ახალი ამბები

ბარამიძე “ევროპულ საქართველოს” კახიძის განცხადებაზე განმარტებას სთხოვს

14 ივლისი, 2019 • 1436
ბარამიძე “ევროპულ საქართველოს” კახიძის განცხადებაზე განმარტებას სთხოვს

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე “ევროპულ საქართველოს” განმარტებას თხოვს პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განცხადების გამო, რომელიც ნიკა მელიას პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ეხება.

“ევროპულმა საქართველომ” უნდა გააკეთოს განმარტება, ის რაც ოთო კახიძემ ნიკა მელიას მისამართით განაცხადა, არის მისი პირადი აზრი, რასაც პარტია ასევე საჯაროდვე (იმედია) გაემიჯნება, თუ იზიარებთ, რომ ნიკა მელიამ რამე დააშავა როცა ხალხს “მშვიდობიანად” და “ხელებაწეულებს” პარლამენტის ეზოში შესვლისკენ მოუწოდა? 

რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ამ მნიშვნელოვან ფაზაში ეს ძალიან პრინციპული საკითხია, სახელმწიფო ბრალდებას ახმოვანებთ და მათ აზრს იზიარებთ, თუ ნიკას გვერდით დგახართ?”, – წერს ბარამიძე 13 ივნისს. 

13 ივნისს ოთო კახიძემ განაცხადა, რომ ნაცმოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას არ უნდა გაეკეთებინა “პროვოკაციული და სრულიად უპასუხისმგებლო მოწოდება პარლამენტის ეზოში “მშვიდობიანად შესვლის” თაობაზე”. 

ბარამიძის მოწოდების საპასუხოდ “ევროპულ საქართველოს” განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ იზიარებს კახიძის მოსაზრებას მელიას პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე. მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა ამ სამართლიან კრიტიკას უნდა შეეგუოს,  ან არ შეეგუოს და აწარმოოს ამაზე დისკუსია”. “ევროპული საქართველოს”  კიდევ ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ კი განაცხადა, რომ ჯერ ამ თემაზე დისკუსიის დრო არ არის და “ხელის გაშვერა ძალიან ცუდად გამოიყურება”. 

“ევროპული საქართველოს” პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ზემოთმოყვანილი განცხადებები პარტიის ლიდერების მოსაზრებებია და არა პარტიის. 

მასალების გადაბეჭდვის წესი