ახალი ამბები

პატიმარი ქალი ამბობს, რომ ანტისაოკუპაციო აქციების მხარდასაჭერად შიმშილობა დაიწყო

25 ივნისი, 2019 • 980
პატიმარი ქალი ამბობს, რომ ანტისაოკუპაციო აქციების მხარდასაჭერად შიმშილობა დაიწყო

“ნეტგაზეთს” დაუკავშირდა მსჯავრდებული თამარ ტალიკაძე, რომელმაც გვითხრა, რომ 20 ივნისს ქვეყანაში დაწყებული ანტისაოკუპაციო აქციებისა და აქციის დარბევისას დაშავებული ახალგაზრდების სოლიდარობის ნიშნად შიმშილობს.

ტალიკაძემ შიმშილობა 24 ივნისს გამოაცხადა. ის სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის 2007 წლიდან იხდის. როგორც თავად ამბობს, დანაშაული არ უღიარება, მის საქმეში იყო გარკვეული ხარვეზები და საქმის გადასინჯვას ამ დრომდე მოითხოვს. მსჯავრდებულის თქმით,  აქამდეც არაერთხელ გამოუცხადებია შიმშილობა.

“ამ ეტაპზე შიმშილობის აქცია გამოვაცხადე გუშინ, რითაც გამოვხატე ჩემი პროტესტი “არა ოკუპაციას, არა ძალადობას”. თანადგომა გამოვუცხადე იმ ახალგაზრდებს, რომლებიც აპროტესტებენ 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს. სრულად ვიზიარებ მათ მოთხოვნებს, ვუერთდები მათ. აგრეთვე ვუერთდები რუსთაველზე დაწყებულ შიმშილობის აქციას”, – უთხრა თამარ ტალიკაძემ ნეტგაზეთს.

მისივე თქმით, საქმის კურსში ჩაყენებულია როგორც ციხის ადმინისტრაცია, ისე – სახალხო დამცველი.

“ძალიან ბევრი ჟურნალისტი დაზიანდა აქციის დარბევისას, რაც ჩემს აღშფოთებას იწვევს და მე მინდა ვისურვო, ასეთი რამ აღარ მოხდეს საქართველოში. 1989 წლის 9 აპრილს ძალიან ახალგაზრდა ვიდექი რუსთაველზე და არ მინდოდა, 30 წლის შემდეგაც ვყოფილიყავით ისეთ სიტუაციაში, რომ ოკუპანტი გვებრძვის, არ მინდოდა მსგავსი რამ მომხდარიყო”, – უთხრა ნეტგაზეთს ტალიკაძემ. მის ინტერესებს “ადამიანის უფლებათა ცენტრი” იცავს.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა პენიტენციურ სამსახურს, სადაც დაადასტურეს პატიმრის შიმშილობის ფაქტი. უწყების ცნობით, ის პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ნაწილშია მოთავსებული და მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.


რა მოხდა

საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით,  დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი. 25 ივნისის მდგომარეობით კომაშია ორი პირი.

5 დემონსტრანტი: ვიშიმშილებთ, სანამ აქციის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი