ახალი ამბები

იკვეთება მარნეულელი პაციენტის 1700-მდე პირდაპირი და ირიბი კონტაქტი – ზოიძე

23 მარტი, 2020 • 1753
იკვეთება მარნეულელი პაციენტის 1700-მდე პირდაპირი და ირიბი კონტაქტი – ზოიძე

ჯანდაცვის ექსპერტ აკაკი ზოიძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული მარნეულელი პაციენტის უშუალო და ირიბი კონტაქტების რაოდენობა 1 700-მდეა. ამის შესახებ ზოიძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

როგორც ზოიძემ აღნიშნა, ამ პაციენტს პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა 90-მდე პირთან, ამ 90-ს კი, თავის მხრივ, 1 700-მდე ადამიანთან.

“ყველას გამოკვლევა და შემდგომში იზოლაცია იქნება საჭირო. მხოლოდ ტესტირებას აზრი არ აქვს, თუ შესაბამისი ზომები არ იქნება მიღებული”, – განაცხადა ზოიძემ.


23 მარტის 16 საათის ინფორმაციით, საქართველოში დღემდე კორონავირუსი 54 ადამიანს დაუდგინდა, მათგან 8 გამოჯანმრთელდა, 3 ათასზე მეტი პირი კარანტინშია მოთავსებული, 230-ზე მეტი კი – ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. უკვე 23 მარტს კი ხელისუფლებამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ამ რეგიონში მცხოვრებ ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდგინდა, ვირუსის დადგენამდე კი მას ათეულობით ადამიანთან ჰქონდა შეხება.

მასალების გადაბეჭდვის წესი