ახალი ამბები

გახარია: პრემიერს არ შეიძლება სცოდნოდა, რა ხდებოდა იმ კონკრეტულ მომენტში

27 ივნისი, 2019 • 905
გახარია: პრემიერს არ შეიძლება სცოდნოდა, რა ხდებოდა იმ კონკრეტულ მომენტში

კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ თქვა პრემიერ-მინისტრმა 20 ივნისის აქციის დარბევამდე რამდენიმე წუთით ადრე, რომ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი “ქართული ოცნების” ხელწერა არაა, გიორგი გახარია ამბობს, რომ პრემიერს “ვერ და არ შეიძლებოდა სცოდნოდა, იმ კონკრეტულ მომენტში რა ხდებოდა”:

“პრემიერს ვერ და არ შეიძლებოდა სცოდნოდა, რა ხდებოდა იმ კონკრეტულ მომენტში, კონკრეტული დაპირისპირების წერტილებში. მას, რა თქმა უნდა, არ ჰქონდა ასეთი სურვილი და ეს არ არის ხელწერა, მაგრამ როდესაც სამართალდამცავ სისტემაზე და კონკრეტულ ადამიანებზე შტურიმის სახით მათ სიცოცხლეს აყენებენ საფრთხის ქვეშ, მათ აქვთ შესაბამისი ინსტრუქციები და ვალდებულება, მათ აქვთ ვალდებლება დაიცვან როგორც თავისი, ასევე, კოლეგის და მოქალაქის სიცოცხლე”, – ამბობს გახარია.

20 ივნისს, დარბევის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ რეზინის ტყვიების და ცრემლსადენი გაზის გამოყენება “ქართული ოცნების” ხელწერა არაა.

ბახტაძის თქმით, რეზინის ტყვიების და გაზის გამოყენება “ოცნების” ხელწერა არასდროს იქნება

20 ივნისს პოლიციამ ძალით,  ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით დაშალა დემონსტრანტები. შედეგად,  დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი, რამდენიმე მოქალაქეს ურთულესი ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

დააკავეს 305 პირი. არსებობს ცნობები, რომ მათი ნაწილი სცემეს როგორც დაკავებამდე, ასევე დაკავების შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი