, თავისი ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალეს.

დაკრძალვის ცერემონიამ აბსოლუტურ სიჩუმეში ჩაიარა, იმის მიუხედავად, რომ საფლავზე ათასობით ადამიანი იყო მისული. მათ საფლავთან უამრავი თეთრი ვარდი და სათამაშოები დატოვეს და სანთლები დაანთეს – წერს “კავკაზსკი უზელი”.

 

ავეტისიანების ოჯახის 7 წევრის მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის ჯარისკაცი ვალერი პერმიაკოვია. ის რუსმა მესაზღვრეებმა მაშინ დააკავეს, როცა სომხეთ-თურქეთის საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა. ჯარისკაცმა დანაშაული აღიარა და ჩვენება მისცა. როგორც მან გამომძიებლებს უთხრა, მოსწყურდა და წყლის დასალევად ავეტისიანების სახლში შესვლას შეეცადა, ხოლო როდესაც მასპინძელთაგან ერთ-ერთმა გაიღვიძა, შეეშინდა, რომ პოლიციას გადასცემდნენ და ცეცხლი გახსნა.


 

რუსეთის გარნიზონის სასამართლომ ერევანში დაკავებულ სამხედროს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პერმიაკოვს ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი – დეზერტირობისთვის და მკვლელობისთვის.

 

სისხლის სამართლის საქმე აღძრული აქვს სომხურ მხარესაც, თუმცა პერმიაკოვი  უწინდებურად რჩება გიუმრის სამხედრო ბაზაზე.

 

მისი სომხეთის მხარისთვის გადაცემის მოთხოვნით გიუმრიში და სომხეთის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები და გამოსვლები ეწყობა.


20 იანვარს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბასტრიკინმა სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პერმიაკოვის სასამართლო პროცესი სომხეთში გაიმართება და საჯარო იქნება.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.  


მასალების გადაბეჭდვის წესი