ახალი ამბები

ნეტგაზეთის ჟურნალისტს პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

21 ივნისი, 2019 • 2607
ნეტგაზეთის ჟურნალისტს პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ნეტგაზეთის ჟურნალისტ გიორგი დიასამიძეს, რომელიც პარლამენტის მიმდენარე ტერიტორიაზე აქციის დარბევას აშუქებდა, სამართალდამცავებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

დიასამიძე ინციდენტის დროს პირდაპირ ეთერში გადასცემდა ამბებს.

“პარლამენტის მთავარ შესასვლელთან ვიდექი, რა დროსაც ახლოს დავარდა ცრემლსადენი გაზი და გაუსაძლისი იყო სუნთქვა. ამ დროს ერთმა სპეცრაზმელმა შემიყვანა პარლამენტის შიდა ეზოში. პირდაპირ ეთერს ვასრულებდი, რა დროსაც რამდენიმე პოლიციელი მომვარდა და გინებითა და წიხლების დარტყმით გამომაგდეს გარეთ”, – ინციდენტს ასე იხსენებს დიასამიძე. მას დააგდებინეს ტელეფონიც, რომლითაც მოვლენებს აშუქებდა. ჟურნალისტი ამჟამად უსაფრთხოდ არის.

მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა გაუფრთხილებლად დაიწყეს აქციის მონაწილეთა დარბევა, არაერთი ადამიანი დაშავდა, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჩვენთვის უცნობია. დაშავებულებს ვიზუალურად ეტყობათ დაზიანებები. ადგილზე მუშაობა ცრემსლადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამო გარუსაძლისია მედიისთვისაც.

გიორგი დიასამიძის პირდაპირი ეთერის სრული ჩანაწერი:

პირდაპირი ეთერის ბოლო ნაწილი, სადაც პოლიცია ჟურნალისტს თავს დაესხა:


პარლამენტთან უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს მრავალათასიანი  აქცია. აქციის მონაწილეები ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომას, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსულ დელეგაციას სწორედ ის ხელმძღვანელობდა. ღონისძიება ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი სასახლე) 19 ივნისს გაიხსნა და მასში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი