თბილისში, პარლამენტის შენობასთან 7 ივლისის საღამოს კვლავ განახლდა აქცია, რომელიც 20 ივნისის შემდეგ ყოველ საღამოს იმართება. დღეს, ანტისაოკუპაციო აქციების დაწყებიდან მე-18 დღეს, რუსთაველზე შეკრებილ საზოგადოებას პოეტმა რატი ამაღლობელმა მიმართა:
„იმ გულწრფელმა იმპულსმა, რომელიც თქვენგან წამოვიდა, დაიცვა სახელმწიფოებრივი ღირსება – ის, რაც თავად სახელმწიფომ ვერ დაიცვა 20 ივნისს. ეს არის მნიშვნელოვანი ერთობა, რომელსაც, ვფიქრობ, დიდი მომავალი აქვს საქართველოს უახლეს დღეებში“.
რატი ამაღლობელი შეეხო მწერალთა სახლისა და წიგნის ეროვნული ცენტრის გაუქმებას: „ეს ორგანიზაციები შეიქმნა დამოუკიდებელი ქართული ლიტერატურის დიდი გამოცდილების მიღების შემდეგ. ექსპერტებთან, გამომცემლებან, მთარგმნელებთან ერთად ის ეხმიანებოდა მსოფლიო ლიტერატურულ პროცესებს და ძალიან ღირსეულად წარსდგა 2018 წელს ფრანკფურტში. რითაც ჩვენ ვამაყობთ, ქართული ლიტერატურა, ეკონომიკისგან, პოლიტიკისგან განსხვავებით, თანასწორი იყო მსოფლიო, ევროპული ლიტერატურას.
ეროვნული მოძრაობა დაიწყო რუსიფიკაციის წინააღმდეგ, ილია ჭავჭავაძე ასპარეზზე გამოვიდა რუსიფიკაციის წინააღმდეგ, ქართული ენის გადარჩენის ინიციატივით და უმთავრეს გეგმა, რომელიც მან განახორციელა, იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება.
ეროვნული მოძრაობა და სახელმწიფოებრიობის იდეა ინახებოდა ქართულ ლიტერატურაში და აი იმ მძიმე წლების განმავლობაში, რომელსაც ჩვენ ვეძახით უძრაობის წლებს, ყველაზე დიდი დარტყმა სწორედ ამ ინსტიტუციებმა მიიღეს, რადგან ესენი იყვნენ თავისუფალნი ყოველგვარი კომფრომიზმისა და საბჭოთა ნომენკლატურის თამაშის წესებისგან. ისინი ამ დახურვით უბრუნდებიან იმ წარსულს, სადაც ლიტერატურა იგეგმებოდა ცეკას იდეოლოგიურ კაბინეტებში და არა ქართველი მწერლების საწერ მაგიდებზე“.
https://www.facebook.com/netgazeti/videos/2400121300313729/?v=2400121300313729