რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენელი, ორგანიზაციის “ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომია რუსეთში” პრეზიდენტი გიორგი წურწუმია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ღია წერილს უგზავნის და თბილისში განვითარებული მოვლენების გამო რუსეთისთვის ბოდიშის მოხდაზე მიანიშნებს.
როგორც წურწუმია წერილში წერს, პოლიტიკურმა კონფლიქტმა რუსეთსა და საქართველოს შორის ათასობით ადამიანი მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა და ეს არის დარტყმა ქართული დიასპორისთვის რუსეთში.
“პოლიტიკოსების წინააღმდეგობა ნამდვილი ადამიანური მსხვერპლით შემოგვიტრიალდება. მე სამოქალაქო პირი ვარ და არ ვფლობ საკმარის ინფორაციას, რომ განვსაჯო, ვინ მართლია და ვინ – მტყუანი, მაგრამ მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ პასუხისმგებლობა ყოველთვის ეკისრება გადაწყვეტილების მიმღებს, რომელიც ეპატიჟება სტუმარს და მას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევს. ყოვლეთვის ასე იყო საერთშორისო დიპლომატიაში, ქართულ კულტურაში და ჩვეულებრივ ადამიანურ ურთიერთობებშიც”, – წერს წურწუმია.
მისი აზრით, კონფლიქტის თავიდან აცილება მხოლოდ რუსეთის და საქართველოს პოლიტიკოსებს შეუძლიათ, ამისთვის კი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომაა საჭირო.
“მოგმართავ ქალბატონო პრეზიდენტო, პოლიტიკურ პარტიებს და ოპოზიციის წარმომადგენლებს, საქართველო უდიდესი მართლმადიდებელი ქვეყანაა, არაერთი კულტურის საერთო სახლი – მან უნდა აჩვენოს მთელ მსოფლიოს მორალური საწყისი პოლიტიკაში. არაფერია უფრო ღირსეული პოლიტიკოსისთვის, ვიდრე ადამიანის ცხოვრებაზე ზრუნვა, ქართველი იქნება ის, რუსი თუ სხვა ეროვნების.
ღირს კი მობოდიშება ადამიანის სიცოცხლისთვის?” – მიმართავს წურწუმია საქართველოს პრეზიდენტს.
ანტისაოკუპაციო გამოსვლები 19 ივნისს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მიზნით თბილისში რუსი დეპუტატების ვიზიტს მოჰყვა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელმაც 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში შეკრებილებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსულ ენაზე მიმართა. გენერალური ასამბლეის სხდომა მას შემდეგ ჩაიშალა, რაც “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმოამდგენლება სპიკერატი დაიკავეს და ასამბლეას მუშაობის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.
ამავდროულად, პარლამენტის შენობასთან დაიწყო საპროტესტო აქცია, სადაც საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ. პოლიციამ აქცია ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.
დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი. ადმინისტრაციული წესით დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გადაწყდა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, თუმცა აქციები მაინც არ წყდება და მინისტრი გახარიას გადადგომის მოთხოვნით გრძელდება.