ახალი ამბები

არის დესტაბილიზაციის მცდელობები და ფრთხილად უნდა ვიყოთ — ზურაბიშვილი

23 ივნისი, 2019 • 760
არის დესტაბილიზაციის მცდელობები და ფრთხილად უნდა ვიყოთ — ზურაბიშვილი

„ვფიქრობ, რომ როგორც სხვა ბევრ ქვეყანაში, ამ ქვეყანაშიც არის მცდელობები დესტაბილიზაციისა და ეს არის ის, რასთანაც ფრთხილად უნდა ვიყოთ. ასეთ ქვეყანაში ძალიან ადვილია, ითამაშო მოსახლეობის გრძნობებზე და მათი აჟიტირება მოახდინო“, — განაცახდა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას.

ეს ზურაბიშვლმა 22 ივნისს განუცხადა „ევრონიუსის“ კითხვაზე, შეეძლო თუ არა, აეხსნა, რას გულისხმობდა, როდესაც თქვა, რომ მოსკოვია დამნაშავე თბილისში დაძაბულობის შექმნაში, კერძოდ კი „მოსკოვის მეხუთე კოლონა“.

ზურაბიშვილმა ასევე თქვა: „მოსახლეობის რეაქცია ძალიან ბუნებრივია, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით… რაც ამ ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება, სიწყნარე და შინა სტაბილურობაა, რადგან ეს არის ჩვენი ნამდვილი ძალა. არსებობს პოლიტიკური პრობლემა რუსეთთან და ყველა იმედოვნებს, რომ ეს ერთ დღესაც მოგვარდება, მაგრამ პარალელურად საქართველო ვითარდება, საქართველოს აქვს საკუთარი გზა ევროკავშირისკენ და ეს არის უფრო მნიშვნელოვანი“.

რა მოხდა?

საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თუმცა აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და ითხოვენ როგორც შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ისე – საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით და 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულების გათავისუფლეას.

19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელიც აღნიშნილ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო.

რა მოხდა — ვრცლად

20 ივნიის თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წელს პროპორციული სისტემით.

ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. არაერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ძირითადად პოლიციის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით დაშავდა მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიციელთა ნაწილი მიზანმიმართულად როგორ ესვრის რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს. სულ დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და პროტესტს აგრძელებენ. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბრძოლა უნდა გააგრძელონ პოლიტიკოსების გარეშე.

თბილისში მიმდინარე მოვლენები “ანტირუსულ პროვოკაციად” შეაფასა რუსეთის ხელისუფლებამ და საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლას აუქმებს, ასევე, რუსეთის დუმის დეპუტატები მოქალაქეებს ქართული პროდუქციისა და კურორტების ბოიკოტისკენ მოუწოდებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი