ახალი ამბები

აქციის დარბევისას, სულ მცირე, 12 ჟურნალისტია დაშავებული – მათი ნაწილი სახის არეში

21 ივნისი, 2019 • 3437
აქციის დარბევისას, სულ მცირე, 12 ჟურნალისტია დაშავებული – მათი ნაწილი სახის არეში

ყოველ წუთს იზრდება იმ ჟურნალისტების რიცხვი, რომლებიც აქციის დარბევისას თბილისში, პარლამენტთან დაშავდნენ პოლიციისგან ნასროლი რეზინის ტყვიებით.

სპეცრაზმელების რეზინის ტყვიები მოხვდათ On.ge-ს რედაქტორს გელა ბოჩიკაშვილსა და ნეტგაზეთის რედაქტორს დათო ქოქოშვილს. რეზინის ტყვიები ორივე მათგანს თავისა და ყელის არეში მოხვდათ და მნიშვნელოვანი დაზიანება არ მიუღიათ.

რეზინის ტყვია თავისა და მკლავის არეში მოხვდა რუსთავი 2-ის ჟურნალისტ თამარ ბაღაშვილს, ასევე ოპერტორ ლევან მელიქიძეს. სახის არეში მოხვდა რეზინის ტყვია პირველი არხის ოპერატორს. რეზინის ტყვიებით დაზიანებები მიიღეს ტვ პირველის ოპერატორმა. ასევე, რეზინის ტყვიები მოხვდა On.ge-ს ორ ჟურნალისტს ანა ვახტანგაძესა და გვანცა ნემსაძეს, OC media-ს რედაქტორს მარი ნიკურაძეს, Civil.ge-ს ფოტოგრაფს გურამ მურადოვს, ინტერპრესნიუსის ჟურნალისტს თორნიკე კოშკაძეს. მათ ნაწილს ექიმების დახმარება დასჭირდა. პროფესიული მოვალეობისას დაშავდა “კავკაზსკი უზელის” ჟურნალისტი ბესლან კმუზოვიც.

აქციის დარბევისას სამართალდამცავებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ნეტგაზეთის ჟურნალისტ გიორგი დიასამიძესაც. ის ამჟამად უსაფრთხოდ არის.


რა მოხდა

პარლამენტთან უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს მრავალათასიანი  აქცია. აქციის მონაწილეები ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომას, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსულ დელეგაციას სწორედ ის ხელმძღვანელობდა. ღონისძიება ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი სასახლე) 19 ივნისს გაიხსნა და მასში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიღო.

მთავარ ფოტოზე: დაშავებული ფოტოგრაფი გურამ მურადოვი. ფოტო მისივე ფეისბუკის გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი