ახალი ამბები

5 დემონსტრანტი: ვიშიმშილებთ, სანამ აქციის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ

23 ივნისი, 2019 • 1335
5 დემონსტრანტი: ვიშიმშილებთ, სანამ აქციის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ

ხუთი დემონსტრანტი, რომელიც მეოთხე დღეა, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზეა, აცხადებს, რომ შიმშილობას იწყებენ.

„ნეტგაზეთთან“ საუბარში ერთ-ერთი მათგანი, გიგა ლემონჯავა ამბობს, რომ მან და მისმა თანამოაზრეებმა შიმშილობა დაიწყეს. მისი თქმით, 5 აქტივისტი იშიმშილებს მანამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

მოშიმშილე აქტივისტები, როგორც აქციის სხვა მონაწილეები, ითხოვენ, რომ გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, დაინიშნოს პროპორციული არჩევნები, გათავისუფლდნენ 20 ივნისს დაკავებულები, ხოლო პოლიციელები, რომლებმაც 20 ივნისს ფიზიკური ზიანი მიაყენეს მოქალაქეებს, პასუხისგებაში მიეცნენ.


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით,  დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი.

ოფიციალური ცნობით, დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თუმცა აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და ითხოვენ როგორც შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ისე – საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით და 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულების გათავისუფლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი