ახალი ამბები

ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად – ოთო კახიძე მელიას პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე

14 ივლისი, 2019 • 2589
ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად – ოთო კახიძე მელიას პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ოთო კახიძე მისი განცხადების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს და აცხადებს, რომ ვერანაირი პარტიული კონიუნქტურა ვერ აიძულებს, სიმართლის ნაცვლად, ტყუილი ილაპარაკოს. 

კახიძის განცხადების გამო, რომ ნაცმოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას არ უნდა გაეკეთებინა “პროვოკაციული და სრულიად უპასუხისმგებლო მოწოდება პარლამენტის ეზოში “მშვიდობიანად შესვლის” თაობაზე”, გიორგი ბარამიძემ “ევროპულ საქართველოს” განმარტება მოსთხოვა

ბარამიძის მოწოდების საპასუხოდ “ევროპულ საქართველოს” განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ იზიარებს კახიძის მოსაზრებას მელიას პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე. მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა ამ სამართლიან კრიტიკას უნდა შეეგუოს,  ან არ შეეგუოს დააწარმოოს ამაზე დისკუსია”. “ევროპული საქართველოს”  კიდევ ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ კი განაცხადა, რომ ჯერ ამ თემაზე დისკუსიის დრო არ არის და “ხელის გაშვერა ძალიან ცუდად გამოიყურება”.

“ევროპული საქართველოს” პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ზემოთმოყვანილი განცხადებები პარტიის ლიდერების მოსაზრებებია და არა პარტიის, ოთო კახიძემ კი კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა  ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, სადაც ამბობს, რომ გავრილოვის ღამის მოწყობაში დამნაშავეა ივანიშვილის ხელისუფლება და მინისტრი გახარია,  მელიას მოწოდება კი არის უპასუხისმგებლობა და მძიმე პოლიტიკური შეცდომა: 

“დიდი ამბები გამოუწვევია ჩემ გუშინდელ სტატუსს, სადაც სოფო ვერძეულს ვპასუხობდი გავრილოვის ღამის მისეულ ანალიზზე. 

მთავარი თავდასხმა ნაცმოძრაობის მომხრეებისგან მივიღე მესამე პუნქტზე, რომელიც მელიას მოწოდებას ეხება.

ქართული ოცნება ამბობს, რომ აღნიშნული მოწოდება იყო დანაშაული, რაშიც არ ვეთანხმები, რადგან ძალადობისკენ მელიას არ მოუწოდებია, ამბოხი და გადატრიალებაც სრული ნონსენსია სამართლებრივად. ჩემი ეს პოზიცია ნათლად დავაფიქსირე იურიდიული და საპროცედურო კომიტეტების სხდომაზე, სადაც მელიას იმუნიტეტის მოხსნის საკითხი განიხილებოდა. ასევე დავაფიქსირე სასამართლოში, სადაც ვიყავი მელიას თავდები და ვისაუბრე წარდგენილი ბრალდების აბსურდულობაზე. 

მაგრამ ბუნებრივია, მაქვს ჩემი აზრი და მისი ქმედების პოლიტიკური შეფასება. 

მე ვამბობ, რომ მელიას მოწოდება იყო პოლიტიკურად უპასუხისმგებლო, მიზანშეუწონელი, შეცდომა და არასწორი საქციელი ლიდერის მხრიდან. როგორც მინიმუმ, ხელისუფლებას ამით მისცა საბაბი, რომ ოპოზიცია დესტრუქციულ ქმედებებში დაედანაშაულებინა. 

და ნაცმოძრაობის პოზიცია როგორია?

პარლამენტში მომიტინგეების “მშვიდობიანად” “ხელაწეული” შესვლის მოწოდება მისაღებია? და ამას ვინც არ ეთანხმება, ბიძინას მოსყიდულია?

კატეგორიულად ვემიჯნები, ახლაც და სხვა დროსაც გავემიჯნები მსგავს უპასუხისმგებლო მოწოდებებს და ვერანაირი პარტიული კონიუნქტურა ვერ მაიძულებს, სიმართლის ნაცვლად, ტყუილი ვილაპარაკო. 

გავრილოვის ღამის მოწყობაში დამნაშავეა ივანიშვილის ხელისუფლება და მინისტრი გახარია. მელიას მოწოდება კი არის უპასუხისმგებლობა და მძიმე პოლიტიკური შეცდომა”, – წერს კახიძე და თავის მოსაზრებას ამ ციტატით ასრულებს:

“მე, თუ გინდა, თავიც მომჭრან, ტანი გახდეს გასაბერად, 

ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად.”



მოკლედ:

  • გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი წაუყენა 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • 28 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თემურ გოგოხიამ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე და მას 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
  • საქართველოს პარლამენტმა წინასწარი თანხმობა მისცა გენერალურ პროკურორს დეპუტატ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე. შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა 91 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო.
  • 20 ივნისს, რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოსვლას საქართველოს პარლამენტში  პროტესტი მოყვა. საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წელს პროპორციული სისტემით.
  • ოპოზიციის ლიდერებმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. ძირითადად პოლიციის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით დაშავდა მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიციელთა ნაწილი მიზანმიმართულად როგორ ესვრის რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს. სულ დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი.
  • დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და პროტესტს აგრძელებენ გახარიას გადადგომის მოთხოვნით, რისი მთავარი მიზეზიც აქციის დარბევაა. პროტესტის დაწყებიდან შემდეგ, “ოცნებაში“ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი