ახალი ამბები

ხელის გაშვერა ძალიან ცუდად გამოიყურება -უგულავა მელიას პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე

14 ივლისი, 2019 • 1203
ხელის გაშვერა ძალიან ცუდად გამოიყურება -უგულავა მელიას პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას 20 ივნისის განცხადებების გამო მის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე დისკუსიის დრო ჯერ არ არის და “ხელის გაშვერა” ძალიან ცუდად გამოიყურება.

საუბარია  პარტიის ერთ-ერთმა ლიდერის ოთო კახიძის 13 ივლისის განცხადებაზე, როცა მან 20 ივნისის მოვლენების განხილვის კონტექსტში ენმ-ს ლიდერ ნიკა მელიას განცხადებებს პოლიტიკურად უპასუხისმგებლო უწოდა. კახიძის განცხადებას  ენმ-ს საპასუხო რეაქცია მოყვა –  გიორგი ბარამიძემ “ევროპულ საქართველოს” მოსთხოვა დაეფიქსირებინათ ეს ოთო კახიძის პირადი განცხადება იყო, თუ პარტიის.

“სანამ ხალხისთვის 20 ივნისის ტრაგედია ჯერ ძალიან ღია ჭრილობაა, როცა მთავრობა ჯერ კუდიანებზე ნადირობს, კინკლაობა და ხელის გაშვერა ძალიან ცუდად გამოიყურება. ამ დისკუსიის დროც მოვა, მაგრამ არა ახლა”, – განაცხადა უგულავამ 14 ივლისს. 

“9 აპრილის დარბევამდე ყველაზე დიდი ოვაცია ეროვნული მოძრაობის ლიდერების დაპატიმრების მოწოდებას მოყვა. “აბა რა, ეგრე რა, მაგის გარეშე როგორ შეიძლება”- ისმის ხმები ფოფხაძის პარალელურად. 9 აპრილის შემდეგაც პირველი ოფიციალური ხაზი იყო ეროვნული მოძრაობისთვის, მათი ლიდერებისთვის, გადაბრალება. ამ მიმართულებით დისკუსიების გადატანა. აქედან დაწყებული ეგ ნაცადი ხერხი გახდა. პროტესტის მოტივისგან დამოუკიდებლად, მუდმივად იყო რუსთაველის პერიპეტიების ოპოზიციაზე გადაბრალების მცდელობები (ზოგჯერ ლეგიტიმური საფუძვლებითაც), მაგრამ არასდროს არაფერი გამოვიდა. რუსთაველზე დარბევაზე და მის მიზეზებზე საზოგადოებას ყოველთვის ერთი დამნაშავე ყავდა და ეს ხელისუფლება იყო. ახლაც ასე იქნება. პოლიტიკოსები ყველაფერზე ვკამათობთ, თუმცა სანამ ხალხისთვის 20 ივნისის ტრაგედია ჯერ ძალიან ღია ჭრილობაა, როცა მთავრობა ჯერ კუდიანებზე ნადირობს, კინკლაობა და ხელის გაშვერა ძალიან ცუდად გამოიყურება. ამ დისკუსიის დროც მოვა, მაგრამ არა ახლა”, – აცხადებს უგულავა. 

ბარამიძის მოწოდების საპასუხოდ “ევროპულ საქართველოს” განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ იზიარებს კახიძის მოსაზრებას მელიას პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე. მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა ამ სამართლიან კრიტიკას უნდა შეეგუოს,  ან არ შეეგუოს დააწარმოოს ამაზე დისკუსია”.


მოკლედ:

  • გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი წაუყენა 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • 28 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თემურ გოგოხიამ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე და მას 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
  • საქართველოს პარლამენტმა წინასწარი თანხმობა მისცა გენერალურ პროკურორს დეპუტატ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე. შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა 91 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო.
  • 20 ივნისს, რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოსვლას საქართველოს პარლამენტში  პროტესტი მოყვა. საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წელს პროპორციული სისტემით.
  • ოპოზიციის ლიდერებმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. ძირითადად პოლიციის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით დაშავდა მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიციელთა ნაწილი მიზანმიმართულად როგორ ესვრის რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს. სულ დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი.
  • დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და პროტესტს აგრძელებენ გახარიას გადადგომის მოთხოვნით, რისი მთავარი მიზეზიც აქციის დარბევაა. პროტესტის დაწყებიდან შემდეგ, “ოცნებაში“ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

მელიას არ უნდა გაეკეთებინა უპასუხისმგებლო მოწოდება პარლამენტთან “მშვიდობიანად შესვლაზე”- კახიძე 

მასალების გადაბეჭდვის წესი