ახალი ამბები

26 მაისი სადამსჯელო ღონისძიება იყო, 20 ივნისი – მოგერიება: გახარია

11 ივლისი, 2019 • 848
26 მაისი სადამსჯელო ღონისძიება იყო, 20 ივნისი – მოგერიება: გახარია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, 2011 წლის 26 მაისსა და 2019 წლის 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენების შედარება არარელევანტურია. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში განაცხადა.

გადაცემა “რეაქციის” წამყვანმა მას ჰკითხა, ხომ არ ფიქრობს, რომ ერთ დღეს, შესაძლოა, ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ადგილას აღმოჩნდეს, რომელიც 26 მაისს აქციის დარბევის საქმეზე იხდის სასჯელს. გახარიამ აღნიშნულს ასე უპასუხა:

“ჩემი შეფასებით, ის იყო სადამსჯელო ღონისძიება მშვიდობიანი აქციის მიმართ, როდესაც ევაკუაციის გზებიც კი იყო გადაკეტილი დ აღარ გავაგრძელებ მე ახლა აქ არარელევანტურ შედარებას. აქ ჩვენ საქმე გვაქვს, როდესაც პირდაპირ ეთერში ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე ხედავდა, როგორ ესხმოდნენ თავს ჯგუფურად, ორგანიზებულად, როგორ ართმევდნენ ფარებს, როგორ იტაცებდნენ მასაში პოლიციელებს და თქვენ ამაზე ტოლობის ნიშანს ატარებთ 26 მაისთან. სწორედ ამაშია სხვაობა. ეს იყო მოგერიების ღონისძიება შტურმის სახელმწიფოს ინსტიტუტის, მოქალაქეების, პოლიციელების სიცოცხლის დასაცავად, სამწუხაროდ, მძიმე შედეგებით”.


რა მოხდა

19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელიც აღნიშნულ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო.

20 ივნიის თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წელს პროპორციული სისტემით.

ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. არაერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ძირითადად პოლიციის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით დაშავდა მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიციელთა ნაწილი მიზანმიმართულად როგორ ესვრის რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს. სულ დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და პროტესტს აგრძელებენ გახარიას გადადგომის მოთხოვნით, რისი მთავარი მიზეზიც აქციის დარბევაა. პროტესტის დაწყებიდან შემდეგ, “ოცნებაში“ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი