ახალი ამბები

მტრები და მე-5 კოლონა აქციის მონაწილეებისთვის არ მიწოდებია – ზოიძე

10 ივლისი, 2019 • 2163
მტრები და მე-5 კოლონა აქციის მონაწილეებისთვის არ მიწოდებია – ზოიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ეპითეტები: “მტრები და მეხუთე კოლონა”, რომელიც ტვ პირველის ეთერში, ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემაში გამოიყენა, რუსთაველზე “სირცხვილიას” აქციის მონაწილეებს არ ეხება.

ნინო ჟიჟილაშვილმა მას კითხვა სალომე ზურაბიშვილის კომენტარის თაობაზე დაუსვა, რომლითაც პრეზიდენტმა რუსეთის მთავრობას მოუწოდა, არ აჰყვეს ესკალაციას. 

ზურაბიშვილის კომენტარის სანახავად - დააკლიკეთ აქ
პარადოქსი იქნება, თუ მეზობელი ქვეყანა, მისივე დახასიათებით, რადიკალური ძალებისგან წამოწყებულ პროვოცირებას უპასუხებს და ამით მათ დესტრუქციულ მიზნებს შეუწყობს ხელს. აქევე ხაზი უნდა გავუსვა იმასაც, რომ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა არის ერთადერთი გზა ქვეყანაში და რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

“როდესაც გუშინ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ პრეზიდენტი ძალიან კატეგორიული იყო და დღეს [პუტინის ბრალდებებზე ოკუპაციისა და გენოციდის შესახებ] საერთოდ განცხადება არ გააკეთა, ეს რას ნიშნავს? – ჰკითხა ჟიჟილაშვილმა ზოიძეს, რომელმაც თქვა:

“იცით, რა, არანაირი საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ესენი არიან მტრები და მეხუთე კოლონა. ეგ არის, რომ თავზე ხელს ვუსვამთ, ვითომ მოქალაქეები, რა მოქალაქეები? რისი გულისთვის აკეთებენ ამას ,ამიხსენით? გვაკარგინებენ უპირატესობას, რომელიც გვაქვს”, – განაცხადა ზოიძემ.

ნინო ჟიჟილაშვილმა დააკონკრეტა, რომ იმ ახალგაზრდებზე ლაპარაკობდა, რომლებიც ახლა პარლამენტის წინ  დგანან:

“რომ დგანან, ვინ? ისევ ნაციონალური მოძრაობა? ნაწილი მათგან თუ ის… კი, იქ არიან ახალგარზდები, რომლებიც თვლიან, რომ გახარიას გადადგომა მთავარია”, – განაცხადა ზოიძემ.

მოგვიანებით კაკი ზოიძემ ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, რომ მეხუთე კოლონა ენმ-ს უწოდა და არა აქციის მონაწილეებს, რომლებიც გახარიას გადადგომას ითხოვენ. თუმცა მას ჟიჟილაშვილმა დაუკონკრეტა, რომ მომიტინგეებზე ესაუბრებოდა და არა პოლიტიკურ ოპონენტებზე. ამ ნაწილს პარლამენტარი ასე განმარტავს:

“აქციის მონაწილეებზე მკითხა ჟიჟილაშვილმა და ვუთხარი, არიან ნაციონალები და არიან ახალგაზრდები, რომლებსაც გულწრფელად უნდათ გახარიას გადადგომა-მეთქი, ორი ნაწილია იქ. თუ რამე ჩაიკარგა, არ ვიცი და აქციის მონაწილეებზე ეგ არ მითქვამს”, – ამბობს ზოიძე.

ზოიძის კომენტარი გააკრიტიკეს “სირცხვილიას” აქციის ორგანიზატორებმა. შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, გადმოცემით იცის, რომ ზოიძემ, რომელიც ნათელ წერტილად მიიჩნეოდა ოცნებაში, მათ უწოდა ქვეყნის მტრები და მეხუთე კოლონა.

“მინდა, რომ საარჩევნო ყუთთან ეს გახსოვდეთ”, – მიმართა დიღმელაშვილმა მომიტინგეებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი