ახალი ამბები

აქციის გაშუქებისას დაშავდნენ On.ge-ს ჟურნალისტებიც

21 ივნისი, 2019 • 1104
აქციის გაშუქებისას დაშავდნენ On.ge-ს ჟურნალისტებიც

თბილისში პარლამენტთან აქციის დარბევის გაშუქებისას დაშავდნენ მედიასაშუალება On.ge-ს ჟურნალისტები ანა ვახტაგაძე და გვანცა ნემსაძე. როგორც ჟურნალისტებმა ნეტგაზეთს უთხრეს, მათ რეზინის ტყვიები მოხვდათ. ანა ვახტანგაძეს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გაუწია პირველადი დახმარება, თუმცა მისი საავადმყოფოში გადაყვანა არ გახდა საჭირო.

გარდა On.ge-ს ჟურნალისტებისა, აქციის გაშუქებისას დაშავდნენ სხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებიც. როგორც პირველი არხი იტყობინება, მათ ოპერატორს რეზინის ტყვია, სავარაუდოდ, სახის არეში მოხვდა და ის ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. საავადმყოფოში გადაჰყავთ რუსთავი 2-ის ოპერატორიც. როგორც ტვ პირველი იტყობინება, რეზინის ტყვია მოხვდა მათ ოპერატორსაც, რომელიც მოვლენებს აშუქებდა.

აქციის დარბევისას სამართალდამცავებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ნეტგაზეთის ჟურნალისტ გიორგი დიასამიძესაც. ის ამჟამად უსაფრთხოდ არის.


რა მოხდა

პარლამენტთან უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს მრავალათასიანი  აქცია. აქციის მონაწილეები ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომას, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსულ დელეგაციას სწორედ ის ხელმძღვანელობდა. ღონისძიება ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი სასახლე) 19 ივნისს გაიხსნა და მასში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი