ახალი ამბები

პარტიული ინტერესები რეალური კონტროლის ნაცვლად – TI-ის შეფასება პარლამენტის საქმიანობაზე

12 ივლისი, 2019 • 2045
პარტიული ინტერესები რეალური კონტროლის ნაცვლად – TI-ის შეფასება პარლამენტის საქმიანობაზე

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობა გაიზარდა, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს წინაშე კვლავ არსებობს გამოწვევები აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის განხორციელებისა და საკანონმდებლო პროცესის დახვეწის თვალსაზრისით. ამის შესახებ საუბარია პარლამენტის 2018 წლის საქმიანობის შეფასების ანგარიშში, რომელიც დღეს, 12 ივლისს გამოქვეყნდა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ორ ნაწილად წარმოადგინა პარლამენტის საქმიანობის წინაშე არსებული გამოწვევები და მიღწევები, სადაც წერია:

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აღნიშნავს, რომ გამოიკვეთა პარლამენტისა და სამოქალაქო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის პრობლემა, კერძოდ, უმრავლესობის ზოგიერთი წევრის მხრიდან აგრესიული ტონი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მიმართ. ორგანიზაციის შეფასებით, სამოქალაქო სექტორზე აგრესიული თავდასხმები და არაკონსტრუქციული დამოკიდებულება ზიანს აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ანგარიშში ასევე საუბარია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზეც, სადაც ამ პრობლემაზეც არის ყურადღება გამახვილებული.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით, პარლამენტის წინაშე არსებობს შემდეგი სახის გამოწვევები:

საპარლამენტო კონტროლი

  • მმართველი პარტია და ოპოზიცია საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებს უფრო მეტად პარტიული ინტერესებისთვის იყენებდნენ, ვიდრე რეალური კონტროლის განსახორციელებლად;
  • პარლამენტის წევრების კითხვების უმეტესობა კვლავ სტატისტიკური ინფორმაციის გამოთხოვას შეეხებოდა. პარლამენტის წევრები საპარლამენტო კონტროლის ამ მექანიზმს არ იყენებენ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ სამთავრობო პროგრამის შესრულებისა და საჯარო პოლიტიკის სხვა მნიშვნელოვანი საკითხების კონტროლისთვის;
  •  შემცირდა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშების მოსმენის მაჩვენებელი. საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტის 3 თვის შესრულების ანგარიში განიხილა 9 კომიტეტმა, 6 თვის შესრულების ანგარიში – 11-მა კომიტეტმა, 9 თვის შესრულების ანგარიში კი – მხოლოდ 3-მა კომიტეტმა);
  • ნდობის ჯგუფის შემადგენლობა საანგარიშო პერიოდშიც არასრული იყო;
  • აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ პარლამენტის კომიტეტების სხდომებს და პარლამენტს პერიოდულად წარუდგენდნენ ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ, თუმცა სხდომებს მეტწილად მინისტრების მოადგილეები და უწყებათა ხელმძღვანელები ესწრებოდნენ;
  • პარლამენტს არ განუხორციელებია მთავრობის მიერ წარდგენილი კანონშემოქმედებითი
    საქმიანობის გეგმის მონიტორინგი. პარლამენტის წევრთა ანგარიშვალდებულება და კანონით დადგენილი ვალდებულებების შესრულება;
  • საანგარიშო პერიოდშიც პარლამენტის წევრების სხდომების მუშაობაში მონაწილეობა პრობლემური საკითხი იყო. მიუხედავად იმისა, რომ შემცირდა პლენარული სხდომების საპატიო მიზეზით გაცდენის საერთო რაოდენობა, ოჯახური მდგომარეობის მიზეზით გაცდენის მაჩვენებელი კვლავ მაღალია (IX მოწვევის პარლამენტის საქმიანობის პირველ წელს დაფიქსირდა 1430 გაცდენა, 2018 წელს – 1500 გაცდენა);
  • პარლამენტის წევრებმა საანგარიშო პერიოდშიც დაარღვიეს საპარლამენტო ეთიკის ნორმები. თუმცა ამ დარღვევებს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია;
  • ზოგიერთმა პარლამენტის წევრმა არასწორად შეავსო ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. ცალკეულ შემთხვევებში მათ არ მიუთითეს კომპანიებში თავიანთი კუთვნილი წილები, 5 პარლამენტის წევრს კი იმავდროულად კომპანიის დირექტორის თანამდებობა ეკავა.

რაც შეეხება პოზიტიურ ტენდენციებს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით, ასეთია:

საკანონმდებლო პროცესი

  • შემცირდა კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნები. IX მოწვევის პარლამენტმა უფლებამოსილების ცნობის პირველ წელს 4 დაჩქარებული წესით 213 კანონპროექტი განიხილა, 2018 წელს კი – მხოლოდ 180 კანონპროექტი;
  • შემცირდა გამარტივებული წესით განხილული კანონპროექტების რაოდენობა. IX მოწვევის პარლამენტმა უფლებამოსილების ცნობის პირველ წელს გამარტივებული წესით განიხილა და მიიღო 77 კანონპროექტი, ხოლო საანგარიშო პერიოდში – 11 კანონპროექტი (9 კანონპროექტის ინიციატორები პარლამენტის წევრები იყვნენ, 2 კანონპროექტის ინიციატორი იყო მთავრობა);
  • გაიზარდა პარლამენტის კომიტეტების მიერ ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავების მაჩვენებელი (წინა წლებში 15 კომიტეტიდან მხოლოდ 7 კომიტეტს ჰქონდა პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული თავიანთი ყოველწლიური სამოქმედო გეგმები, 2018 წელს კი – უკვე 13 კომიტეტს);
  • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა და გენდერული თანასწორობის საბჭომ შეიმუშავეს კანონმდებლობის გენდერული ანალიზის მეთოდოლოგია;
  • პარლამენტმა მიიღო ახალი რეგლამენტი, რომლითაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები;
  • საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნით შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია. როგორც VIII მოწვევის პარლამენტის, ისე IX მოწვევის პარლამენტის პრაქტიკაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც უმცირესობის (ოპოზიციის) მოთხოვნით შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის 6 მოთხოვნა წარედგინა;
  • პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობის წარმომადგენელმა თავად მოითხოვა პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარდგომა, IX მოწვევის პარლამენტში მოხდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის ბიუროს მიმართა წერილით, რომელშიც განაცხადა, რომ მზად იყო, პარლამენტისთვის ანგარიში წარედგინა;
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში შეიქმნა თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომელიც ამ კომიტეტის მიერ საზედამხედველო ფუნქციის შესრულების მნიშვნელოვანი საშუალება იყო. საანგარიშო პერიოდში თემატური მოკვლევის ჯგუფმა ქალაქ თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა შეისწავლა;
  • გაიზარდა პარლამენტის წევრების კითხვების რაოდენობა და პარლამენტის წევრების აქტივობა. 2018 წელს 40 პარლამენტის წევრმა 482 კითხვა დასვა (შდრ. წინა წლის მაჩვენებელი: 25 პარლამენტის წევრმა – 182 კითხვა);
  • ოპოზიცია უფრო აქტიურად იბარებდა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებს ფრაქციის სხდომებზე. IX მოწვევის პარლამენტის საქმიანობის დაწყების წელს ოპოზიციამ ამ თანამდებობის პირებს სხდომაზე დასასწრებად 11 მოთხოვნა გაუგზავნა, 2018 წელს კი – 21 მოთხოვნა. თუმცა მიწვეული თანამდებობის პირები არცერთ სხდომაზე არ გამოცხადებულან.

ღიაობა და გამჭვირვალობა

  • პარლამენტმა მიიღო პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შეუძლიათ მარტივად გადაადგილდნენ პარლამენტის შენობაშიც და ტერიტორიაზეც მათთვის საგანგებოდ ადაპტირებულ გარემოში;
  • პარლამენტის ვებგვერდზე ქვეყნდება პლენარული სხდომების აუდიოოქმები;
  • პარლამენტმა განახორციელა თვითშეფასება, რაც საქართველოს ღია პარლამენტის 2017 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულება იყო.

ანგარიში სრულად ნახეთ ბმულზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი